ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: "სამტრედია"-"ტორპედო" და "დინამოების" ჯახი

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VI ტური 8 აპრილს გამართული ორი მატჩით გაიხსნა. დღეს კი დანარჩენი სამი შეხვედრა ჩატარდება.

სამტრედია-ტორპედო
საფეხბურთო კვირადღის პირველი მატჩი, ამ ტურში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგოა: ორივე გუნდს ხომ საკმარისზე მეტი ამბიცია აქვს მიმდინარე სეზონში და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ორივე გუნდს ახალგაზრდა და ასევე ამბიციური სპეციალისტი წვრთნის: გია ცეცაძე ("სამტრედია") და კახა ჩხეტიანი ("ტორპედო").

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მიმდინარე სეზონში ვერც "სამტრედია" და ვერც "ტორპედო" სტაბილურად ვერ ახერხებენ ასპარეზობას, არადა, ორივე გუნდს ფავორიტთა შორის მოვიხსენიებდით. მაგრამ,
თუ სატურნირო ცხრილს გადავხედავთ, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ XXIX ჩემპიონატის ლამის "საფირმო ნიშნად" ქცეულ რეალობას: ყოველი ტურის მერე იმდენი რამე იცვლება, რომ ერთდროულად რამდენიმე საფეხბურთო ტერმინი ("დროებითი კრიზისი", "შეუთამაშებლობა", "სასტარტო პრობლემები") გვეჩვენება აშკარად არააქტუალურად...

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, როცა მარტვილში საქართველოს სუპერთასი ჩატარდა: საქართველოს ჩემპიონმა "სამტრედიამ" დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (2:1) თასის მფლობელ "ტორპედოს".

თუმცა, ეგ კიდევ არაფერი: 26 აპრილს "ტორპედო" და "სამტრედია" ამჯერად უკვე საქართველოს თასზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს...

დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ძველი მეტოქეების მატჩიც, რაღა თქმა უნდა, ასევე ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და ამას სატურნირო ცხრილიც მოწმობს. იმის გარდა, რომ ორივე "დინამოს" ფაქტობრივად, იდენტური მაჩვენებლები აქვს, ისიც სათქმელია, რომ ამ ბოლო დროს ორივე გუნდი "პარალელური რეჟიმით" ასპარეზობს ეროვნულ ლიგაში!

აგერ, მარტის თვეში ჩატარებული ბოლო ტური ორივე გუნდმა წააგო, მერე კი აპრილის დასაწყისში, ორივე გუნდმა ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, თანაც, არცთუ იოლ მეტოქეებთან.

აბა, როგორი საქმეა, როცა სტუმრად "ჩიხურას" მოუგებ, რაც ლევან ხომერიკის დამოძღვრილმა ბათუმის "დინამომ" მოახერხა და ამას, "აჭარულ დერბიში" გამარჯვებაც დაემატა! ისიც აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა ბოლო ორი მატჩი ისე მოიგეს, საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ; და ერთი კონკრეტული ფეხბურთელიც გვინდა გამოვყოთ: 23 წლის ვაკო თევდორაძე ზედიზედ ორი მატჩია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს!

...აპრილის დასაწყისში ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე მოვლენების ისეთ განვითარებას, რის მიხედვითაც, თბილისის "დინამო" ერთმანეთზე ურთულეს ორ მატჩში 6 ქულას მოაგროვებდა. თუმცა, უამრავი სირთულის მიუხედავად, დინამოელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ თავისი გუნდის თამაშში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა.

რაც მთავარია, წარმატების მომტანი ცვლილებები განახორციელა და შედეგიც სახეზეა: "დინამომ" ჯერ მოქმედ ჩემპიონს "სამტრედიას" მოუგო სტუმრად, მერე კი ამ სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, "ჩიხურას" აჯობა საშინაო მატჩში.

ჩიხურა-საბურთალო
თითქმის 3 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც "ჩიხურამ" ზედიზედ 2 მატჩი წააგო უმაღლეს ლიგაში. ეს იყო 2013/14 წლების სეზონის ბოლო. საჩხერელებმა ეს უკანასკნელი წლების ანტირეკორდი ახლაღა გაიმეორა.

რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში არაფერი არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მაინც მოულოდნელად გვეჩვენა ბოლო წლების ყველაზე სტაბილური ქართული გუნდის ზედიზედ ორი მარცხი.

თუმცა, ეს ორი წაგება ბევრს არაფერს ცვლის: სატურნირო ცხრილში ხომ ისედაც დიდი სიმჭიდროვეა და ერთი მოგებითაც "ჩიხურა" უკვე ლიდერთა შორის დაბრუნდება. თანაც, ძალიან ბევრი გუნდისგან განსხვავებით, "ჩიხურას" გამოცდილ თავკაცს სოსო ფრუიძეს თამამად შეუძლია როტაცია მოახდინოს ძირითად შემადგენლობაში.

აი, მისი ახალგაზრდა კოლეგა, გიორგი ჭიაბრიშვილი კი ამ ფუფუნებას ნამდვილად მოკლებულია და "საბურთალოში" ისედაც არსებულ საკადრო პრობლემებს ახლა უკვე ელვინ ტერას დისკვალიფიკაციაც დაემატა. არადა, ამ საკადრო პრობლემების მიუხედავად, "საბურთალომ" სეზონი ჩინებულად დაიწყო (გამონაკლისი, მხოლოდ "კოლხეთთან" მატჩი იყო) და გარკვეული პერიოდი დამსახურებულადაც ლიდერობდა.

ეროვნული ლიგა. VI ტური
9 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
სამტრედია-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
32: +9 =6 -17, 32-60

ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
50: +7 =8 -35, 44-104
დისკვალიფიკაცია
ლაშა თოთაძე (დინამო თბ)

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 20:00
ჩიხურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 3:3
დისკვალიფიკაცია
ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა) - ელვინ ტერა (საბურთალო)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტორპედო წინ....დღეს მხოლოდ მოგება.. ტორპედოს გაუმარჯოსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს
win torpedo win torpedo
09:58 09-04-2017
0
dges samtrediashi bevri ram gadawydeba... imedia ERT TAMASHS MAINC MOIGEBS SAXLSHI SAMTREDIAA.. MAGRAM ARAMGONIA
dges bevri ramgadawydeba
13:16 09-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული