იმედი დავიტოვოთ, რომ კლუბები აქედანვე არ დაიწყებენ წუწუნს "გადატვირთულ კალენდარზე". თითქმის ყველა გუნდმა ხომ სრულფასოვანი წინასასეზონო შეკრება გაიარა და, წესითა და რიგით, გადაღლილობაზე სიტყვა არავინ უნდა დაძრას...
II ტურში რამდენიმე გამორჩეული თუ დასამახსოვრებელი ფაქტი მართლაც იყო, მაგრამ, ჩვენი აზრით, ყველაფერი გადაწონა ერთმა მოვლენამ: ზედიზედ მეორე მატჩის მოგების შემდეგ, თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის ერთპიროვნული
სტაბილურობის ფაქტორი
ორი სასტარტო ტურის მერე, მხოლოდ ერთადერთმა გუნდმა შეძლო ქულათა მაქსიმუმის მოგროვება - თბილისის "ლოკომოტივმა! თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მეტოქეებთან შეძლო გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა გუნდმა ამ ორი სასტარტო მატჩის მოგება?!. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში "ლოკომოტივმა" წინა სეზონის ბრინჯაოს მედალოსანი ბათუმის "დინამო" დაამარცხა, ამჯერად კი - ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი, თბილისის "დინამო".ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ლოკომოტივმა" ორივე მატჩში სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვა და საერთოდაც, სეზონის სტარტს ტაქტიკურად და ფიზიკურად მშვენივრად მომზადებული შეხვდა.
ისიც ფაქტია, რომ "ლოკომოტივის" სატრანსფერო კამპანია ერთობ წარმატებულად უნდა შევაფასოთ: ფაქტობრივად, ყველა ახალწვეული (თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე) არამხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან, არამედ გუნდის ლიდერებადაც გვევლინებიან, ისევე, როგორც, "ლოკომოტივის" შედარებით "სტაჟიანი" წევრები (რევაზ თევდორაძე, გეგა დიასამიძე) ამართლებენ გუნდის ლიდერების სტატუსს.
აღარაფერს ვამბობთ, "ლოკომოტივის" ერთი-მეორეზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც. გიორგი დევდარიანის ის სიახლეც ჯერჯერობით ამართლებს, რის მიხედვითაც ნიკა ჭანტურიას ახალ ამპლუაში ვხედავთ: თავის პირველ პროფესიულ გუნდში სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული ეს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჯერად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს.
და კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: პირველ ორ ტურში "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა, ფაქტობრივად, ერთი და იგივე შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე და ამ ორივე მატჩშიც ერთი და იგივე 14 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას. ანუ, სტაბილურობის ფაქტორიც "რაღაცას" ნიშნავს...
ნაწილობრივი რევანში და სხვა ფაქტები
დედაქალაქური დერბის გარდა, II ტურში კიდევ ერთი საინტრიგო დაპირისპირება იყო: წინა სეზონის საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილეებმა, "სამტრედიამ" და "ჩიხურამ" ახალი სეზონი ფრეებით დაიწყეს და მართლაც დიდ ინტერესს იწვევდა, თუ ამათგან რომელი მოახერხებდა ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვებას. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ საჩხერელთა გუნდის მართლაც უნივერსალი ფეხბურთელის, გიორგი კორიფაძის ერთადერთი გოლის წყალობით, "ჩიხურამ" სტუმრად მოუგო მოქმედ ჩემპიონს და ამით, ალბათ, ნაწილობრივ მაინც აიღო რევანში შარშანდელ პლეი ოფში დამარცხებისათვის.
ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ფავორიტების ეს დაპირისპირება ქარიან ამინდში გაიმართა და, ალბათ, ამასაც უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ მოგვეჩვენა სამტრედიის სტადიონის ტრიბუნებზე "ნორმაზე" მეტი თავისუფალი ადგილი.
კლიმატური პირობების გარდა, ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "სამტრედიას" აშკარად მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, მაშინ, როცა "ჩიხურას" გამოცდილ თავკაცს სოსო ფრუიძეს თავისუფლად შეუძლია მიმართოს ძირითადი შემადგენლობის უმტკივნეულო როტაციას...
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მხოლოდ "ლოკომოტივია", ორივე მატჩში ქულათა მაქსიმუმი რომ მოაგროვა. ასევე, ერთადერთი გუნდის გამოყოფა გვინდა, სასტარტო ორ ტურში გოლი რომ არ გაუშვია: "ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარემ დინო ჰამზიჩმა ზედიზედ ორი "მშრალი" მატჩი ჩაატარა!
დაბოლოს, კიდევ ორ გუნდზეც: "შუქურა" ერთადერთია, ორივე მატჩი ფრედ რომ დაამთავრა, ხოლო "დილა" ასევე ერთადერთი გუნდია ეროვნულ ლიგაში, ჯერ გოლი რომ არ გაუტანია...
მეორე დუბლი!
ორი ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში ორი ფეხბურთელი დაწინაურდა: "ლოკომოტივის" 26 წლის ცენტრფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და "კოლხეთის" 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე. შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ირაკლი სიხარულიძემ დუბლი პირველ ტურში შეასრულა, ამჯერად კი თავი გამოიჩინა "კოლხეთის" ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიხარულიძისაგან განსხვავებით, ჯანელიძემ უმაღლეს ლიგაში პირველად შეძლო "დუბლის" შესრულება. "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი კაპიტანი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, გარდამავალ ჩემპიონატში კი "სიონში" თამაშობდა.
ახალი ლეგიონერები
პირველ ტურში ეროვნულ ლიგაში 19-მა ლეგიონერმა იასპარეზა და აი, კიდევ ერთი უცხოელი ფეხბურთელის დებიუტიც შედგა საქართველოს ჩემპიონატში; თანაც, ბათუმის "დინამოს" უცხოელ ახალწვეულს, 26 წლის ნიგერიელ ფორვარდს კენედი ნვანგანგას, საქართველოში ჩამოსვლამდე ბელგიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, "გენკში" აქვს გატარებული გარკვეული პერიოდი. ნვანგანგამ პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში, აი, მისმა თანაგუნდელმა, 23 წლის ტანმაღალმა ცენტრფორვარდმა იაროსლავ კვასოვმა პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში და ბათუმის "დინამომაც" სწორედ ამ უკრაინელი ლეგიონერის ერთადერთი გოლით მოიპოვა პირველი გამარჯვება.
ასევე ლომის წილი დაიდო თავის გუნდის ასევე პირველ გამარჯვებაში "კოლხეთის" 25 წლის სენეგალელმა ლეგიონერმა არფანგ დაფიმ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში თავის სადებიუტო გოლით II ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ II ტურში ლეგიონერთა მიერ გატანილ ორივე გოლს საშემსრულებლო ოსტატობით ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა...
სადებიუტო გოლები
ყოველი ტურის შემდეგ საგანგებოდ აღვნიშნავთ-ხოლმე უცხოელ ახალწვეულთა სადებიუტო მატჩებსა თუ გოლებს. ამ დროს კი ჩვენებურთა გამორჩეულ თამაშს, რატომღაც, შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. ჰოდა, ამიტომაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებს და ერთ-ერთი ასეთი ნოდარ ქავთარაძე გახლავთ! 24 წლის ნოდარ ქავთარაძემ საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი წინა ტურში ჩაატარა, ახლა კი, ეროვნულ ლიგაში თავის მეორე მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა!
თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდის კარში გაიტან გოლს: "ლოკომოტივის" სწრაფმა და ტანმორჩილმა ფლანგის ნახევარმცველმა თბილისის "დინამოსთან" მატჩში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა!
აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ქავთარაძის ამ ზუსტმა დარტყმამ "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის ერთპიროვნულ ლიდერად აქცია...
უიღბლონი
პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც ერთადერთი ფეხბურთელი გააძევეს მოედნიდან და ამჯერადაც ორი გაფრთხილების გამო; თუმცა, განსხვავება ის იყო, რომ პირველ ტურში "შუქურას" ბრაზილიელი საყრდენის ჟეფინიოს გაძევების მიუხედავად, ქობულეთელთა გუნდმა მაინც შეძლო საგარეო მატჩში (თანაც, ქვეყნის ჩემპიონთან) ქულის მოპოვება.აი, ამჯერად კი გაძევებამ გარკვეული გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე: "საბურთალოს" გამოცდილი ახალწვეული ზურაბ არზიანი პირველ ტაიმში შევიდა შეცვლაზე, თუმცა ისე მოხდა, რომ შესვენებამდე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანიც ნაადრევად დატოვა. მეორე ტაიმში კი გელა სანაიას დამოძღვრილმა "კოლხეთმა" სამი უპასუხო გოლი გაიტანა კაცნაკლული მეტოქის კარში და ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე კი ეს თამაში წესით უგოლო ფრეთი უნდა დამთავრებულიყო.
სამტრედიაც, ტორპედოც, დილაც, ბათუმიც თავის სიტყავს იტყვიან აქ ორი აზრია არ ასებობს,ეგაა რომ ლიდერები ასე დაულაგებელი რომ არიან მთლიანობაში განწყობა და საფეხბურთო ატმოსფერო ცუდდება,ამიტომაც ხალხიც საგრძნობლად შეთხელდა სტადიონებზე.
საინტერესოა რა უშლიდა ხელს საპრიზო 250 000 ლარის მიმღებ სამტრედიას რომ არა 18 ფეხბურთელი ჰყავდეს არამედ 23? არის ამ კითხვაზე პასუხი?
თუმცა ცუდიც ისევ დარჩა, მსაჯებთან გაუთავებელი კამათი-კაჩაობა და გაბურძგნულ-გაუპარსავ-მოუწესრიგებელი ფეხბურთელები...