"ტორპედოსთვის" "ჩიხურა" ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა. თავად განსაჯეთ, ქუთაისელებმა ზემოიმერლები ბოლოს 3 წლის წინ დაამარცხეს, ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში კი გამარჯვება "ჩიხურას" დარჩა. აქედან 3 მატჩი ზემოიმერლებმა სულაც ქუთაისში მოიგეს.
ქუთაისელები მათთვის უხერხულ მეტოქესთან სათამაშოდ კარგი განწყობით გავიდნენ მოედანზე. მათ ხომ წინა ტურში "სამტრედიასთან" სუპერთასზე წაგებისთვის აიღეს რევანში და ახლა მეორე დერბიშიც 3 ქულას გეგმავდნენ.
უგუნებოდ
შეხვედრა საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე წარიმართა. მატჩის დაწყებამდე ძლიერი ქარი ამოვარდა და ამას დაერთო წვიმაც. ასეთ ამინდს თავიდან ალღო უკეთ საჩხერელებმა აუღეს და თამაში აქტიურად დაიწყეს. მასპინძლებმა კი მღელვარება ვერ დაძლიეს და საწყის წუთებში საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით - მათი უკანა ხაზი სცოდავდა.
მცველების პირველივე შეცდომისას "ტორპედო" როინ კვასხვაძის დიდებულმა "სეივმა" იხსნა, მაგრამ ცოტა ხანში რიონისპირელთა დაცვა კიდევ ერთხელ "ჩავარდა" და "ჩიხურა" სწრაფი გოლით დაწინაურდა. იქამდე მასპინძლებს ბიძინა მახარობლიძე დაუშავდათ და შესაცვლელი გაუხდათ.
გაშვებული გოლის შემდეგ ტორპედოელები გააქტიურდნენ და 11-მეტრიანი დარტყმით ანგარიში მალევე გაათანაბრეს.
შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში გაგრძელდა, ფეხბურთელები სიხისტესაც არ ერიდებოდნენ და ეს ყვითელი ბარათების რაოდენობაშიც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმის დარჩენილ დროში რეალური საგოლე მომენტები აღარ ყოფილა.
შესვენების შემდეგ "ტორპედო" უფრო მოტივირებული ჩანდა და გაცილებით აგრესიულად უტევდა. თავიდან მასპინძლებს სტუმრებიც აჰყვნენ ტემპში, მაგრამ მალე მეორე ყვითელი ბარათის გამო ლევან კაკუბავა გააძევეს, რამაც "ჩიხურა" სერიოზულად დააზარალა.
ბოლო 25 წუთი ქუთაისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. კახა ჩხეტიანმა შოთა ბაბუნაშვილის ნაცვლად მოედანზე ლაშა კუჭუხიძე შეიყვანა და "ტორპედომ" სამი ფორვარდით შეუტია. მოგვიანებით, ნიკა საბანაძის ნაცვლად მოედანზე შესული თორნიკე კაპანაძეც აქტიურად ჩაერთო თამაშში.
ქუთაისელები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, მაგრამ ხან დინო ჰამზიჩი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხანაც მასპინძლები ვერ ასწორებდნენ მიზანს.
საერთოდაც, წლეულს "ტორპედოს" სუსტი წერტილი საგოლე მომენტების რეალიზაციაა. მარტო ამ მატჩის ბოლო წუთებზე იმდენი საგოლე შანსი გაუშვეს ხელიდან, ბარე ორ თამაშს ეყოფოდა.
თუმცა, რაც მთავარია, 81-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა და თავისიანებს უხერხული მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა. ამ მოგებით "ტორპედო" სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე აღზევდა.
მატჩის სტენოგრამა
4' - ადამაძის შეცდომის შემდეგ ტატანაშვილი კარში ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ "ტორპედო" გოლისგან როინ კვასხვაძემ იხსნა.
10' - გოლი! ქუთაისელთა დაცვა "ჩავარდა" და გიორგი ივანიშვილმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა - 0:1.
14' - გოლი! დავით ხურცილავა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში აკეთებდა გადაცემას, ბურთი ხელზე მოხვდა მცველს და სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად აქცია კუხიანიძემ - 1:1.
26' - გიგაურის ძლიერი დარტყმა მეკარე ჰამზიჩის ნადავლი აღმოჩნდა.
40' - ქიმაძის სახიფათო ჩაწოდება, საბანაძე მცველებს დაუსხლტა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ბურთს თავით ვერ შესწვდა.
50' - მირცხულავას საკუთარ საჯარიმოში ფეხი დაუცდა, შედეგად ნიკა საბანაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ჰამზიჩსაც გასცდა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ვარდნაში შეძლო მისთვის ბურთის ართმევა, საბანაძე კი დაეცა და ტორპედოელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.
53' - დოლიძის საჯარიმო დარტყმა ხარიხას გადასცდა.
70' - საბანაძემ მკერდით დაამუშავა ბურთი და საჯარიმოს გარედან ძლიერად დააქუხა. სტუმრები გოლისგან ჰამზიჩის ნახტომმა იხსნა.
71' - "სტანდარტულის" შემდეგ ადამაძე ეფექტურად, "მაკრატელათი" ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ კარს მცირედით ააცილა.
72' - სარდალიშვილმა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კვასხვაძემ მოიგერია.
81' - გოლი! დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კუხიანიძემ ეფექტური თავურით "ტორპედო" წინ გაიყვანა - 2:1.
83' - კაპანაძემ კუჭუხიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ქუთაისელმა ფორვარდმა ჰამზიჩს ვერ აჯობა.
84' - ახლო მანძილიდან კაპანაძის თავური კარს მცირედით ასცდა.
85' - დოლიძის სახიფათო დარტყმა ჰამზიჩმა მოიგერია.
89' - კუჭუხიძემ ხუთიოდე მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
ეროვნული ლიგა. VII ტური
13.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-ჩიხურა 2:1
გოლები: 0:1 ივანიშვილი (10), 1:1 კუხიანიძე (14-პენ), 2:1 კუხიანიძე (81. დოლიძის პასით)
ტორპედო (4-1-4-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური - დოლიძე, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (62. კუჭუხიძე), მახარობლიძე (10. ტუღუში) - საბანაძე (78. კაპანაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, მამასახლისი, საღრიშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაკუბავა, მირცხულავა, ჭელიძე - დობროვოლსკი, განუგრავა - ივანიშვილი (82. გეგეჭკორი), გორგიაშვილი, დეკანოიძე (59. სარდალიშვილი) - ტატანაშვილი (77. ლექვთაძე).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, გრიგალაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: გორგიაშვილი (19), გიგაური (19), მირცხულავა (22), ჭელიძე (28), კაკუბავა (37), გურული (54), კორიფაძე (55)
გაძევება: კაკუბავა (52)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5
მომდევნო ტური
21 აპრილი
შუქურა-დილა
ჩიხურა-კოლხეთი
22 აპრილი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო
23 აპრილი
დინამო (თბ)-საბურთალო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მოგებული კლუბის ქომაგებისათვის საინტერესო ხდება ჩემპიონატი,შემდეგ წაგებამდის, ეს ჩვეული რეაქციაა :)
სინამდვილეში გასასვენებლად გამზადებულია ქართული ფეხბურთი,ეგაა რომ გასვენება არ იქნება მთლად უფერული, შეფუთული რაღაც კომპონენტებით გალამაზებული გაასვენებენ ...
სანამ საბიუჯეტო კლუბები არსებობთ ამ უცნაური მმართველებით ან ღარიბი მფლობელები ჰყავთ კლუბებს, მანამდის სულ ასე იქნება.
როგორაა მხოლოდ ჩაჩავასათვის მისაყიდ კლუბს სააუქციონო ფასი კიდევ ვერ დაუდგინეს სამხარაულში? ახლა ხომ კურსი 2.37-ია და არა იანვრის 2.7?