"სამტრედია": გია მანჯგალაძე დაშავდა, საბა ლობჟანიძე გამოირიცხა

AutoSharing Option
"სამტრედიამ" ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სახარბიელოდ ვერ დაიწყო და პირველ ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. 19 მარტს გია ცეცაძის გუნდს ქობულეთის "ჩელე არენაზე" სერიოზული გამოცდა ელის - ქვეყნის ჩემპიონს ბათუმის "დინამო" უმასპინძლებს.

ამასთან დაკავშირებით, სამტრედიელთა მზადებასა და სიახლეებზე ორ ამბავს შემოგთავაზებთ.

მანჯგალაძე დაშავდა
აქამდე, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობდა, მესამე ტურში კი გუნდს კიდევ ერთი ლიდერი დააკლდება.

მართალია, დავით ჯიქიამ ვარჯიში განაახლა, მაგრამ ჯერ მაინც ძნელია იმის თქმა, ბათუმის "დინამოსთან" ითამაშებს თუ არა. სამაგიეროდ, დანამდვილებით ის ვიცით, რომ ჩემპიონებს დროებით
საყრდენი ნახევარმცველი გია მანჯგალაძე ვერ დაეხმარება.

"სათასო შეხვედრაზე "ვიტ ჯორჯიის" დამარცხება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ამ გამარჯვებამ ყველა ძალიან გაგვახარა, იმედია, სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ ეს მოგება ხასიათს გამოგვიკეთებს.

- საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: სენსაცია მესამელიგელისგან! [VIDEO]

მაგრამ პირადად მე ამ თამაშიდან ცუდი მოგონებები დამრჩა, რადგან საკმაოდ სერიოზულად დავშავდი. ფეხი ტერფში მომხვდა და მუხლი შემიტრიალდა. კარგი ისაა, რომ ჯვარედინი იოგების დაწყვეტას გადავურჩი და საოპერაციო არ ვარ. მაგრამ მუხლი შეშუპებულია, მტკივა და ექიმების რჩევით, ორი დღე წოლითი რეჟიმი მომიწევს.

მერე რა იქნება, ჯერ არ ვიცი - მალე მოვმჯობინდები თუ ამას დრო დასჭირდება, ეს ინდივიდუალურია და ორგანიზმზეა დამოკიდებული.

ტრავმა სასიამოვნო არასდროსაა, მით უფრო, ახლა, როდესაც გუნდს თითოეული ფეხბურთელი სჭირდება. იმედია, სერიოზული არაფერია და გუნდს მალე დავეხმარები. მაგრამ ბათუმის "დინამოსთან" თამაში გამორიცხულია", - ამბობს მანჯგალაძე.

ლობჟანიძე ვერ დაიმატეს
"სამტრედიის" გულშემატკივრებისთვის გუნდთან დაკავშირებული კიდევ ერთი არასასიამოვნო სიახლე საბა ლობჟანიძეს უკავშირდება. ისინი 22 წლის შემტევი ნახევარმცველის "სამტრედიაში" გადასვლას დიდი იმედით ელოდნენ - "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საბა გუნდიდან თურქული შეკრების დროს დაითხოვა და 19-წლამდელებში, ლადო კაკაშვილთან გადაიყვანა.

მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა - სხვაგვარი. ვიცით, რომ "სამტრედიის" წარმომადგენლები დინამოელ კოლეგებს ამის თაობაზე დაელაპარაკნენ, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ, ლობჟანიძე ახალ გუნდში ვერ გადავიდა.

საჩხერის "ჩიხურაში" იჯარით გადასული შემტევი გარდამავალ ჩემპიონატში ვიცე-ბომბარდირი გახდა (12 მატჩი, 9 გოლი) და სეზონის საუკეთესო მოთამაშეების სამეულში დასახელდა, იანვარში კი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა (უზბეკეთთან) და თავი გოლითაც გამოიჩინა.

ამ ყველაფრის შემდეგ ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი 450 ათასი ევრო გახდა და ქართული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულში ოთარ კიტეიშვილთან ერთად მეორე-მესამე პოზიციაზე დაწინაურდა.

ამჟამად საბა არც მთავარ გუნდში ვარჯიშობს და არც - 19-წლამდელებში, ფორმის შენარჩუნებას "დინამოს" აკადემიის მოედანზე ინდივიდუალური დატვირთვებით ცდილობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლობჟანიძე არაა საჭირო სამტრედიაში, სჯოსბ ჩიხურაში წავიდეს და იმათ მიეხმაროს ევროპალიგაზე.
სამტრედიას რაც სჭირს ბოლო ლწებსი ყველაზე სუსტი ახალწვეულებსი გჰამო,ეს მწვრთნელსი პასუხისმგებლობაა პირადი და მეტი არავისი,ასევე მისი უმოკლესი სკამი.
თუმცა არ მგონია რომ მანჯგალაძის არყოფნამაც ხელი შეუშალოს სამტრედიას რომ ბათუმს მოუგოს 19-ში თუკი ჯიქია იქნება მინდორზე და ბერიაშვილი ჩაგელაშვილი,სამუშია მხოლოდ სათადარიგოებში.
Jango
15:42 17-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული