ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში ორი ტური გაიმართა და ქობულეთის "შუქურამ" ორივეში ყველა გააოცა. გია გურულის გაწვრთნილებმა "ეროსი მანჯგალაძეზე" ქულა ჯერ ჩემპიონ "სამტრედიას" აართვეს, ხოლო შემდეგ, ამავე არენაზე, უკვე მასპინძლის როლში, თასის მფლობელ ქუთაისის "ტორპედოსთანაც" გაიყვეს ქულები (1:1).

გარდამავალი ჩემპიონატიდან მოყოლებული, ქობულეთელთა ლიდერად იქცა ლევან კუტალია, რომელმაც ქუთაისელებთან მატჩში გოლი არაფრიდან შექმნა და, საერთოდაც, შეტევებს თუ ვინმე ამწვავებდა, უპირველესად, ეს 28 წლის შემტევ ნახევარმცველზე ითქმის.

წლების წინათ, კუტალია ბოსნიაში თამაშობდა, ოთარ გაბელია ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდა და საინტერესო პერსპექტივაც ჰქონდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებამ მოუწია,
რასაც დღეს დიდ შეცდომად მიიჩნევს...

- წლევანდელი სეზონი გუნდმაც კარგად დაიწყო და პირადად თქვენც. არადა, უცხოური შეკრება არ გაგივლიათ და თქვენგან ასეთ სტარტს ვერავინ წარმოიდგენდა...
- ეს არის უბედურება, რომ სტაბილური გარემო არ გვაქვს და ნორმალურად მომზადებას ვერ ვახერხებთ, თორემ ისე, "შუქურას" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

- მაგრამ ასეთი სტარტი კარგი მომზადების გარეშე მაინც წარმოუდგენელი იყო...
- ეს უფრო მწვრთნელისა და ბიჭების დამსახურებაა. რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, რასაც ჩვენი ბრძოლისუნარიანობა და მონდომებაც ემატება. გია გურული კი, რასაც ვუყურებ, ჭკვიანურ სათამაშო ტაქტიკას იყენებს.

- როგორც კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ "ლელოსთან" თქვა, იძულებული გახდა, ხელფასები 40 პროცენტით შეემცირებინა...
- დიახ, ასეა... პირადად მე, ლამის განახევრებულ ხელფასს ვიღებ. თანხას არ დავასახელებ, მაგრამ ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელებს ბევრად მეტი აქვთ. ეგაა, კლუბში სპონსორებს ელოდებიან და ხელფასს მერე მოგიმატებთო, გვითხრეს. ჩვენც ამის იმედად ვართ.

- თუმცა, გრძელი სეზონი გველის და შედეგი ყველა წვრილმანზეა დამოკიდებული. თქვენი აზრით, ასეთ პირობებში ლიგაში დარჩენის შანსი გექნებათ?
- ეს პირველი ტურების თამაშებმა გამოაჩინა, დარჩენის შანსები გვაქვს და ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ სულ დარჩენა-არდარჩენაზე ფიქრმა დამღალა. ბოსნიაში ყოფნისას ჩემპიონობისთვის ვიბრძოდი, საქართველოში კი სულ ისეთ გუნდებში ვარ, ყველა უმაღლესში დასარჩენად რომ იბრძვის და ეს ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული გადასატანია.

გული მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედად ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი, მაგრამ აქ ეს არავის ახსოვს და არც არავის ვაინტერესებ. უნდა დავთანხმებულიყავი, ბოსნიის მოქალაქეობას რომ მთავაზობდნენ. იქნებ, დღეს ჯეკოს გვერდით მეთამაშა?! შევცდი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი დაგვიანებულია და სხვა არაფერი დამჩენია, გარდა იმისა, რომ ვიშრომო და ვითამაშო.

- გარდამავალი ჩემპიონატი კარგად ჩაატარეთ და ლიდერებიდან არავინ შეგხმიანებიათ?
- საერთოდ არავინ! აქ ყველას თავისი ხალხი ჰყავს და სადაც მიდიან, ისინიც იქ მიჰყავთ, ჩვენი ფეხბურთი კი ერთ წრეზე ტრიალებს. ასე მგონია, სხვები არც აინტერესებთ. პირადად მეც არავის ვაინტერესებ...

- საქართველოს ჩემპიონატში 28 წლის ფეხბურთელს რა სტიმული აქვს?
- მაქვს იმის სტიმული, რომ სეზონი კარგად ჩავატარო და იქნებ, ევროპისკენ ისევ გამეხსნას გზა. რაღაც შანსი არის, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული... 28 წელი ფეხბურთელისთვის დიდი ასაკი არ არის, პირიქით, ევროპაში ასეთ ასაკში ბევრი წასულა.

- ჩვენთან პირიქითაა: სულ მომავლის გუნდის გაკეთება სურთ, სკოლის მოსწავლეებს ეყრდნობიან და გამოცდილ ფეხბურთელებზე უარს ამბობენ...
- ეს ძალიან მიკვირს! კი, მაგრამ, ევროპის გუნდებთან მოგება რომ უნდათ, ამას 18-19 წლის ბიჭებით როგორ მოახერხებენ?! ნიჭიერი ერთია, გამოცდილება და კლასი კი - სულ სხვა. პატარა ასაკში ბიჭებს გაზრდა სჭირდებათ.

ევროპაში, უმთავრესად, გამოცდილი გუნდებია და თამაშებსაც გამოცდილი ფეხბურთელები იგებენ. საქართველოში კი პირიქითაა - გამოცდილი ფეხბურთელი არ უნდათ! ეს ჩემამდე არ დადის!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეხმაურები ზაზას ,როგორც გეტყობა ჩემო ზაზა ვერ გაგიგია რაარის იყო ფეხბურთელი დხეს ხარ და ხვალ შეიძლება ჩამოიწერო.არ უნდა შეიქმნას ამ კაცმა ეკონომიური ჯამრთელი ცხოვრება.უბრალოთ ეგრე ხომ არ მოუვიდა თავში უარის თქმა ბოსნიის მოქალაქეობაზე ესეგი რახაცა შეპირდნენ მერე კი დაივიწყეს,როგორც ყოველთვის.წარმოიდგინეტ ევროპაში რომ გაქვს მოცილებული ლეგიონერის სტატუსი.დადექი ჩემო ზაზა და ილაპარაკე მერე 40%შეკვეცილი ხელფასით გაურკვევლობა იმისა ხვალე რა გელის.ყველა თავის გადმოსახედიდან ლაპარაკობს შეეკითხეთ ფეხბურთელებს თითონ ნუ ვსჯით თქვენი შეხედულებით და პატრიოტობით.პოლიტიკას და სპორც ნუ ურევთ.გთხოვთ
jojo
18:17 19-03-2017
0
ჯერ კაცი უნდა იყო,ადამიანი(კაცია,ადამიანი?) და მერე ფეხბურთელი.იმედია არ ესმის და ვერ აანალიზებს რა თქვა.სხვისი ქვეყნის ნაკრებში თამაში რათ უნდა,აკლია მოედანზე სირბილი?
ეს იგივეა,რომ იფიქრო საქართველოში ომები აღარ ხდებაო და სირიაში წახვიდე საომრად.
Zaza
16:03 19-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული