მამია გავაშელიშვილი: ლიდერობა დავიმსახურეთ!

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ ყველა განსაკუთრებული ინტერესით ელოდა მამია გავაშელიშვილის თამაშს: 22 წლის თავდამსხმელმა 2014/15 წლების სეზონში პირველი ლიგის 38 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგიანი თავდამსხმელი საქართველოს ჩემპიონატებში მერაბ მეგრელაძე, ზვიად ენდელაძე და ოთარ კორღალიძე იყვნენ, ბოლო წლებში კი გიორგი ქვილითაია თუ გვახსენდება, რომელმაც "სასკოში" ყოფნისას 25 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

...გავიდა დრო, გავაშელიშვილმა უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი ჩაატარა (სრული და გარდამავალი), მაგრამ 16 შეხვედრაში სულ 5-ჯერ გამოიჩინა თავი. აღმავლობა დაღმასვლამ და იმედგაცრუებამ შეცვალა და უდავოდ ნიჭიერი
ფორვარდი დაიჩრდილა. "ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში ის გიორგი დევდარიანმა დააბრუნა და ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშიდან თამაშამდე უკეთ გამოიყურება.

ქობულეთის "ჩელე არენაზე", ფოთის "კოლხეთისა" და თბილისის "ლოკომოტივის" შეხვედრაში (თბილისელებმა 5:0 გაიმარჯვეს) მთავარი მოქმედი პირი სწორედ გავაშელიშვილი გახლდათ - თავად ჰეთ-თრიკი შეასრულა, ირაკლი სიხარულიძეს კი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ამას გარდა, ახალგაზრდა თავდამსხმელს კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ერთ შეხვედრაში 3 გოლი და საგოლე პასი ისედაც ჩინებული მაჩვენებელია...

- უმაღლეს ლიგაში შესრულებული პირველი ჰეთ-თრიკი ახლა ჰაერივით გჭირდებოდათ...
- საკუთარი თავის რწმენაც ძალიან მჭირდებოდა, გახსნაც და იღბალიც - ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. როცა იღბალი მწყალობდა, არაფრიდანაც რაღაც გამომდიოდა.

მერე ისეთი პერიოდი დამიდგა, ასპროცენტიანი მომენტების გამოყენებასაც ვეღარ ვახერხებდი. გარდამავალ ჩემპიონატში საქმეები კარგად არ მიმდიოდა და სეზონი ჩამივარდა, რადგან ჩვენი მაშინდელი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა ძირითადში საერთოდ არ მათამაშებდა და არც მენდობოდა. მერე კოჭის ტრავმა მივიღე და თამაშის შანსიც აღარ მქონდა.

წლეულსაც ვერ დავიწყე კარგად, რადგან ტრავმის გამო შეკრებაზე 10 დღე გამიცდა, არადა, გატანა აქამდეც შემეძლო - ქუთაისის "ტორპედოსთანაც" და ბათუმის "დინამოსთან" რეალური მომენტები მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე.

- ალბათ, პირველი ლიგის შემდეგ უმაღლესში გადასვლა და ახალ რეალობასთან შეგუებაც არ იყო ადვილი...
- რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, მაგრამ მთავარი მაინც სათამაშო პრაქტიკაა და ადამიანი ყველაფერს შეეჩვევი. ასეთ დროს, ფეხბურთელს ნდობა სჭირდება, რაც გიორგი დევდარიანისგან ვიგრძენი. სწორედ ამან "გამხსნა" და ამათამაშა. ის გაფუჭებული მომენტების შემდეგაც მამხნევებდა და მათამაშებდა. უკვე 4 შეხვედრა ჩავატარე და ვგრძნობ, ახლა გაცილებით თავდაჯერებული ვარ.

- სიხარულიძესთან ერთად კარგი შემტევი დუეტი შექმენით "კოლხეთთან" მატჩში...
- საერთოდ, წლეულს "ლოკომოტივში" კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და მიმაჩნია, რომ ძლიერი შემტევებიც გვყავს. სიხარულიძესთან თამაში სასიამოვნოა, ადვილად მიგებს და შევთამაშდით კიდეც. თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, "კოლხეთს" ასეთი ანგარიშით თუ დავამარცხებდით. ფოთელებთან თბილისის "დინამოსაც" გაუჭირდა, ლიდერი "საბურთალო" დაამარცხა და გასვლაზე "შუქურასაც" მოუგო. ასეთ გუნდთან 5:0 დიდი მიღწევაა!

ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, გოლი სწრაფად გავიტანეთ და მეტოქე გატყდა, მაგრამ ფოთელებზე კენიელი მცველის ტრავმამ ძალიან ცუდად იმოქმედა. სანამ ის მოედანზე იყო, თამაშობდნენ, მერე კი წინააღმდეგობა ვეღარ გაგვიწიეს.

ფაქტია, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ლიდერობა დავიმსახურეთ, რაც ძალიან მახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მივმართავ ფედერაციას.მიხედეთ საფეხბურთო კლუბს და სკოლას სამაჩაბლოს.მართალია 5 ლიგაში არიან მარგრამ ნამდვილი დევნილების გუნდი და ნამდვილი ცხინვალის ელიტა მანდ მუშაობს თან უხეოფასოთ.დანარჩენი ლიახვი და ცხინვალი გუნდები სიაბანდები არიან მარტო ფედერაციის და მთავრობის ფულს ჭამენ .
ნოდი
19:55 07-04-2017
0

სიახლეები პოპულარული