კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს

AutoSharing Option
ამიერიდან ზესტაფონის "მარგვეთი 2006" მშობლიურ ქალაქში ითამაშებს. "ზესტაფონისა" და ამ კლუბის მენეჯმენტს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, "მარგვეთი" საშინაო მატჩებს "ზესტაფონის" ბაზაზე ჩაატარებს. ის საქართველოს რანგით მესამე ლიგაში თამაშობს და პირველი შეხვედრა უკვე მოიგო - საშინაო კედლებში 2:1 დაამარცხა ზუგდიდის "ოდიში 1919"...

გულშემატკივრები გახარებულები არიან და მიაჩნიათ, რომ ეს კონსესუსი კარგად აისახება ზესტაფონური ფეხბურთის მომავალზე.

"ლელო" "მარგვეთისა" და "ზესტაფონის" წარმომადგენლებს ელაპარაკა.

დავიწყოთ "მარგვეთის მწვრთნელ მალხაზ ღონღაძით, ვინც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ცოცხალი ლეგენდაა ადგილობრივი ფეხბურთისთვის. წლების განმავლობაში იყო ზესტაფონური "მარგვეთის" ლიდერთაგანი, აქტიური
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ კი ხელი მწვრთნელობას მიჰყო:

"დღევანდელი დღით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშეთ. მოხარული ვარ, რომ ასეთი დამოკიდებულებაა ზოგადად. მთავარი ის არის, რომ ფეხბურთი დაბრუნდა ზესტაფონში. ის არც ჩემია და არც ვინმესი კონკრეტულად. ის მთელი ზესტაფონის არის.

დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, რომ "ზესტაფონის" ბაზაზე ვთამაშობთ და ვვარჯიშობთ. დამიჯერეთ, ვარჯიშსაც კი ვერ ვგეგმავდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ვიცოდი, სად უნდა გვევარჯიშა. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია და ვარჯიშთან ერთად შინაც ვთამაშობთ. "ზესტაფონის" ბაზაზე ძალიან კარგი მინდორია. მადლობა ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში მიიღო მონაწილეობა".

"მარგვეთის" მენეჯერი მამუკა მდინარაძე ამბობს:

"მოხარულები ვართ იმ შეთანხმების გამო, რომელიც შედგა "ზესტაფონის" და ჩვენი კლუბის მენეჯმენტს შორის. დღეს მაყურებელმა ძალიან გაიხარა ჩვენი გამარჯვებით. ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივარი მომავალშიც გავახაროთ.

ჩვენ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ვივარჯიშებთ და ვითამაშებთ "ზესტაფონის" ბაზაზე. რაც შეეხება რანგით მესამე ლიგას, აქ არაერთი ისეთი ფეხბურთელია, თავის დროზე უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია. ძალიან დაძაბული პირველობა გველის ყველა დონეზე. ჩვენ გვინდა წინ ვიაროთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გეგმაზომიერად და არა - ფორსირებულად. ძალიან კარგი თაობა მოდის და დადგება დრო, ეს ბიჭები აუცილებლად დაწინაურდებიან მთავარ გუნდში".

"ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე:

"საფეხბურთო კლუბი "მარგვეთი 2006" შექმნის დღიდან სწორედ ჩვენს კუთვნილ, ეგრეთ წოდებული "ფეროს" ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ვარჯიშობდა და თამაშობდა აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ეს ყველაფერი გრძელდებოდა შარშანდლამდე, სანამ ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ სტადიონის ავარიული მდგომარეობის გამო არ აგვიკრძალა იქ მატჩების ჩატარება.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ "ფეროს" სტადიონზე ჩავატაროთ სამუშაოები. ჩვენი საბოლოო ჩანაფიქრი ითვალისწინებდა იქ ბუნებრივი საფარის დაგებას. გუნდი, რომელშიც 80 პროცენტი ჩვენი კლუბის აღსაზრდელია, ასეთ მდგომარეობაში რომ იყო, არც ჩვენთვის იყო სასიამოვნო.

მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მათ ჩვენგან მიიღეს შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად ვიყავით, ბავშვთა ყველა გუნდს იქ ევარჯიშა აბსოლუტურად უსასყიდლოდ. ჩვენ მაშინვე განვუმარტეთ კოლეგებს "მარგვეთიდან", რომ ამ ინფრასტრუქტურის მოვლა დაკავშირებულია ხარჯებთან და საჭირო იქნებოდა გარკვეული საზღაურის გადახდა.

გარკვეული ფიქრის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი შეთავაზება სწორი და მისაღები იყო. დღეს ჩვენ შეთანხმებულები ვართ. მინდა, "მარგვეთს" წარმატებები ვუსურვო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მინდორი დაუტმეტ? მგონი მარტალს ამბობენ დადო კერცხი ერტმა?
0
რამდენ გაჭირვებულს უნდა მიხედო ქვეყანაზე?
sakavrieli
13:04 05-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული