საუბარი დავიწყეთ სანაკრებო თემით. მოგეხსენებათ, ხუციშვილი წლების განმავლობაში სერბეთში თამაშობდა. მერე კი სხვა საინტერესო საკითხებსაც გადავწვდით. მათ შორის, მთავარი: უახლოეს მომავალში "დინამო" ესპანური "ხიმნასტიკიდან" 360 ათას ევროს მიიღებს.
- არაერთი წლის განმავლობაში თამაშობდით სერბეთში. ბუნებრივია, საინტერესოა თქვენი მოსაზრება რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩის თაობაზე და აქვე გთხოვთ ლატვიასთან შეხვედრის შეფასებაც...
- დავიწყებ იქიდან, რომ სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩემმა ორმა ყოფილმა თანაგუნდელმა ითამაშა. რა თქმა უნდა, მათ შორის გამოვარჩევდი
თამაშის წინადღეს ვნახე ტადიჩი. ძალიან ნერვიულობდა. მითხრა, მხოლოდ 3 ქულა გვაწყობს და მოგება ძალიან რთული იქნებაო. მას თამაშის მერეც ველაპარაკე და დარწმუნებული ვარ, გულწრფელად თქვა - საქართველოს ნაკრებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვაო...
რაც შეეხება სერბეთთან მატჩის ჩემეულ ანალიზს, საქართველომ პირველ ტაიმში იდეალურთან მიახლოებული თამაში აჩვენა. მეორე ნახევარში კი სერბეთმა აშკარად გვაჯობა. ფაქტია, ნაკრების თამაშში არის გამონათებები, დადებითი მომენტები და გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი, ოღონდ, ეს ყველაფერი შედეგში უნდა გადაიზარდოს...
ლატვიასთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი საქართველოსთვის. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ეს თამაში რომ წაგვეგო... ძალიან კარგად ითამაშა ჯანო ანანიძემ, ასევე გამოვარჩევდი გიორგი ქვილითაიას. ტაქტიკურად ძალიან სწორად ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა...
მოკლედ, ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იყო ლატვიასთან მატჩში.
- არ შეიძლება, ეროვნულ ლიგაზეც არ გკითხოთ...
- თავის დროზე, მაშინ "ზესტაფონში" ვმუშაობდი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, სწორედ ჩვენ ვიდექით იმ კლუბების ავანგარდში, რომლებიც მოითხოვდნენ 10-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას. ჩვენთან ერთად ამ პოზიციას იზიარებდნენ "დინამო", "გაგრა" და "ჩიხურა"...
რაც ეროვნული ლიგა დაიწყო, ყველა ტურში დავესწარი თამაშებს. ზოგ ტურში ორი მატჩიც კი ვნახე... რა თქმა უნდა, არის დაძაბულობა, მაგრამ ჩემი აზრით, დაძაბულობა სხვაა და ხარისხი - სხვა. რაც მე დავთვალე, ამ ბოლო დროს18 ისეთი ფეხბურთელი წავიდა საქართველოდან, სერიოზულ ძალას რომ წარმოადგენდა ჩვენს ჩემპიონატში. რა თქმა უნდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული.
თავის დროზე, სწორედ ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყოფილიყო ფონდი. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ ვერც იმას გავექცევით, რომ სახელმწიფო კლუბების განკერძოების პროცესი ძალიან ნელი ნაბიჯით მიდის. ის კერძო ინვესტორები, წლების განმავლობაში დიდ თანხას რომ ხარჯავდნენ ქართულ ფეხბურთში, ან ამცირებენ დანახარჯს, ან სულაც გვერდით არიან გაწეულნი. ილია კოკაიას მაგალითი ავიღოთ - იხვეწება კაცი, ქართულ ფეხბურთში მინდა ფულის დახარჯვაო და...
მე მესმის, რომ მთავარი კანონია და სწორედ მის ფარგლებში მესახება რეალურად სიტუაციის მოგვარება. მაშინ, როცა "ზესტაფონი" გააგდეს უმაღლესი ლიგიდან, მე ვიყავი კლუბის სათავეში და ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - ჩვენ შეგვიძლია, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, თუ იქნება ნება!..
გული მტკივა იმის გამო, რომ ქუთაისის "ტორპედოში" ჯერაც ვერ მივიდა კერძო მეპატრონე. არადა, ამ კაცმა კონკრეტული სტატუსის გარეშე დაახარჯა ფული კლუბს. მალე "ტორპედოს" ევროპალიგაზე მოუწევს თამაში...
ჩვენ უნდა დავეხმაროთ კერძო ინვესტორებს. 1000-1500 ლარი აქვთ ხელფასი ჩვენს ფეხბურთელებს. მესმის, ქართულ რეალობაში ეს მაღალი ხელფასია, მაგრამ ფეხბურთელისთვის არაფერია. მარტო ბუცი ღირს 600 ლარი, მე თავად ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რომ თითოეული მათგანი ორ და სამ ოჯახს არჩენს მინიმუმ. თან ფეხბურთელს განსაკუთრებული რეჟიმი და კვება სჭირდება. საქართველოში სამუშაო ადგილები საკმარისად რომ გვქონდეს, მერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი მუშაობას დაიწყებდა. სხვა საქმეა, რომ მერე ის აღარ ჩაითვლებოდა პროფესიონალ ფეხბურთელად, მაგრამ დამიჯერეთ, ასე იქნებოდა...
თქვენი გაზეთის მეშვეობით, მინდა, ერთი მნიშვნელოვანი თემა წამოვწიო. არ მესმის, რატომ მივივიწყეთ განმუხურის სტადიონი? დღეს საქართველოში სტადიონების პრობლემაა. განმუხურის სტადიონს მშვენიერი ტრიბუნები და დამხმარე სათავსები აქვს. საჭიროა 300-400 ათასი ლარის ინვესტიცია. მინდვრის საფარია იქ გაფუჭებული, დანარჩენი ყველაფერი კარგია.
ჩემი აზრით, ეს საინტერესო თემა უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და კლუბებისთვისაც.
ყველამ ვიცით, რომ "ჩელე არენაზე" თამაში ძალიან სახიფათოა. როცა "ზესტაფონში" და თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, ჩვენმა არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო იქ ტრავმა. თვითონ რეზო ჩელებაძეც ამბობს, რომ არსებობს პრობლემა. არ აჯობებს, დროებით, სანამ საკუთარი სტადიონი ექნება, ბათუმის "დინამომ" განმუხურში ითამაშოს?!
რა თქმა უნდა, ვხედავ კარგსაც. მომწონს ჩემპიონატის შეფუთვა. ისიც, რომ ქართულად აწერიათ ფეხბურთელებს გვარები, ოღონდ, შრიფტი ცოტა თუ გაიზრდება და გამსხვილდება, უკეთესი იქნება... ზოგადად, კარგია, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ მომავალზე. უცბად, შედეგი არ მოდის...
- შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" დაეხმარეთ ესპანურ "ხიმნასტიკთან" ფინანსური დავის მოგვარებაში...
- თბილისის "დინამომ" მოგვმართა დახმარებისთვის. ამ საქმეში უშუალოდ იყო ჩართული ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ზუხბაია. ის განათლებით იურისტია.
მოგეხსენებათ, ოთარ კაკაბაძეს დაუსრულდა კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" და გადავიდა "ხიმნასტიკში", მაგრამ საერთაშორისო საფეხბურთო რეგულაციების მიხედვით, "დინამოს" მაინც ეკუთვნოდა თანხა. თავიდან ჩვენ მოვითხოვეთ 380 ათასი ევრო. ბოლოს ცოტა მოიკლო ამ თანხის რაოდენობამ და ახლა არის დაახლოებით 360 ათასი, ცოტა მეტი - 365 ათასამდე. "ხიმნასტიკს" დაეკისრა ამ თანხის გადახდა.
ათი დღის განმავლობაში უნდა გაესაჩივრებინა ესპანურ კლუბს ვერდიქტი და არ გაასაჩივრა, ასე რომ, ახლა თანხა უნდა გადაიხადონ 20 აპრილამდე.
- რომ არ გადაიხადონ?
- არ მგონია, არ გადაიხადონ. სერიოზული კლუბია, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაშობს... თუ მაინც არ გადაიხადა, "ხიმნასტიკს" სანქციები არ ასცდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"