არ იცით, რა არის "ელ მანდარინო"?! ინტერვიუ ვაკო თევდორაძესთან

AutoSharing Option
უცნაური ჩემპიონატი გვაქვს: ორი ტურის წინ ბათუმის "დინამო" მე-9 ადგილზე იყო, მაგრამ ჯერ ზესტაფონში საჩხერის "ჩიხურა" დაამარცხა (1:0), შემდეგ აჭარულ დერბიში - ქობულეთის "შუქურა" (2:0) და ლევან ხომერიკის გუნდი სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე დაწინაურდა. ამაში დიდი წვლილი ვაკო თევდორაძემ შეიტანა - მან ორივე შეხვედრაში გოლები გაიტანა.

ბათუმელთა ნახევარმცველი 23 წლისაა და ამის ფონზე გასაოცარი ფაქტია - ის "დინამოს" ფორმით უკვე მე-7 წელია თამაშობს. თავი ხშირად გამოუჩენია არაორდინარული და საინტერესო ფეხბურთით. ბოლო ტურებში კი ლევან ხომერიკის გუნდს მხსნელად მოევლინა.

"ლელომ" ბათუმელთა
23 წლის ფეხბურთელს ინტერვიუ ჩამოართვა:

- რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, ზედიზედ ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში გოლები რომ გავიტანე - ეს "დინამოს" წინსვლაში დაეხმარა. პირადად მე კი ძალიან მჭირდებოდა, რადგან ბოლო დროს ხშირად თამაში აღარ მიწევდა. მაგრამ თემურ შონიას მცირე ტრავმა აწუხებს, მწვრთნელი მენდო, ძირითადში დამაყენა და მიხარია, რომ ნდობა გავუმართლე.

- ერთი ხანობა, ბათუმის "დინამოს" შეუცვლელი მოთამაშე იყავი, მაგრამ მერე შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდი - რა იყო ამის მიზეზი?
- ყველაფრის თავი ტრავმები იყო. ჩვენ ქობულეთის "ჩელე-არენაზე" ვვარჯიშობდით, რომლის საფარზეც ბევრი თქმულა და მე ახალს ვერაფერს დავამატებ. იქ გასვლაც კი ცუდად მოქმედებდა - დატვირთვებზე უკანა კუნთები ეგრევე მეჭიმებოდა, ბოლოს კი სერიოზულად დავშავდი და ექვსი თვე გამიცდა. მერე დრო დამჭირდა, ცალკე ფორმის აღსადგენად და ცალკე - ძირითადში დასაბრუნებლად. არადა, ამ დროს მოვიდა თემურ შონია, რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა. სხვათა შორის, ბოლო ტურში "შუქურას" რომ მოვუგეთ, საზარდული ისევ დამეჭიმა.

ექიმები ამ საფარზე დატვირთვას მიკრძალავენ, მაგრამ აჭარაში სხვა სტადიონი აღარ დარჩა და რა ვქნა, თამაშზე უარს ხომ არ ვიტყვი? იმედია, სერიოზული არაფერია და ცუდი პერიოდი უკან ჩამოვიტოვე.

- თქვენ ბათუმის სარაგბო სტადიონზე ვარჯიშობთ და საინტერესოა, იქ უკეთესი საფარია?
- შედარებაც არ შეიძლება. იქ ბურთის გაგორებაც გაცილებით ადვილია, სირბილზე კუნთები არ გეჭიმება და ფეხებისთვის გაცილებით უკეთესია. ქობულეთის სტადიონზე კი კაუჩუკი ყრია და ბატუტივით არის. შეგვპირდნენ, რომ თბილისის "დინამოს" რაგბის სტადიონზე ვუმასპინძლებდით. ახლა ეს ვერ ხერხდება, მაგრამ ყველას ძალიან გვინდა, რომ იქ დროულად გადავიდეთ და არა მხოლოდ საკუთარ ქალაქში ვითამაშოთ, არამედ - შედარებით ნორმალურ საფარზეც.

გრუნტის ხშირი ცვლისა და უხარისხო საფარის გამო ჩვენთან ბევრი ტრავმირებულია და იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება.

- ბათუმის "დინამო" საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ არასტაბილურიც. მიმდინარე სეზონი ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს...
- ეს ფაქტია. დაკვირვებული ვარ - ძლიერ გუნდებთან უფრო კარგად ვთამაშობთ და მოგება რომ გვჭირდება, ამას ხშირად ვახერხებთ კიდეც. გაიხსენეთ, პლეი ოფში თბილისის "დინამოს" მოვუგეთ და ევროპის ლიგაზე გავედით. წლეულს კი საჩხერის "ჩიხურა" და გორის "დილა" დავამარცხეთ, რაც იოლი ნაღდად არ ყოფილა. "ელ მანდარინოც" პრინციპული იყო და მისმა მოგებამაც ძალიან გამახარა.

- "ელ მანდარინო"? ეს რა არის?!
- არ იცოდით, აჭარულ დერბის ყველა "ელ მანდარინოს" რომ ვეძახით? რეზო ჩელებაძე ენაკვიმატი კაცია და ერთხელ მისგან გავიგეთ. ბათუმის "დინამოს" და "შუქურას" თამაშს "ელ მანდარინო" უწოდა და ისე მოგვეწონა, მაშინვე ავიტაცეთ.

- რას ფიქრობ, წლეულს ბათუმის "დინამო" სამეულში მოხვედრას მოახერხებს?
- იმედი მაქვს, რადგან შემადგენლობითაც გავძლიერდით და რაც მთავარია, ერთსულოვანი და ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. წაუგებელი გუნდი საქართველოში არაა და ჩვენც ყველა შეხვედრას ვერ ვიგებთ, მაგრამ მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად გავდივართ.

- როგორც ვიცი, ბათუმის "დინამოს" გაზრდილი ხარ...
- ფაქტობრივად, ასე გამოვიდა. ადრე ჩვენი პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე იყო, რომელმაც საფეხბურთო სკოლა "ლუკა" ჩამოაყალიბა. ზუსტად 16 წლის გავხდი, იქიდან ბათუმის "დინამოში" რომ გადამიყვანეს. მაშინ გუნდი უკვე პირველ ლიგაში იყო და მეც შეცვლებზე მათამაშებდნენ - ჯერ იშვიათად, მერე უფრო ხშირად და აგერ, უკვე მე-7 წელია, გუნდის წევრი ვარ.

- ასაკობრივ ნაკრებებში თუ გითამაშია?
- მხოლოდ ერთხელ გამომიძახეს, 17-წლამდელთა ნაკრებს გელა შეყილაძე, ასლან ბალაძე და ლევან ხომერიკი რომ ავარჯიშებდნენ. პორტუგალიაში ოთხთა ტურნირზეც წამიყვანეს და მათამაშეს. მაგრამ მას შემდეგ არც ერთხელ არც ერთ ნაკრებში აღარ მიწვევდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული