რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა

AutoSharing Option
თამაზ გეგეშიძე ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ტყიბულის "მეშახტის" პრეზიდენტად 2016 წლის მაისში დაინიშნა. ის ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჯერ კიდევ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში გახლდათ. მაშინ პატარა ბიჭი იყო და სპონსორების მოსაძებნად თავს არ ზოგავდა...

ამჯერადაც, "მეშახტეში" იმიტომ მივიდა, რომ ქართულ ფეხბურთს ამ რაიონიდან შეშველებოდა და პირველივე სეზონში ხელშესახები წარმატებები ჰქონდა. გარდამავალ ჩემპიონატში "მეშახტეს" გამოსვლა სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან "თეთრი ჯგუფის" მესამეადგილოსანმა პლეი ოფში დამაჯერებლად აჯობა "ჭიათურასა" და "სქურს", შესაბამისად, ეროვნულ ლიგა 2-ში გამოსვლის უფლება მოიპოვა...

საქმე შუა გზაზე შემაჩერებინეს...
მაგრამ საბოლოოდ,
სეზონის დაწყებისთანავე, თამაზ გეგეშიძე იძულებული გახდა, გუნდიდან წამოსულიყო. ტყიბულის "მეშახტეს" აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ლაპარაკი საინტერესო იმითაა, რომ ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაში კარგად ჩაგვახედებს.

"ტყიბულის "მეშახტეს" პრეზიდენტად 2016 წლის მაისში დავინიშნე. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს ჩემპიონატში რეფორმების დაწყება და ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი პროგრამის ამოქმედება გამოაცხადეს. ამან დიდი გავლენა მოახდინა და ფეხბურთში მისვლის დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდი ფეხზე რომ დაგვეყენებინა.

საამისოდ, დიდი სამუშაოც გავწიეთ. ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის უფლება რომ მოვიპოვეთ, ეს მხოლოდ სპორტული წარმატება არ იყო - ამით კლუბმა სოლიდური, 700-ათასიანი ბიუჯეტიც მოიპოვა, პრემიებით კი წლის ბოლოს ეს თანხა მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ასეთი დაფინანსება ტყიბულში ფეხბურთის განვითარების საფუძველი უნდა გამხდარიყო და იყო შანსი, ბავშვთა ფეხბურთისთვისაც კარგად მიგვეხედა. აქ ბევრი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ მდიდარ კლუბებს მიჰყავთ, ზოგიც უსახსრობის გამო ვერ დადის ფეხბურთზე. ეს რესურსი აუცილებლად უნდა აგვეთვისებინა.

მაგრამ, როგორც მივხვდი, ეს ყველაფერი ორიოდე კაცს თუ სჭირდებოდა", - ამბობს გეგეშიძე.

ტყიბულის "მეშახტეს" აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი წასვლის მიზეზებზეც გველაპარაკა:

"ჩვენი ფეხბურთი კრიზისშია, მაგრამ გარკვეული იმედები გაჩნდა, რასაც ტყიბულის "მეშახტისა" და სხვა კლუბების მაგალითებიც ადასტურებს. მაგრამ გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ საქმეს კიდევ უფრო სერიოზული მიხედვა სჭირდებოდა. მე კი კლუბში, ფაქტობრივად, ნომინალური პრეზიდენტი ვიყავი, რომელსაც არაფრის უფლება არ ჰქონდა - საკადრო და ფინანსურ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებდი.

კლუბის მართვას დროული, სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებები სჭირდებოდა. ამიტომ მოვითხოვე, საკადრო და ფინანსური გადაწყვეტილებები ჩემთან შეთანხმებულიყო და გამჭვირვალე გამხდარიყო.

კლუბის 100-პროცენტიანი მეპატრონე ტყიბულის მუნიციპალიტეტია და წესდებაში შესაბამისი ცვლილებები უნდა შეეტანათ. მაგრამ ჩემი კომპეტენციის გაზრდა არ ისურვეს.

ტყიბულში ფულის საკეთებლად არ წავსულვარ, საამისო არაფერი მიჭირს. მაგრამ ტყიბულისადმი ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, წამოსვლა ვამჯობინე. გული კი მწყდება, რომ საქმე შუა გზაზე შემაჩერებინეს".

სტადიონის რეკონსტრუქციამდე თბილისში ითამაშებენ...
გასული წლიდან, "მეშახტის" ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა - ეს გუნდის მწვრთნელის, კახა გოგიჩაიშვილის წინადადება იყო. ბაზა ელემენტარულ დონეზე უნდა მოეწესრიგებინათ, გუნდს სავარჯიშო პირობები რომ ჰქონოდა.

შერემონტდა გასახდელები, საშხაპეები და ფეხბურთელების საძინებლები, საცხოვრებელ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და ძველი ინვენტარი ახლით შეიცვალა. ასევე, მოეწყო ოთახი, სადაც გუნდი განვლილი მატჩების ვიდეოგანხილვასა და თეორიულ მომზადებას შეძლებს.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მთავარ სტადიონზეც, რომელიც ზღაპრულ გარემოშია და კარგად განახლების შემთხვევაში, საქართველო მშვენიერ სტადიონს მიიღებს. სფფ-მ ტექნიკა შეაშველა, ძმინდვრის საფარი ბაზაზეც მოაწესრიგეს და მთავარ არენაზეც. გაიწმინდა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში მყოფი სადრენაჟო სისტემა, ასევე, გაკეთდა სარწყავი სისტემა, თუმცა გასახდელები და საშხაპეები მოსაწესრიგებელია.

გეგეშიძეს იდეაში "მეშახტეს" ბაზაზე კარგი მოსამზადებელი ცენტრის ჩამოყალიბება სურდა, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდებოდა.

სტადიონის რეკონსტრუქციის დასრულებამდე "მეშახტე" პირველი წრის ბოლომდე, მეტოქეებს თბილისში მასპინძლობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კოტე
19 მარტი 2017 14:37
ხედი მართლა კარგი აქვს, მაგრამ 17 ათასი სულ აღარ ცხოვრობს ტყიბულში და აშკარად შესამცირებელია.


ამისთანა სისულელის თქმას როგორ ახერხებ ძამა? ლანჩხუთში 7500 ცხოვრობდა, სტადიონი კი 26 000 იტევდა (რეკორდსმენი სტადიონი იყო, რომლის ტევადობაც 3 ჯერ აღემატებოდა იმ ქალაქის მოსახლეობას სადაც მდებარეობდა, მსგავსი არსად არსებობს) ყოველ მეორე თამაშზე ივსებოდა,მაგრამ მოვიდა დრო უტვინოების და შენს ლოგიკას რომ მიჰყვნენ ისეთების და იმიტომაც დაანგრიეს და დატოვეს 4500 ადგილი.
არ შეგრცხვა ეს სისულელე რომ დაწერე? არის და შეინარჩუნონ, განავითარონ. ბათუმში 20 000 იანის აშენებას 38 მილიონი უნდა, ტყიბულში კი შენარჩუნეაბს 2 მილიონი უნდა სხვაოაბს ხედავ?
QWERTY
13:15 20-03-2017
0
კულვარები არ ვიცი, მაგრამ პრეზიდენტთან რომ უნდა იყოს შეთანხმებული ყველა დეტალი ეს გასაკვირია? ტყიბულში, მართლაც არაჩვეულებრივ ბუნებრივ გარემოში ისეთი მოსამზადებელი ცენტრის შექმნა შეიძლება, რომ კლუბები კი არა ნაკრებიც არ იტყვის უარს. სტადიონი, რომელიც 17 000-ზე მეტ მაყურებელს იტევდა თავის დროზე, ხო საერთოდ სასწაული იქნება თუ ცოტას (ბევრი არ ჭირდება) დაახარჯავენ. მართლაც თითით საჩვენებელი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში.
irakli Apkhaidze
12:56 19-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული