12:10 05-04-2017
ტორპედო-დილა 1:1 - კირკიტაძემ გასაღები მოუძებნა... [VIDEO]
AutoSharing Option
კახა ჩხეტიანის შეგირდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მეტოქეს საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს და გორელებს ძირითადად ფლანგებიდან ავიწროებდნენ. განსაკუთრებით აქტიური იყო მარცხენა ფრთა, სადაც, ჩვეულებისამებრ, აქტიური იყო გიორგი ქიმაძე, რომლის სწრაფი გარღვევები სტუმრებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.
პირველ ტაიმში ქუთაისელები არაერთხელ დაემუქრნენ მიხეილ მუჯრიშვილის კარს, მაგრამ ხან სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, ხანაც გორელთა მეკარე თამაშობდა საიმედოდ.
რაც შეეხებათ გორელებს, ისინი "მეორე ნომრად" ამჯობინებდნენ თამაშს და კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის დამწუხრებას. სტუმრების შეტევებიც ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც კარგი ტექნიკისა და სისწრაფის ხარჯზე ჟოაკიმ რიბეირო მასპინძელს მოსვენებას არ აძლევდა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ზივ არიემ ლევან ნონიკაშვილის ნაცვლად მოედანზე დავით კირკიტაძე შეიყვანა. ცვლილებამ გაამართლა - კირკიტაძე აქტიურად ჩაერთო თამაშში და გუნდიც სხვაგვარად ათამაშდა. შესვენების შემდეგ გორელებს ვეღარ იცნობდით - მოედნის ცენტრში ბურთზე კონტროლი დაამყარეს და საკმაოდ მწვავედაც შეუტიეს.
ქუთაისელები ორ ეპიზოდში აშკარა გოლს გადაურჩნენ. "ტორპედო" კონტრშეტევებზე გადაერთო. ჩხეტიანმა მოედნიდან ფორვარდი თორნიკე კაპანაძე გაიყვანა და მის ნაცვლად ნახევარმცველი ოლეგ მამასახლისი ჩართო თამაშში, რომელსაც ქუთაისელთა ცენტრის "დალაგება" დაევალა.
"ტორპედომ" კვლავ სცადა ინიციატივის ხელში ჩაგდება, თუმცა გორელები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. საგოლე მომენტები ორივე კართან იქმნებოდა.
უშეღავათო პაექრობაში დაწინაურება ქუთაისელებმა მოახერხეს, რის შემდეგაც სტუმრები ვა-ბანკზე წავიდნენ, მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მათ დაცვაში "ნაპრალებიც" გაჩნდა და ქუთაისელებს სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მიეცათ, გოლის გატანაც მართებდათ, როცა მათი 5 შემტევი მეკარისა და ერთი მცველის წინააღმდეგ დარჩა, მაგრამ... რეალური შანსი გაანიავეს.
ამის გამო მასპინძლები მალევე დაისაჯნენ. კირკიტაძემ, რომელიც ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილია და "ტორპედოში" არაერთი სეზონიც გაუტარებია, მშობლიურ კლუბს "გასაღები" მოუძებნა და ახლო მანძილიდან გატანილი გოლით "დილას" ქულა გადაურჩინა.
მატჩის შემდეგ
ზივ არიე, "დილას" მთავარი მწვრთნელი: "ქუთაისში ძალიან კარგი საფეხბურთო გარემო იყო. შესანიშნავი ამინდი, სავსე ტრიბუნები, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა... მოკლედ, ისეთი ატმოსფერო სუფევდა, წაგებაზეც არ დამწყდებოდა გული... პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ. მეორე ნახევარში კი უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. რაც "დილას" მწვრთნელი ვარ, ასეთი კარგი მეორე ტაიმი არ ჩაგვიტარებია".
კახა ჩხეტიანი, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი: "პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, შესვენების შემდეგ ინიციატივა დავთმეთ, ცოტა არ იყოს, დაღლაც დაგვეტყო. მიუხედავად ამისა, გოლი გავიტანეთ და სხვაობის გაზრდაც შეგვეძლო. კონტრშეტევისას ხუთი ერთის წინააღმდეგ აღმოვჩნდით, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ... ალბათ, დღევანდელი შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება კონცენტრაციის დაკარგვის გამო ვერ მოხერხდა".
მატჩის სტენოგრამა
10' - ქიმაძის სოლო-რეიდის შემდეგ კაპანაძე ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა ბოლო მომენტში გაგოშიძემ შეუშალა ხელი და ქუთაისელები კუთხურს დასჯერდნენ.
11' - დოლიძემ კუთხურიდან ბურთი შეტევაში ჩართულ გურამ ადამაძეს "დაასვა" თავზე, მაგრამ დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს.
43' - კაპანაძემ აბუბაქარს თავბრუ დაახვია და მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაემუქრა გორელთა კარს, მაგრამ ბურთი მუჯრიშვილმა მოიგერია.
44' - ქიმაძის ძალზე სახიფათო დარტყმა და ისევ გორელთა მეკარემ იყოჩაღა.
51' - მარჯვენა ფლანგიდან ეტუს ჩაწოდების შემდეგ ლეანდრო ვარდნაში ახლო მანძილიდან ურტყამდა. ქუთაისელები გოლისგან როინ კვასხვაძემ იხსნა.
57' - "ტორპედოს" მწვავე კონტრშეტევა. საბანაძე-კუხიანიძე-დოლიძის კომბინაციის ბოლოს ეს უკანასკნელი ვარდნაში ცდილობდა იერიშის დაგვირგვინებას, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა. იქვე მახარობლიძე ამატებდა, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს.
62' - 1:0! მარჯვენა ფლანგიდან დოლიძის ჩაწოდების შემდეგ საბანაძემ ლამაზი თავური დარტყმით "ტორპედო" წინ გაიყვანა.
69' - ტარავალემ ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გადააცილა.
82' - "ტორპედოელმა მახარობლიძემ კუხიანიძე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ამ უკანასკნელს მეკარემ არ გაატანინა.
86' - 1:1! მარცხენა ფლანგიდან გორელთა ჩაწოდების შემდეგ კვახაძე თავით ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ კირკიტაძის მისამართით შესანიშნავი პასი გამოუვიდა და ახლო მანძილიდან ანგარიში გათანაბრდა.
საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. V ტური
04.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-დილა 1:1
გოლები: 1:0 საბანაძე (62. დოლიძის პასით), 1:1 კირკიტაძე (86. კვახაძის პასით)
ტორპედო (4-4-2): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე - დოლიძე (83. ნ. კვასხვაძე), გიგაური (66. ჭიჭინაძე), კუხიანიძე, მახარობლიძე - კაპანაძე (59. მამასახლისი), საბანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, საღრიშვილი, ბაბუნაშვილი, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - ეტუ (84. ფოფხაძე), კვახაძე, აბუბაქარი, გაგოშიძე - რაზმაძე - ნონიკაშვილი (46. კირკიტაძე), წიქარიძე, ძარია (79. მათიაშვილი), ლეანდრო რიბეირო - ტარავალე.
სათადარიგოები: ხაინდრავა, ქერქუზაშვილი, პაპავა, დო როსარიო
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: კვახაძე (25), ქიმაძე (28), საბანაძე (72), რაზმაძე (75)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
სხვა მატჩები
4 აპრილი
კოლხეთი-ლოკომოტივი 0:5
5 აპრილი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
დინამო (ბთ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 10-5
დისკვალიფიკაცია
რომან ჩაჩუა (შუქურა)
თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
14: +9 =3 -2, 37-10
დისკვალიფიკაცია
გიორგი გველესიანი (დინამო)
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 7-15.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული