ირაკლი სიხარულიძე: ეს მარტო ჩემი ბრალი არ იყო...

AutoSharing Option
"ლოკომოტივი" თბილისური დერბისთვის ემზადება. გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები 11 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "დინამოს" დაუპირისპირებიან. რკინიგზელთა პრესსამსახურის ცნობით, საგურამოს ბაზაზე დევდარიანმა ფეხბურთელები ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთა. ეს მატჩი მისთვის პრინციპულია, რადგან "დინამოს" არც ისე დიდი ხნის წინ ავარჯიშებდა.

დერბი არანაკლებ მნიშვნელოვანია "ლოკომოტივის" თავდამსხმელ ირაკლი სიხარულიძისთვისაც, რომელმაც კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო, მაგრამ შემდეგ არაერთი კლუბი გამოიცვალა.

ეროვნული ლიგის პირველ ტურში, "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამოსთან" 3 ქულა (2:1) სწორედ სიხარულიძის დუბლით მოიპოვა. "ლელო" სწორედ სიხარულიძეს გაესაუბრა...

- ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი
უნდა! [VIDEO]


- "ლოკომოტივსა" და პირადად თქვენც მშვენიერი სტარტი გქონდათ - გუნდმა სამი ქულა მოიპოვა, თქვენ კი დუბლი შეასრულეთ. მოკლედ, ჩემპიონატს კარგი განწყობით იწყებთ, რაც ბევრს ნიშნავს.
- კარგი დასაწყისი მართლაც მნიშვნელოვანია და მიხარია, ეს რომ მოვახერხეთ. ორმაგად სასიხარულო ისაა, გასული ჩემპიონატის მესამეადგილოსანი რომ დავამარცხეთ. მართალს ამბობთ, ასე ჩემპიონატს გაცილებით დიდი სტიმულით გავაგრძელებთ.

- წლევანდელ "ლოკომოტივს" რა მიზნები აქვს, მაგალითად, სამეულში მოხვედრას რეალურად მიიჩნევთ?
- ერთია კარგი დასაწყისი, მეორე კი სეზონის სტაბილურად კარგად ჩატარება. მაგრამ ყველა გუნდთან რომ მოსაგებად ვიბრძოლებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

- შაბათს მეორე ტურის თამაშია და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ თბილისის "დინამოს" შეხვდებით. წლევანდელ გუნდზე რას იტყვი?
- საკმაოდ კარგი გუნდის ჩამოყალიბება მოახერხეს.

- როგორი მატჩის მოლოდინში ხართ?
- რთულ თამაშს ველოდები. მაგრამ სამი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

- "დინამო" თქვენი ყოფილი კლუბია და მათან შეხვედრისას განსაკუთრებული მოტივაცია არ გაგაჩნია?
- "დინამოში" დიდი დრო გავატარე, ჭაბუკთა ლიგის გუნდიდან მოყოლებული დუბლშემადგენლობაში გადამიყვანეს და იყო დრო, "დინამოს" ძირითად შემადგენლობაშიც მათამაშებდნენ. მაგრამ ახლა ის ჩემთვის ჩვეულებრივი მეტოქეა, როგორც ყველა დანარჩენი გუნდი.

- მართლა ასე ფიქრობთ?
- რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მართალი არ ვიქნები. უკვე იმდენ კლუბში ვითამაშე, რომ ასეთი ამოჩემებული მეტოქე აღარ მყავს. ბუნებრივია, ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ამიტომ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ ეს მოტივაციაც არის და ძალიან მინდა, რომ გავუტანო.

- თქვი, უკვე იმდენ კლუბში ვითამაშეო - ამაზე კითხვას ვაპირებდი. ინტერვიუმდე თქვენს სტატისტიკას გადავხედე და გაოცებული დავრჩი - 26 წლის ხარ და 2009 წლის შემდეგ, ანუ 8 წელიწადში, 9 კლუბის მაისურა მოირგეთ. ამდენ კლუბში გადასვლა როგორ მოახერხეთ თუ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ?
- ერთ ადგილზე გაჩერება ნამდვილად არ მიჭირს. მაგრამ ეს მარტო ჩემი ბრალი არ იყო.

- აბა, რა იყო ამის მიზეზი?
- სტაბილურად ერთ გუნდში თამაში მეც მსურს. ყველა ფეხბურთელს ურჩევნია, რომ წინსვლისა და განვითარებისთვის რამდენიმე წელი ერთ გუნდში იყოს. ყველაზე მეტი დროით თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგში" ვირიცხებოდი. მაგრამ თავადაც ხომ იცით, ჩვენი ფეხბურთი როგორი არასტაბილურია? მივდიოდი გუნდში და ხშირად, ნახევარ წელიწადში შემადგენლობა იცვლებოდა. მიზეზი ფინანსები იყო.

ბოლო დროს კიდევ რა უჭირს, მაგრამ წინა წლებში ამ კუთხით ლამის ყველა გუნდში არასტაბილური გარემო იყო. პრობლემები რომ იქმნებოდა, იძულებული ვიყავი, წამოვსულიყავი და გუნდიდან გუნდში სიარული მიწევდა. მაგრამ 8 წელიწადში 9 გუნდის გამოცვლა ჩემი ოცნება ნაღდად არ ყოფილა.

- რას ფიქრობ, ბოლო წლებში, ჩემპიონატის დონის მკვეთრი დაცემა ამის შედეგიც იყო?
- რა თქმა უნდა - ეს საკამათოც არ არის. გაიხსენეთ, რუსთავის "მეტალურგი". ძალიან კარგი და პერსპექტიული გუნდი გვყავდა. ის შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინათ, დარწმუნებული ვარ, დღეს, სულ მცირე, სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებდით. მაგრამ ფული არ იყო და იძულებულები გავხდით, წავსულიყავით.

მაგრამ "მეტალურგი" ხომ გამონაკლისი არ ყოფილა, ასე რამდენ გუნდს მოუვიდა? არადა, შედეგისა და გუნდის ზრდისთვის შემადგენლობის სტაბილურობა აუცილებელია.

დააკვირდით, გარდამავალ ჩემპიონატში წარმატებას რომელმა გუნდებმა მიაღწიეს - რომლებმაც შემადგენლობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნეს. უმაღლეს ლიგაში რაც მეტი ასეთი გუნდი გვეყოლება, დონეც გაიზრდება და ევროგათამაშებაშიც უკეთესად ვითამაშებთ. თორემ, ევროპული სეზონის დაწყებამდე შემადგენლობა ლამის ყველა გუნდში რომ იცვლებოდა, ასე ღირსეულად როგორ ვითამაშებდით? ეს გამორიცხული იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
merab ra icit es kaci gols gaitans da egvere interviuebi.jer shegdos 25 da mere sheidzleba.ver xvdebit ro dzalian cudad mokmedebs eg.ishromon da moipovon shromit popularuloba.tkven cud samsaxurs ucevt damijere.tkvengan intervius chamortmeva unda ikos sanatreli ragac ro daimsaxura igdznos da uxarodes.ak xandaxan iset ragaceebs cert da debt ro ar sheidzleba vigacam varjishze vigacas pexebshoris gaudzvrina burti kai ra .jobia daimsaxuros da shemden gaxade popularuli upro kargi ikneba damijere .exla am bichma sheidzleba erti 5 turi verc gaitanos gana imito ro cudi bichia da cudi pexburtelia .prosta ukjve elementarulad tavisi tanagundelebi ukve sxvanairad ukureben da sheidzleba vigaca cota shurma sheacuxos da droulad gadacema ar mices karg poziciaze kopnis dros .nu bevri detalia ak kvelapers ver davcer.gaitvaliscinet chemi txovnaa
kkkk
12:35 11-03-2017
0

სიახლეები პოპულარული