[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი დღესდღეობით ბათუმის "დინამოს" მცველი, 36 წლის დავით კვირკველიაა, რომელსაც ტიტულები საქართველოშიც (თბილისის "დინამო") მოუპოვებია და რუსეთშიც (ყაზანის "რუბინი");

ცალკე საუბრის თემაა დავით კვირკველიას სანაკრებო კარიერა, თითქმის 12 წელიწადი რომ გრძელდებოდა და ალბათ, ნამდვილად არ არის პატარა საქმე, როცა ფეხბურთელი ჩვენს უპირველეს გუნდში 58 მატჩს ჩაატარებს...

...ვინც უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (თუ ექტორ კუპერს არ ჩავთვლით), ყველა თვალდახუჭული ენდობოდა ამ მართლაც უნივერსალ და საიმედო ფეხბურთელს - დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის წყალობით რომ შექმნა თავისი
ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა, თანაც, სანაკრებო იქნებოდა თუ საკლუბო დონეზე, ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა სხვადასხვა პოზიციაზე: მარცხენა მცველის, მარცხენა ნახევარმცველის, მარცხენა გარემარბისა თუ... საყრდენი ნახევარმცველის.

არადა, ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა, სულაც... "პლეიმეიკერი" გახლდათ! შარშანდლიდან მოყოლებული კი, თავისი ახალი გუნდის, ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ამჯერად უკვე ცენტრალურ მცველად მოგვევლინა. წინა, გარდამავალ ჩემპიონატში ბათუმის "დინამომ" რომ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებულმა ვეტერანმა დავით კვირკველიამაც შეიტანა.

ჰოდა, ალბათ, არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა ჩვენი არჩევანი, როცა გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო მცველად გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა" სწორედაც დავით კვირკველია რომ მიიჩნია...

...ცალკე თემაა დავით კვირკველიას პიროვნული თვისებები. დღესაც ისეთივე თავმდაბალია, როგორიც გავიცანით 2002 წლის ზაფხულში, როცა გივი ნოდიას დიდი დამსახურებით, ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" გამოჩნდა...

საყრდენიც ვიყავი, გამთამაშებელიც...
- გუნდური ტიტული ბევრი გაქვთ. ინდივიდუალური?
- რასაც ახლა ვიხსენებ, ისაა, რომ ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ასპარეზობის დროს, თანაგუნდელებს შორის უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი.

- ყველა "კლასიკურ მემარცხენედ" გიცნობთ და მარცხენა ფლანგზე რა ამპლუაში არ გითამაშიათ; ახლა კი ცენტრალურ მცველად მოგვევლინეთ...

- პირველად გორის "დილაში" დამაყენეს ცენტრალურ მცველად და ახლა ბათუმის "დინამოშიც" ასეა. სხვათა შორის, "რუბინში" საყრდენ ნახევარმცველადაც მითამაშია, ოღონდ სულ ორჯერ და ისიც მოსამზადებელი პერიოდის მატჩებში. ცენტრალურ მცველად რომ თამაშობ, მეტი აზროვნება გჭირდება, ფლანგზე უკვე სისწრაფე გადადის წინა პლანზე.

- ყველაზე კომფორტულად თავს მაინც რომელ პოზიციაზე გრძნობთ?
- ადრე, ვთქვათ, 23 წლის ასაკში, შესაძლოა, გამემახვილებინა ყურადღება იმაზე, თუ რომელ პოზიციაზეა ჩემთვის უფრო კომფორტული თამაში; ახლა კი ასე გიპასუხებთ: დაცვის ყველა პოზიციაზე შემიძლია თამაში. ოღონდ, თუ "ასარჩევად" მექნება საქმე, მაშინ მარცხენა მცველის პოზიციას ავირჩევ.

- ბავშვობაში მარცხენა მცველად დაიწყეთ თამაში?
- ჩემს პირველ "ოფიციალურ" გუნდში, ფოთის "ფაზისში" (პირველ ლიგაში რომ გამოდიოდა), გამთამაშებლადაც ვითამაშე.

- მარცხენა მცველად პირველად ვინ დაგაყენათ?
- თბილისის "დინამოში" ივო შუშაკის დროს 3-5-2 სქემაში მთელი მარცხენა ფლანგის კონტროლი მევალებოდა. მერე გია გეგუჩაძე მოვიდა გუნდში და უკვე 4-4-2 სისტემით ვთამაშობდით. მარცხენა მცველად სწორედ გეგუჩაძემ დამაყენა.

- თქვენი სათამაშო კარიერა ფოთიდან დაიწყო...
- სულ თავიდან რომან ოდიკაძე მწვრთნიდა "ფაზისში". მერე ფოთის "კოლხეთში" გადავედი, სადაც სოსო ფილიასა და გია ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ვთამაშობდი.

- სოსო ფილია წლების განმავლობაში "გადაბმულად" მუშაობდა "კოლხეთში". იგივე სიტუაციაა "ჩიხურას" შემთხვევაშიც, რომელსაც სოსო ფრუიძე უკვე მეცხრე წელიწადია, რაც წვრთნის...
- გასაგებია, რისი თქმაც გსურთ. სტაბილურობის შეგრძნება ფეხბურთელისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, საკლუბო სისტემის ჩამოყალიბებისათვის. არც ერთ ფეხბურთელს არ სიამოვნებს მწვრთნელების ხშირი ცვლა. როცა იცი მწვრთნელის მოთხოვნები და მასთან მუშაობასაც მიჩვეული ხარ, თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობ.

მაგალითად, "ალანიაში" ხანმოკლე პერიოდში ოთხი მწვრთნელი გამოვიცვალე და ამ ცვლილებებმა გუნდს ვერაფერი არგო; საპირისპირო სიტუაცია იყო ყაზანში: "რუბინს" ასეთი შედეგები რომ ჰქონდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დომინანტი იყო, კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან მთავარი მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის მიმართ ხანგრძლივი ნდობის ფაქტორიც განაპირობებდა.

Sportall.Ge

ბერდიევის ფენომენი
- ბერდიევზე კიდევ ვისაუბრებთ. მანამდე ის გავიხსენოთ, როგორ მოხვდით თბილისის "დინამოში"?
- გივი ნოდიას ინიციატივით, რომელიც იმ დროს "დინამოს" სპორტულ დირექტორად მუშაობდა. რა თქმა უნდა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ივო შუშაკს მოსწონდა ჩემი თამაში. ყველაფერი მოვიგე მაშინ "დინამოსთან" ერთად. კარგად გახსოვთ, რა ძლიერი გუნდი იყო. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები რომ თამაშობდნენ, შეუძლებელი იყო ვარჯიშის ჩატარება. ორი-სამი კაცი რჩებოდა სულ ბაზაზე, დანარჩენები ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი...

- "ალანიაში" გატარებულ პერიოდს როგორ იხსენებთ?
- "თანამეგობრობის თასი" რომ მოვიგეთ, არაერთი შეთავაზება იყო: კიევის "დინამოდან", "შახტარიდან", "კრილიადან", იმავე "რუბინიდან", სადაც მოგვიანებით მაინც წავედი. არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას "სატრანსფერო საუბრებს" და ვცდილობდი, მუდამ რეალობიდან გამომდინარე მემოქმედა. საბოლოოდ, "ალანიაში" გადავედი და, მართალია, გუნდი გავარდა რუსეთის უმაღლესი ლიგიდან, მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით სხვაობა ძალიან დიდი იყო. პირობითად, აქ თუ ათი კილომეტრი იყო სარბენი, იქ ოცი უნდა გერბინა. პირველი ოთხი ტური კი, საერთოდ, ძალიან გამიჭირდა.

- მერე იყო ზაპოროჟიეს "მეტალურგი" და ამას "რუბინში" გადასვლა მოჰყვა...
- ყველა რუსული ტიტული მოვიგე "რუბინში". ძალიან მაგარი გუნდი შეიკრიბა. რაც მთავარია, იქ დამხვდნენ ნუკრი რევიშვილი და ლაშა სალუქვაძე, რომელთა დახმარებითაც ადაპტაცია არ გამჭირვებია. რა ფეხბურთელები თამაშობდნენ მაშინ "რუბინში", ყველას გვახსოვს - კრისტიან ნობოა, კრისტიან ანსალდი, სერგეი სემაკი, სერგეი რებროვი, სავო მილოშევიჩი, გიოქდენიზ კარადენიზი... 27 წლის ვიყავი და ლამის ყველაზე ახალგაზრდად ვითვლებოდი გუნდში...

- თუ ყველაზე ახალგაზრდა იყავით?
- არა, რიაზანცევი იყო ყველაზე ახალგაზრდა... ძალიან შეკრული, მეგობრული გუნდი იყო...

- რას იტყვით ყურბან ბერდიევზე?
- ძალიან ძლიერი ფსიქოლოგია. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც კომუნიკაბელურია, მაგრამ ერთს გეტყვის და ისეთს, რომ ეს ნათქვამი ბოლომდე ჩაგწვდება. შეიძლება სულ შენ გალაპარაკოს, ერთი თქვას თვითონ და იმ ნათქვამმა გადაწყვიტოს ყველაფერი...

- თქვენ იმ დროს თამაშობდით "რუბინში", როცა რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა. თუ გრძნობდით აგრესიას ამის გამო?
- არა, არ მახსენდება ასეთი რამ. იყო მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა: მე და ნუკრი რევიშვილი დუბლებში ვთამაშობდით. ტრავმა ახალი მოშუშებული გვქონდა. "სპარტაკის" დუბლებთან ვთამაშობდით და მაშინ მოხდა პატარა შელაპარაკება. მეტი არასდროს არაფერი ყოფილა.

- ახლა "რუბინის" შემდგომ პერიოდზე ვილაპარაკოთ...
- ექვსი თვე "ანჟიში" წავედი სათამაშო პრაქტიკისათვის. იქაც კარგი გუნდი იყო. გაჯი გაჯიევი გახლდათ მთავარი მწვრთნელი. ქართველებისგან ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო. სისტემატური სათამაშო პრაქტიკა მქონდა. სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდოდათ, მაგრამ "რუბინმა" ჩემი დაბრუნება მოისურვა, სადაც ისეთი კონკურენცია იყო, რომ ერთხელ თუ დაგიცდებოდა ფეხი, მერე ძალიან ჭირდა ძირითადში დაბრუნება. ამასობაში, ჩემი კონკურენტებიც მშვენივრად თამაშობდნენ...

Sportall.Ge

ევროპა და დაბრუნება
- და თქვენს კარიერაში ეროპული ეტაპი დაიწყო...
- მქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ საბერძნეთში გადავწყვიტე სათამაშოდ წასვლა. "პანიონიოსი" მაშინ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა და კარგი ფეხბურთელები შეკრიბეს - მიტროღლუ, სამარისი, სიოვასი...

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ ფინანსური კრიზისი ძალიან მტკივნეულად შეგვეხო... ამის შემდეგ ცოტა ხნით ვიყავი კვიპროსზე, "ანორთოსისში", საიდანაც დავბრუნდი საქართველოში და გორის "დილაში" ჩავირიცხე.

- საქართველოს ჩემპიონატში 8 წლის შემდეგ დაბრუნდით. პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?
- რა თქმა უნდა, მე რომ კარიერას ვიწყებდი, მაშინ დონეც უფრო მაღალი იყო და ფაქტობრივად, ყველა გუნდსაც ამბიციური მიზნები ჰქონდა. თუმცა, გორის "დილაშიც" ძალიან კარგი გუნდი დამხვდა: ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა, გიორგი შაშიაშვილი, მათე ვაწაძე, - სულ ცოტა დაგვაკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად...

- და აი, ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ თქვენს კარიერაში ისევ თბილისის "დინამოს" ჯერი დადგა...
- ძალიან მაგარი ბაზა, ყველანაირი პირობა... ქართული ტიტულები ისევ მოვიგე. თუმცა, 2013 წლის ზაფხულში ჩვენგან ბევრი ითხოვდა ევროტურნირებზე "სტიაუას" თუ "ტოტენჰემის" გავლას. არადა, უბრალოდ, რთულია, როცა ჩემპიონატში არ არის კონკურენცია და უცბად, შენ ასეთ დონეზე უნდა მიაღწიო წარმატებას.

საბედნიეროდ, ამ ახალ სეზონში ჩვენი ჩემპიონატის დასაწყისი ამ მხრივ მაიმედებს. ჯერ თითქოს ყველა გუნდი ერთნაირია, მაგრამ დაძაბულობა არის, ეს ფაქტია. მიმაჩნია, რომ მეორე წრეში უფრო ბევრი რამ გამოიკვეთება...

ისევ "დინამოს" თემას დავუბრუნდები. 1+1 სისტემით მქონდა კლუბთან კონტრაქტი. 2014 წელს, ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგაზე "აქტობესთან" მატჩის წინ ნეკნი გავიტეხე. ითქვა, რომ თუ გუნდი ვერ დაძლევდა ამ ბარიერს, გაახალგაზრდავება უნდა დაწყებულიყო. მოკლედ, დავტოვე "დინამო", ოღონდ არანაირი წყენა არ გამყოლია. პირიქით, მადლობელი ვარ კლუბის ხელმძღვანელობის.

- სიტყვამ მოიტანა და, ალბათ, ყოველთვის იცავდით რეჟიმს...
- კი, თუ რეჟიმს არ იცავ, ასაკის მატებასთან ერთად ტრავმების ალბათობაც იმატებს...

- მერე იყო "სამტრედია"...
- ძალიან კარგი კონტინგენტი შეიკრიბა. ეგაა, შეთამაშება გვაკლდა. თასის ფინალში 0:5 წავაგეთ "დინამოსთან". ასე ფინალის წაგება იშვიათია, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩემს კარიერაში... არადა, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. კარგი კონტინგენტი გვყავდა, მაგრამ შეთამაშებისათვის დრო არ გვეყო

- და დაბრუნდით "დილაში"...
- ჩემპიონი გუნდი იყო კარგი ფეხბურთელებით - მარცვალაძე, ნავალოვსკი, გოგუა... მაგრამ ზედ ევროთასების წინ გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და სომხურ "შირაქთან" მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვათა შორის, სწორედ შარშან ზაფხულს, "შირაქთან" წაგების მერე პირველად დავფიქრდი სერიოზულად ფეხბურთიდან წასვლაზე... თუმცა, შემდეგ გადავიფიქრე - ჯერ კიდევ მომდევს ჯანი და რატომ უნდა ვიჩქარო?!

Sportall.Ge

ჩემს ასაკში ამის ზუსტად თქმა რთულია...
- ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ და, რატომ უნდა იჩქაროთ წასვლა?
- ჩემს ასაკში უკვე ძნელია ამაზე ზუსტად საუბარი. ერთი, რაც ვიცი, მიმდინარე სეზონს ჩავამთავრებ. მერე ვნახოთ... როცა შევატყობ, რომ ვეღარ ვთამაშობ, წავალ...

- საქართველოს ნაკრებში 58 მატჩი ჩაატარეთ. გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ ნამდვილად არ არის პატარა რიცხვი. ისე, როგორც არც ის ამბავი მიგვაჩნია უმნიშვნელოდ, როცა ჩვენი ნაკრების, ფაქტობრივად, ყველა მწვრთნელი გენდობოდათ...
- ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში. პირველად ალექსანდრე ჩივაძემ დამიძახა ეროვნულ გუნდში - 2003 წელს, შვეიცარიასთან საშინაო მატჩში შედგა ჩემი დებიუტი. ამას რუსეთთან მატჩი უნდა მოჰყოლოდა და კარგად მახსოვს, გულისფანცქალით ველოდი, ვიქნებოდი თუ არა სანაკრებო სიაში...

საერთოდ, ბედნიერი ვარ, რომ ამდენი მატჩი ჩავატარე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. მართლაც, თითქმის ყველა მწვრთნელისგან მქონდა ნდობა. იმავე თემურ ქეცბაიას დროს თითქმის სულ ვთამაშობდი. მაშინ ძალიან კარგად დავიწყეთ...

- რას ეტყოდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
- არ უნდა შეჩერდნენ მიღწეულზე. დღეს საქართველოს ჩემპიონი ხდები? ხვალისთვის მიზნად კიდევ მეტი დაისახე! თუ ფეხბურთელი მიღწეულით დაკმაყოფილდა, მორჩენილია მისი პროგრესის საქმე. არც შრომა უნდა დაიზარონ და ცხოვრებაში რაღაცებზე უარის თქმაც უნდა შეეძლოთ...

- ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, თქვენი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში რომელიმე მწვრთნელთან რომ გქონოდათ კონფლიქტი...
- მართლაც არ მქონია არავისთან კონფლიქტი, ვერ ვიხსენებ ასეთ შემთხვევას... არ ვიცი, შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ....

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
შესანიშნავი ფეხბურთელი! ყოველთვის სასიამოვნო იყო მისი თამაშის ყურება ეროვნულ ნაკრებში. სტაბილურობით და გონივრული ქმედებებით გამოირჩეოდა ნაკრებში. ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის მის გვერდით თამაში დიდი სკოლა და პატივი არის. სასიხარულოა რომ ფეხბურთს თამაშობს საქართველოში. ასეთი ფეხბურთელები სათანადო დაფასებას და პატივს იმსახურებენ იმის ფონზე რაც ქართულ ფეხბურთში ხდებოდა. მადლობა ბატონ დავითს ქართულ ფეხბურთში მაღალი პროფესიული სტანდარტების შენარჩუნებაში თავისი დიდი წვლილის შეტანისთვის!
ლუკა
15:48 23-03-2017
0
სანიმუშო ფეხბურთელი და სანიმუშო პიროვნება, ვერავინ თამაშობს მუდამ ერთ დონეზე, მაგრამ არ მახსოვს მას თამაში დიდი მონდომების გარეშე ჩაეტარებინოს. მადლობა დავითს მისი მიერ გულიანად ჩატარებული თამაშების გამო. ჯანმრთველობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.
gizog
15:52 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული