14:31 24-04-2017
დინამო(თბ)-საბურთალო 2:0 - "დინამოს" კომპლექსი? [VIDEO]
AutoSharing Option
მათ ამჯერადაც ამის დიდი სურვილი და მშვენიერი შესაძლებლობებიც ჰქონდათ, მაგრამ ამ რთული ამოცანის დაძლევაში ხელს ისიც უშლიდათ, რომ ტრავმირებული ლიდერი (და კაპიტანი) გიორგი ხარაიშვილი აკლდათ. "დინამოს" რიგებში კი კლუბისგან დასჯილი გიორგი პაპუნაშვილი ვერ ვიხილეთ.
თავიდან "საბურთალოსთვის" ყველაფერი კარგად მიდიოდა. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა მეტოქის წინააღმდეგ თამაში ისეთი მკაცრი პრესინგით დაიწყეს, დინამოელებს შეტევების ორგანიზება გაუჭირდათ და მატჩის დასაწყისში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ.
საბოლოოდ, "დინამომ" უპირატესობაც მოიპოვა, გოლებიც გაიტანა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ამაში გუნდის ყველა წევრს მიუძღვის თავისი წვლილი, მაგრამ უსამართლობა იქნება, გიორგი ჩაკვეტაძე რომ არ გამოვარჩიოთ - ეს 17 წლის შემტევი ნახევარმცველი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და გუნდის მორცხვი დებიუტანტიდან ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, სითამამითა და ასაკისთვის უჩვეულოდ კარგი თამაშით მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
იმედია, გიორგი ზრდას გააგრძელებს და თუ ასე მოხდა, ვფიქრობ, საქართველოს მალე მაღალი დონის მოთამაშე ეყოლება...
უნდა ვახსენოთ ლუკა ლაკვეხელიანიც. მართალია, სტუმრებმა წააგეს და ეს ბიჭიც ეპიზოდებში ცდებოდა, მაგრამ მარცხენა მცველების დეფიციტში მისი გვარი მოსანიშნია - ამ 18 წლის ბიჭის სახით უდავოდ საინტერესო მოთამაშე გამოჩნდა.
საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული. რამხელა შეცდომა იყო მათი განათხოვრება და განზე გაწევა - ისინი ახლა "დინამოს" ლიდერები არიან.
გიორგი თევზაძე ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ მოედანს იღბლიანად დაუბრუნდა და ყოფილ გუნდს მშვენიერი ჯარიმა გაუტანა. იმედია, ეს ნიჭიერი ბიჭი ისევ ათამაშდება და თავის პოტენციალს გამოავლენს.
...და ყოჩაღ კახა კაჭარავას! სეზონის სტარტზე აშკარად არეული "დინამო" ნელ-ნელა დაალაგა, გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. "საბურთალომ" კი "დინამოს" კომპლექსი ჯერაც ვერ მოიხსნა.
მატჩის სტენოგრამა
6' - ქარდავა საკუთარ კართან შეცდა, საბურთალოელებმა გადაცემა ჩაჭრეს, ხოლო არზიანმა შეტევა შინდაგორიძეს გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ლიტოვჩენკომ საიმედოდ ითამაშა.
13' - ლაკვეხელიანის კარგი გადაცემის შემდეგ ახლოდან კარში ისევ შინდაგორიძე ურტყამდა, მაგრამ ლიტოვჩენკომ საიმედოდ ითამაშა.
20' - "დინამოს" პირველი რეალური საგოლე მომენტი! მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ლობჟანიძე შეიჭრა და კართან ჩააწოდა არაბულს, რომელიც კარგ პოზიციაში კი იყო, მაგრამ ბურთს ხეირიანად ვერ შესწვდა.
23' - ცნობილაძემ ბურთი ვერ მოიგერია, არაბულმა კი 40 მეტრიდან კარიდან გამოსული მეკარე დაინახა და შორიდან გატანა სცადა. მართალია, მიზანს ააცილა, მაგრამ მომენტი ეფექტური გამოდგა.
35' - ლობჟანიძემ ჯარიმა დაარტყა, მაგრამ სუსტად გამოუვიდა და მეკარე კუპატაძეს პრობლემა ვერ შეუქმნა.
42' - პირველი ტაიმის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი! მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ვაგნერი ჩაერთო და პენალტის ნიშნულთან გახსნილი ბიძინაშვილი შენიშნა, რომელმაც მიზანს ააცილა. ანგარიშის გახსნა შეიძლებოდა.
55' - შინდაგორიძე მის მიერვე დაწყებული მშვენიერი შეტევის დაგვირგვინებას შეეცადა, მაგრამ სუსტად დაარტყა.
57' - გოლი! მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაკვეტაძე შეიჭრა, 2 მცველი ჩამოიტოვა და კარის წინ ლობჟანიძე მოძებნა, რომელმაც ძლიერად დაარტყა - ბურთს ლაკვეხელიანი გადაეფარა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, "საბურთალო" გოლს ვერ გადაურჩა - 1:0.
59' - გადაცემა ისევ ჩაკვეტაძემ ჩაჭრა, რამდენიმე მეტოქეს ეფექტური დრიბლინგით გასცდა და მარცხენა ფლანგზე შეტევა თოთაძეს გაუგრძელა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ერთი შეხებით ჩაჰკიდა, სადაც მიქელთაძემ, ასევე ერთი შეხებით, უხეიროდ დაარტყა.
62' - ვაგნერის მიერ დარტყმული საჯარიმო "ცხრიანში" მიდიოდა, მაგრამ ლიტოვჩენკომ ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია.
62' - "დინამოს" უსწრაფესი შეტევის დაგვირგვინებას ისევ ლობჟანიძე ცდილობდა, მაგრამ მარგველაშვილი გადაეღობა და სახიფათო მომენტი აღკვეთა.
63' - ლობჟანიძემ კუთხურიდან კარში ჩაახვია და ძელს მოარტყა. თოთაძემ გადმოვარდნილი ბურთი არაბულს მიაწოდა, რომელმაც ახლო მანძილიდან რეალური შანსი გაანიავა.
69' - კუთხური ჩაკვეტაძემ შეასრულა, თავურით გატანას არაბული ცდილობდა, მაგრამ მიზანს ამჯერადაც ააცილა.
77' - გოლი! მოედანზე ახალშესულმა თევზაძემ ჯარიმა 30-ოდე მეტრიდან შეასრულა. საბურთალოელებმა "მოჭრილი" ბურთი ვერ მოიგერიეს და სტუმართა კარის ბადე მეორედაც შეირხა - 2:0.
78' - კიტეიშვილმა არზიანს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა, ჩაკვეტაძემ კი საკუთარი ნახევრიდან სცადა გატანა და მიზანს ოდნავ ააცილა.
ეროვნული ლიგა. VIII ტური
23.04. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო(თბ)-საბურთალო 2:0
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (57. ჩაკვეტაძის პასით), 2:0 თევზაძე (76)
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო, გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი - ქარდავა, კიტეიშვილი - ს. ლობჟანიძე (69. თევზაძე), ჩაკვეტაძე (81. კუცია), მიქელთაძე - არაბული (90+1. მესხი).
სათადარიგოები: რევიშვილი, სალუქვაძე, ბ. ქავთარაძე, ნ. ნინუა
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
საბურთალო (3-4-3): კუპატაძე - მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ბიძინაშვილი (46. ჩოგაძე), მამუჩაშვილი, არზიანი, ტერა (65. მალი) - გონსალვესი, შინდაგორიძე, იმნაძე (58. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოგა ნასყიდაშვილი, ალთუნაშვილი, სოფრომაძე, ფიფია
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გაფრთხილებები: არზიანი (51), თოთაძე (52), კოხრეიძე (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
ნ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5
მომდევნო ტური
29 აპრილი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
საბურთალო-შუქურა
30 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თითქმის ყველა სტატიას ვკითხულობ საბურთალოს რომელიც ეხება და ძალიან დასანანია რომ თქვენ სპორტალის ჟურნალისტებს არსად არ გითქვამთ რომ 7 ძირითადის ფეხბურთელს ტრამვა აქ...დინამოსთან მატჩში 3 კაცი ეჯდა ზამენის სკამზე...კარგია ხარაიშვილს რომ აპიარებთ ეკუთვნის ღირსია და იმსახურებს მართლა კარგი მოთამაშეა მაგრამ მარტო ხარაიშვილი არაა მთელი საბურთალო და თუ წერთ სტატიას ნორმალურად მაინც მიაწოდეთ საზოგადოებას მესმის რომ მოვალეობის მიზნით წერთ ისე მაგრად არ გაინტერესებთ მაგრამ ამ ნაწერში ფულს იღებთ.ამიტომ იყავით კორექტულები და ზერელედ ნუ აკეთებთ ყველაფერს..
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული