გიორგი დევდარიანი: ევროპულ დონეზე მომზადება ძნელი, მაგრამ რეალურია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეორე ტურის თბილისურ დერბიში "ლოკომოტივმა" "დინამო" 1:0 დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ცხადია, ჯერ დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ წლევანდელი "ლოკომოტივი" შარშანდელისგან რომ განსხვავდება, ეს უკვე აშკარაა - გარდამავალ ჩემპიონატში მოედანზე 11 ფეხბურთელი ჩანდა, წლეულს კი გუნდს მწვრთნელის ხელი დაეტყო და ასპროცენტიანი შედეგი შემთხვევით შედეგს არ ჰგავს.

თბილისის "დინამოსთან" მოგებაზე, წლევანდელ მიზნებსა და სხვა თემებზე "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი "ლელოს" ელაპარაკა.

- თბილისის "დინამო" გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერია და მასთან შეხვედრა ქართული გუნდების რეალურ მდგომარეობას ლაკმუსის ქაღალდივით წარმოაჩენს - ბევრი
ფსიქოლოგიურად წინასწარ მარცხდება. შარშან "ლოკომოტივს" ასე მოუვიდა. ამ მოგებით შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი გუნდი ყველასთან სათამაშოდ რეალურად მზადაა?

-"დინამოსთან" მოგება ყველასთვის პატივია და გამონაკლისი ჩვენც არ ვართ. რომ გითხრათ, ამ მოგებას ვგეგმავდით-მეთქი, ტყუილი იქნება. ამის გარანტიას ვინ მოგცემთ. მაგრამ მოედანზე მოსაგებად რომ გამოვდიოდით და გვსურდა, მეტოქესთან ბოლომდე ღირსეულად გვეთამაშა, ამაზე ორი აზრი არ არის. ასევე დრო გვიჩვენებს, ყველასთან სათამაშოდ მზად ვართ თუ არა.

- ჩანდა, რომ მეტოქე საკმაოდ კარგად შეისწავლეთ...
- ცხადია, თამაშამდე "დინამოს" თამაში ვნახეთ და ყურადღება ბევრ დეტალს მივაქციეთ. მიხარია, რომ ეს ინფორმაცია სწორად გამოვიყენეთ.

- თვალშისაცემი იყო ისიც, რომ "ლოკომოტივი" ხისტად თამაშობდა, რასაც საქართველოში ყველა ერიდება.
- ჩვენ ჯერ არ გვაქვს ის კლასი, რაც ევროსარბიელს სჭირდება. ბევრი ნაკლი გაგვაჩნია. მაგალითად, ბურთს ისე ვერ ვაკონტროლებთ, როგორც ეს გვსურს. თუმცა, მანამდე გულხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებით და ამიტომ ამის დაბალანსებას სიხისტით, ბრძოლისუნარიანობითა და დაცვაში კომპაქტური თამაშით შევეცადეთ.

ხისტი თამაში თანამედროვე ფეხბურთის ნაწილია და როდესაც ეს მეტოქის დამარცხებაში გეხმარება, მასზე უარი რატომ უნდა ვთქვათ. ვგულისხმობ სიხისტეს და არა უხეშობას - ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ბიჭებს სულ ვაფრთხილებ, ეს ზღვარი არ გადალახონ.

- თურქულ შეკრებაზე კიდევ რაზე მუშაობდით?
- იმას მივაღწიეთ, რომ გუნდი დაცვაში კომპაქტურად და ძალიან აგრესიულად თამაშობს. მაგრამ თურქეთშიც და საწყის ტურებშიც იყო ეპიზოდები, როდესაც ისეთი კომბინაციური და აზრიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რომლისკენაც მივდივართ.

- ერთი ასეთი ეპიზოდი "დინამოსთან" გოლით დასრულდა. ყველაზე საინტერესო შეტევის განვითარების ტემპი იყო. ანუ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთისკენ მიდიხართ?
- სწრაფი შეტევები შედარებით კარგად გამოგვდის, რადგან სწრაფი ფლანგები და შემტევი გვყავს. პოზიციურად ბურთის კონტროლიც ასევე რომ მოვახერხოთ, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. ყოველთვის სწრაფად ვერ ითამაშებ და ამ დროს ბურთის კონტროლია საჭირო. ამაზე დიდი მუშაობა დაგვჭირდება.

- გუნდს შარშან გამარჯვებულის ფსიქოლოგია აკლდა. ამის გამოსასწორებლად აშკარად გიმუშავიათ.
- შეკრებაზე სპარინგები თამაშის დასახვეწად ტარდება და შედეგს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგრამ თურქეთში ძლიერ მეტოქეებთან მოვიგეთ და ამან ბიჭებზე ძალიან კარგად იმოქმედა.

- "დნიპროსა" და მინსკის "დინამოსთან" მოგება, თუნდაც შეკრებაზე, იოლი საქმე არ არის.
- რა თქმა უნდა. იგივე თბილისის "დინამო" აიღეთ, შეკრებაზე ისეთ გუნდებს მოუგო, ფაქტობრივად, გაისეირნა. ჩვენმა უშუალოდ შეხვედრამაც გამოაჩინა, რომ ძალიან მოძრავი და კარგი მეტოქეა.

- თქვენ ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი ბრძანდებით, რომელიც მოთამაშეთა სტატისტიკურ მაჩვენებელს ყურადღებას აქცევდით - ანუ თამაშის დროს ვინ რამდენი კილომეტრი გაირბინა. თქვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შესაძლებელია?
- შვეიცარიაში პრო ლიცენზიის კურსზე სრული ინფორმაცია მივიღეთ, სადაც ბევრად მეტი გავიგეთ. საქმე მხოლოდ კილომეტრებში არაა. შესაძლოა, მოყვარულთა ლიგაშიც დაახლოებით იგივე კილომეტრაჟი დაფიქსირდეს, რაც პროფესიონალებში - ეს ციფრი 8-დან 12 კილომეტრამდე მერყეობს. განსხვავება სპრინტების რაოდენობაშია.

8-დან 12 კილომეტრამდე ნარბენი გვაქვს, მაგრამ იმისკენ მივდივართ, რომ მეტი გუნდური და ინდივიდუალური სპრინტი დაფიქსირდეს. ქართულ გუნდებს სწორედ ეს მაჩვენებელი გვაქვს გასაზრდელი და ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტები მაქსიმალურ სისწრაფეებზე შესრულებაც გვჭირდება.

- ხალხში ქართული ფეხბურთისადმი რწმენა ლამის გაქრა. ნუთუ, დამოუკიდებელ ქვეყანაში გუნდების და ფეხბურთელების საშუალო ევროპულ დონეზე მომზადება შეუძლებელია?
- შესაძლებელი როგორ არ არის. ამისთვის ვცხოვრობთ მეც და ჩემი მეგობრებიც, რომელთაც ქართული ფეხბურთის გარეშე თავი არ წარმოუდგენიათ. ორმაგად დასაფასებელია ის ხალხი, ვინც დღეს ფეხბურთში ფულს აბანდებს. როგორც ჩანს, მათ ჩვენი ფეხბურთის ჯერ კიდევ სჯერათ. რომ არ სჯეროდეთ, კერძო ინვესტიცია აღარ იქნებოდა და ჩემპიონატი საგრძნობლად გაუფერულდებოდა.

ქართული გუნდების ევროპულ დონეზე მომზადება ძნელია, მაგრამ რეალური მგონია. ეგაა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ამიტომ, მადლობა ეკუთვნით "ლოკომოტივის", "დინამოს", "საბურთალოს", "ვიტ ჯორჯიას", "გაგრას", სოხუმის "დინამოსა" და ყველა კერძო კლუბის მეპატრონეებს, რომლებიც სახლში წასაღებ ფულს ქართულ ფეხბურთში ხარჯავს და მას მომავლის შენარჩუნებაში ეხმარება. ჩვენი ვალია, რომ მათ ეს ინტერესი არ დავაკარგვინოთ და საქმე ნამუსიანად ვაკეთოთ.

კარგი იქნება, ფეხბურთში ილია კოკაიასაც თუ მოაბრუნებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამის პროფესორობით თუ დაიღალეთ და ამის მწვრთნელობა თუ სირცხვილია, ჩვენ თქვენი სიბნელე და ღორჯოობა გვაქვს ყელში ამოსული და თქვენი არსებობა კატასტროფაა, არათუ ხმის ამოღება და ფეხბურთზე ლაპარაკი. ამაზე და მაისურაძეზე რომ კაცი იტყვის მწვრთნელი არ არიო, იმას თავისი თვალები არაფერში არ ჭირდება ვერაფერს ვერ ხედავს და ამიტომ უნდა ამოთხარო.
zviadi
20:47 15-03-2017
0
ამის ბაქიაობამ და "პროფესორობამ" ხომ წაჭამა ტვინი. დღეს "დინამო"ს დამარცხება დიდ პატივად არ ითვლება და არც იმას ნიშნავს რომ ამით ევროპულ დონემდე მაღლდები...
ოკრიბელი
15:55 14-03-2017
0

სიახლეები პოპულარული