11:55 10-04-2017
სამტრედია-ტორპედო 0:2 - დამაჯერებელი რევანში სუპერთასის გამო [VIDEO]
AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, როცა მარტვილში გამართულ სუპერთასზე "სამტრედიამ" 2:1 გაიმარჯვა. ამ წაგების გამო ქუთათურები გუშინდელ შეხვედრაში ორმაგად მოტივირებულნი იყვნენ და იმერულ დერბიში სრულფასოვანი რევანშიც აიღეს.
რიონისპირელები მეზობელ სამტრედიაში გულშემატკივართა დიდი არმიის თანხლებით ჩავიდნენ. "ტორპედოს" "ულტრასებმა" თამაშამდე იმდენი პიროტექნიკა გამოიყენეს, ნახევარი სტადიონი კვამლით დაიფარა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, "ეროსი მანჯგალაძეზე" მაინც საკმარისად იყო მაყურებელი.
მატჩის დაწყებამდე გუნდებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
სტარტზე თანაბარი თამაშის შემდეგ მცირეოდენი უპირატესობა სამტრედიელებმა მოიპოვეს. ისინი მოკლე პასებითა და კომბინაციებით ცდილობდნენ ქუთაისელთა უკანა ხაზში ბზარების მოძებნას, მაგრამ სტუმრები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ და სამტრედიელთა შემტევებს ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ.
თემურ მარკოზაშვილის მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, პირველ ტაიმში "სამტრედიას" რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონია.
ტაიმის შუაწელიდან ტორპედოელებიც გააქტიურდნენ და თავიდან შორეული დარტყმებით სცადეს მასპინძლების დამწუხრება, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.
სამაგიეროდ, ცოტა ხანში ბიძინა მახარობლიძისა და ნიკა საბანაძის დიდებული თამაშის წყალობით, რომელიც აგერ, უკვე მესამე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, თითქმის არაფრისგან "გამოაცხვეს" გოლი და პირველი ტაიმი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
მეორე ნახევარში სამტრედიელებმა ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწიეს და შეტევები გაამწვავეს, მაგრამ "ტორპედო" დაცვაში კვლავ უშეცდომოდ ირჯებოდა, საპასუხოდ კი კონტრშეტევებით ცდილობდა მასპინძლების დასჯას.
მართალია, ანალოგიურმა ტაქტიკამ წინა ტურში "დილასთან" არ გაამართლა, მაგრამ ამჯერად ქუთაისელებმა შანსი უკეთესად გამოიყენეს - სწრაფი კონტრშეტევა მახარობლიძემ დააგვირგვინა.
0:2-ის შემდეგ გია ცეცაძის შეგირდებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს, "ტორპედომ" კი მატჩი წყნარად მიიყვანა გამარჯვებამდე და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 26 აპრილს, თასის მერვედფინალურ შეხვედრაში შედგება.
მატჩის სტენოგრამა
6' - ჩაგელიშვილი მცველებს გასცდა და საჯარიმოში მარკოზაშვილი მოძებნა. ამ უკანასკნელის დარტყმას მცველი გადაეღობა და მდგომარეობა განმუხტა.
32' - დოლიძის შორეული დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია.
33' - გოლი! მარცხენა ფლანგზე მახარობლიძემ ბოლომდე იბრძოლა, ორ მცველს გასცდა და მეკარის საჯარიმოსთან ახლოს გადააწოდა საბანაძეს, რომლის დარტყმული ბურთი სანდოხაძეს ფეხებს შორის გაუძვრა და ბადეში აღმოჩნდა.
49' - მჭედლიშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბერიაშვილი "მაკრატელათი" ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ ბურთს ხურცილავა გადაეღობა და მდგომარეობა განმუხტა.
65' - საჯარიმოს მისადგომებიდან დავით ჯიქიას სახიფათო დარტყმა და ბურთს კვასხვაძე ეუფლება.
80' - გოლი! ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევა. საბანაძის გადაცემის შემდეგ მახარობლიძე მეკარესთან პირისპირ რჩება და 0:2!
მატჩის შემდეგ
კახა ჩხეტიანი, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი:
"თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება გვჭირდებოდა. "სამტრედია" ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია, ძლიერი მწვრთნელი ჰყავს და მასთან მოგება ძალიან რთულია. ღვთის წყალობით, დღეს 3 ქულის აღება მოვახერხეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის. მათ გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგეს. ასევე დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ცუდი ამინდის მიუხედავად, სამტრედიაში ჩამოსვლა რომ არ დაიზარეს და ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ".
გია ცეცაძე, "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი:
"ცუდად ვითამაშეთ, "ტორპედომ" გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ ქუთაისელებს გამარჯვებას, კარგი გუნდი ჰყავთ და წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი, საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ და უფრო აგრესიულად უნდა შევუტიოთ".
ეროვნული ლიგა. VI ტური
08.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 საბანაძე (33. მახარობლიძის პასით), 0:2 მახარობლიძე (80. საბანაძის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ახალაძე (61. სუხომლინოვი) - დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი - ჯიქია (69. სამუშია), მარკოზაშვილი, ბერიაშვილი - ჩაგელიშვილი (75. ნინუა).
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, გოგიაშვილი, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური, მამასახლისი - დოლიძე (69. ტუღუში), კუხიანიძე (77. ბაბუნაშვილი), მახარობლიძე - საბანაძე (84. კაპანაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: რაჟამაშვილი (29), მარკოზაშვილი (39), გიგაური (44), მახარობლიძე (51), ადამაძე (72), კვასხვაძე (86)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
მომდევნო ტური
12 აპრილი
ლოკომოტივი-დილა
13 აპრილი
კოლხეთი-სამტრედია
დინამო (თბ)-შუქურა
საბურთალო-დინამო (ბთ)
ტორპედო-ჩიხურა.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სამტრედიას გუნდი იტკვის იტკვას ბოგმა რომ ხარ მ ტ კ დ
0
0
სამტრედიასი მოკვდა ფეხბურტი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული