რამდენი უნდა იყოს საქართველოში ფეხბურთელის მინიმალური და მაქსიმალური ხელფასი

AutoSharing Option
მარტი საქართველოში უეფას სამიტით დაიწყო და ახლა კიდევ ერთი საინტერესო საფეხბურთო ფორუმი შედგა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, თბილისში ევროპული პროფესიული ფეხბურთის სოციალური დიალოგის საგანგებო კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ - უეფას, ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA), ევროპული პროფესიული ლიგების გაერთიანებისა (EPFL) და პროფესიონალ ფეხბურთელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ევროპის ქვედანაყოფის (FIFPro Europe) წარმომადგენლები.

სასტუმრო "ჰუალინგში" გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წარმოადგენდნენ გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერი ბაქარ ჟორდანია, იურიდიული განყოფილების წარმომადგენლები; მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა
ასოციაციის, უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელები და ფეხბურთელები.

უეფას წარმომადგენელმა ანჯელო რიგოპოლუსმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ უკვე დაწყებული პროექტების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება, პროგრამა "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტის" როლი აღნიშნა და ფეხბურთის ფედერაციას UEFA GROW სამიტის წარმატებული მასპინძლობა მიულოცა. თუმცა, ცხადია, ფორუმის მთავარი თემა სხვა საკითხი იყო - პროფესიონალი ფეხბურთელების კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე არსებული ვითარება განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. რიგოპოლუსმა ფეხბურთელთა უფლებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და გათვალისწინებული საკითხების პრაქტიკაში დანერგვის საჭიროება აღნიშნა.

საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი, ევროპას რომ მიუახლოვდეს. 2014 წელს სფფ-მ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მინიმალურ საკონტრაქტო ვადად, 6 თვის ნაცვლად, ერთი წელი დაადგინა. მაგრამ კლუბების, მათ მიერ დაქირავებული ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის ურთიერთობა ჯერ კიდევ ქვის ხანის პერიოდშია და საამისოდ ბევრი რამაა გამოსასწორებელი.

სხვათა შორის, 2014 წელს სფფ-ის ყოფილი იურისტის, კესო ჩხიკვაძის ინიციატივა იყო, რომ მინიმალურ ვადებთან ერთად, ფეხბურთელთა მინიმალური ხელფასის ზღვარიც დაწესებულიყო, მაგრამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. მაგალითისთვის, ბელგიაში ლეგიონერმა წელიწადში, მინიმუმ, 90 ათასი ევრო უნდა მიიღოს, ჰოლანდიაში - 21 წელს ზემოთ მოთამაშემ - 360 ათასი ევრო, ამერიკულ მეიჯორლიგაში (MLS) - 250 ათასი დოლარი...

ამ აზრს მალხაზ მუსერიძე იზიარებს. ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი დარწმუნებულია, რომ მსგავსი რეგულაცია ქართული ლიგის პრესტიჟს წაადგება.

"მინიმალური ხელფასი ქვეყნის კანონმდებლობიდანაც უნდა მოდიოდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ქართულ ლიგაში მისი დაწესება აუცილებელია.

საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროფესიონალების ლიგაა და არა - მოყვარულების. პროფესიონალებს კი მინიმალური ხელფასი უნდა ჰქონდეთ. ეს ყველა ნორმალურ ქვეყანასა და ლიგაშია მიღებული. მაგალითად, შარშან კიევის "დინამოზე" ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომ 19-წლამდელთა გუნდში მინიმალური ხელფასი 300 დოლარი იყო. ცხადია, ეს თანხა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ისიც გასაგებია, რომ ევროპელებს, თუნდაც იმავე უკრაინელებს, ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს.

სირცხვილია, ფეხბურთელი უმაღლეს ლიგაში თამაშობდეს და 300-400 ლარს იღებდეს. ეს ჩემპიონატსა და მის სახელს ძალიან აკნინებს", - ამბობს მუსერიძე.

ის მიიჩნევს, რომ ზღვარი ასაკობრივ სხვაობასაც უნდა გულისხმობდეს:

"მსგავსი კრიტერიუმის შედგენისას, განსხვავება აუცილებელია. მაგალითად, მიმაჩნია, რომ 19 ან 20 წლამდე ფეხბურთელს მინიმუმ 800 ლარი უნდა ჰქონდეს, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ამ პროფესიაში შემდეგაც სურს ყოფნა და რომ მისი მინიმალური მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ამის შემდეგ მინიმალური ხელფასი 1200-1500 ლარი უნდა იყოს".

არა მხოლოდ მინიმალური
ამავე დროს, მუსერიძე დარწმუნებულია, რომ სხვა ზღვარიც აუცილებელია:

"ჩემი აზრით, მინიმალურ ხელფასზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს მაქსიმალური ზღვრის დაწესებასაც. აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის საფეხბურთო და, ზოგადად, ეროვნული ნაკრების ინტერესები.

რას ვგულისხმობ? საქართველოს ჩემპიონატის დონისა და მოთამაშის პერსპექტივის გათვალისწინებით, აქ მაღალი ხელფასის დაწესება გაუმართლებელია. მაგალითად, 10 და 20 ათასი ლარი აქ მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს ზღვარი 5 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მდიდარი ფეხბურთელი არ გვჭირდება, უბრალოდ, რეალობას თვალი გავუსწოროთ - საქართველოში ფეხბურთელს მაღალი ხელფასი რომ აქვს (მაგალითად, 10 ათასი ლარი), კარიერული წინსვლის სურვილი უქრება. ის ფიქრობს, რატომ უნდა წავიდეს რომელიმე ძლიერ ევროპულ ლიგაში გასინჯვაზე, როდესაც აქ თავს კარგად გრძნობს, უფრო მაღალ დონეზე თამაშისა და წინააღმდეგობის დაძლევის სურვილი უქრება.

ასეთი დამოკიდებულება გახდა ბევრი მოთამაშის სტაგნაციის და შემდეგ "ჩაქრობის" მიზეზი, არსებულს კმაყოფილდებიან და მეტზე აღარ ზრუნავენ. მაქსიმალური ზღვრის დაწესება კი უკეთესი ცხოვრებისეული პირობების სურვილსაც გაუჩენს და ეს მის საფეხბურთო მიზნებზეც აისახება. ასეთი მიდგომა კი ნაკრების ინტერესშია და ქართველ ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა შეეცდება, ძლიერ ევროპულ ლიგაში წავიდეს და პროფესიულ სრულყოფას მიაღწიოს.

სხვათა შორის, მსგავსი დამოკიდებულება ავსტრალიელებს აქვთ. მათ იციან, რომ იქაური ლიგა ევროპულ ტოპ-ლიგებს ვერასოდეს გაუთანაბრდება და ფეხბურთელთა მაქსიმალური წლიური ხელფასის ზღვრად 150 ათასი დოლარი დააწესეს".

მუსერიძის აზრით, გამონაკლისი მხოლოდ კვოტით უნდა არსებობდეს:

"ძლიერი მოთამაშის აყვანის სურვილს ვერავის წაართმევ. გამომდინარე აქედან, ყველა გუნდში უნდა არსებობდეს 3-კაციანი კვოტა, რომელსაც მაქსიმალური სახელფასო ზღვარი არ შეეხება. ასე კლუბი უცხოეთიდან გამოცდილ ვეტერანს ან სასურველ ლეგიონერს ჩამოიყვანს.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩემი ვარიანტი ბევრისთვის საკამათო იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი "გაშალაშინება" და ოპტიმალური მოდელის დანერგვა ქართულ ლიგას წაადგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაქვს პროექტი, როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები ფეხბურთში, მაგრამ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ იმ პროექტიდან ვერავინ "მოტეხავს" ფულს, და ყველა თეთრი ზუსტად მოხმარდება კლუბებს. სახელმწიფო, მხოლოდ ირიბად დაეხმარება, ერთი კანონია მისაღები და გპირდებით 5 წელში საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მიაღწევს
tamazino
17 აპრილი 2017 17:12
0
ხალხს 10 ლარიანი წამლის ყიდვა არ შეუძლია და ამ ოფოფებს უნდა მიცენ მაღალი ხელფასები? ისე თუ აუცილებელია არაფრის გამკეთებელი მაგრამ მდიდარი ფეხბურთელები მაშინ ათამაშონ ჩვენი დეპუტატები
მურთაზი
19 მარტი 2017 16:58
0
მარაზმში ვცხოვრობთ, რაც სახელმწიფოა ის შეხედულებები და აზროვნებაა. ამ კაცმა ერთი თავის თავს ჰკითხოს საიდან უნდა მოიტანონ კლუბებმა ეს მინიმალური ხელფასი, როდესაც ხალხი სტადიონზე არ დადის და ფეხბურთისადმი ბიზნესის ინტერესი და კომერციალიზაცია ნულის ტოლია. შეეშვით რა ამ უაზრო სოციალური იდეების ფრქვევას და გაიგეთ რომ დღეს ყველაფერს არეგულირებს ბაზარი და კონკურენცია, კომუნიზმში აღარ ვცხოვრობთ. მოდი ჯერ განავითარე ფეხბურთი, ინვესტორი მოიყვანე ვინც ფულს ჩადებს, ინფრასტრუქტურას მოაწყობს, კონკურენციას გაზრდის და როცა გვეყოლება აღმოსავლეთ ევროპის საშუალო დონის 3-4 კლუბი მაინც, შემდეგ იფიქრეთ მინიმალური ხელფასის დაწესებაზე. ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა რატომ უნდა იწყებოდეს. არ გააკაროთ ეს კაცი ფეხბურთს და არც ის ყოფილი იურისტი ფედერაციას თორემ ფეხბურთის მაგივრად მივიღებთ დამრთხალ კლუბებს, რომლებიც მაქსიმალურად მოერიდებიან ფეხბურელთან კონტრაქტის გაფორმებას და მეორე მხრივ გაქსუებულ ფეხბურთელებს, რომლებიც დღევანდელი ე.წ. "სოციალურად დაუცველის" სტატუსის მატარებლებს დაემსგავსებიან
fraternity
09 მარტი 2017 18:40
0
1000 % მართალი ხარ მამულო. სახურავიდან იწყებენ სახლის შენებას.
luk
09 მარტი 2017 02:03
0
თქვენ ხო არ გადაირიეთ, რა ქვედა ზღვარი, ვაფშე არ არიან ეგენი ხელფასის ღირსები, ერთი ფეხბურთელი მითხარით ბოლო დროს, ჩვენი ჩემპიონატიდან წასული საზღვარგარეთ, სტაბილურად კარგად რომ თამაშობდეს? სიტყვა "პროფესიონალი" ჩემში ღიმილს იწვევს, როცა ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ
რეზო
08 მარტი 2017 21:45
0
აუცილებლად უნდა მოვიზიდოთ და საინტერესო გავხადოთ კერძო ინვესტორებისთვის ფეხბურთი და სახელმწიფომ კარგი ინფრასტრუქრურა შEუქმნას კლუბებს! ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ფული დაიხარჯოს საფეხბურთო სკოლების განვითარებაში ყველა კუთხით რათა გავზარდოთ კარგი ფეხბურთელები!
dragonfly
08 მარტი 2017 21:13
0
ხალხნო თქვენ ხომ არ გაგიჟდით?,ხალხი 12-14 საათი ქვეყანაში მონურად მუშაობს და ჯერ მათი ხელფასის ზედა და ქვედა ზღვარი არ დაუწესებიათ და რა 5000-ის დაწესებაზე ლაპარაკობთ ამ ტრუსიკიანი მასხარებისთვის წესიერად სირბილიც რომ ეზარებათ მინდორზე? აწყობილ ევრობას ედრებით? ჯერ ქვეყანა ააწყვეთ ხალხს მიხედეთ და ფეხბურთელების ხელფასებზე მერე ილაპარაკეთ.
mamulo
08 მარტი 2017 20:55
0
დინამოში და საბურთალოში ვის რამდენი ექნება ხელფასი, ეგ არავის საქმე არაა. აი სახელმწიფო კლუბებში კი საერთოდ თუ არ გაიცემა ხელფასები ბიუჯეტის ფულით კაი იქნება. სახელფასოდ მოიძიონ სპონსორები, ბიუჯეტის ფული კი ინფრასტრუქტურას მოხმარდეს
elguja
08 მარტი 2017 17:51
0
ზედა ზღვარი თუ იქნება 5000 ლარი, ეს ნიშნავს რომ არც ერთი სერიოზული ლეგიონერი აქ არ ჩამოვა...ან რატომაა ცუდი თუ ფეხბურთელი კმაყოფილია საქართველოში თამაშით?..მაინცდამაინც გაქცევაზე უნდა ეჭიროს თვალი?...სწორედ ამ მიდგოით აკნინებთ საკუთარ ჩემპიონატს ბატონო მუსერიძე..
dato
08 მარტი 2017 17:28
0
სწორედაც, უნდა კონდეს რო რომელიმე დაბალ ევრუპულ კლუბს მაშინვე უარი უთხრას, ეხლა არ თქვათ რო საქართველოში 10000 რო ქონდეს ხელფასი მანჩესერში ანკიდე რომელიმე გრანდში გადსვლაზე უარს იტყვის რაა.
ashkarad rTuladaa saqme
08 მარტი 2017 17:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული