ლოკომოტივი-ჩიხურა 5:0 - მხუთავი სიამოვნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეტ ქომაგს იმსახურებენ...
...მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა "ლოკომოტივმა" და ასე თუ გააგრძელა, უკვე ჩემპიონობაზეც შეიძლება ფიქრი. გიორგი დევდარიანის გუნდი თამაშის მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა შაბათის მატჩში, რომელშიც ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი და სტაბილურობის ნიმუში საჩხერის "ჩიხურა" პირწმინდად დაჩაგრა.

მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ეს "ლოკომოტივის" მესამე(!) გამარჯვებაა 5 უპასუხო ბურთით.

ნამდვილად არ არის პატარა ამბავი, ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ასეთი ანგარიშით რომ დაამარცხებ.

ეს კი არა, მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებს კიდევ 3 (სამი!) გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა ამ
გაცუდებულ მომენტებზე მასპინძელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებს გული დიდად არ უნდა დასწყვეტოდათ - "ლოკომოტივი" აპლოდისმენტებით გააცილეს მოედნიდან. ისე, დევდარიანის გუნდი ისეთ თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს, აშკარად უფრო მეტ ქომაგს იმსახურებს...

ვინ მოინიშნა ვაისმა?
...პირველი წრის დასკვნითი ტურის ამ ერთ-ერთ საინტრიგო მატჩს, სფფ-ის მაღალჩინოსნებთან ერთად, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც ესწრებოდა.

სტუმართა გუნდმა ისე სუსტად ითამაშა, გვეეჭვება, სლოვაკს ვინმე მოენიშნა თავის უბის წიგნაკში, აი, მასპინძელთა გუნდში კი, ჩვენი აზრით, ნამდვილად არის რამდენიმე ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ან თუნდაც შანსის მიცემას რომ იმსახურებს...

ეფექტური გადაადგილებები
ორივე გუნდს გარკვეული საკადრო პრობლემა ჰქონდა: "ჩიხურას" გიორგი გაბედავა და ზაზა ჭელიძე აკლდნენ, მასპინძლებმაც ორი საკვანძო ფეხბურთელი, მარჯვენა გარემარბი ნოდარ ქავთარაძე და ცენტრალური ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი მოისაკლისეს...

დევდარიანმა ამჯერადაც გარკვეული გადაადგილებები მოახდინა ძირითად შემადგენლობაში და ამჯერადაც - ეფექტურად! გარკვეული სიურპრიზი იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ნომინალური გამთამაშებლის, გეგა დიასამიძის... მარცხენა თავდამსხმელად გამწესება.

დიასამიძემ ამ ამპლუაშიც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და მორიგი საგოლე პასიც მიითვალა, ერთ ეპიზოდში კი, ფაქტობრივად, 100-პროცენტიანი მომენტი შეექმნა, როცა ახალგაზრდა პარტნიორის, დავით სამურკასოვის შორეული და უზუსტესი პასის შემდეგ სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა...

ცალკე საუბრის თემაა სამურკასოვის უაღრესად სასარგებლო თამაში: ამ 19 წლის ბიჭმა მოედნის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაო გასწია და, ფაქტობრივად, არც ერთი ორთაბრძოლა არ წაუგია!

კვლავაც დამაჯერებლად იდგა კარში რევაზ თევდორაძე - ერთი ეპიზოდის გარდა, უშეცდომოდ რომ ჩაატარა მატჩი; ასევე მშვენივრად გამოიყურებოდა მასპინძელთა სამკაციანი დაცვის ხაზი, ისევე, როგორც ფლანგები.

სუპერდუეტი
მასპინძლებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში "აიწყვიტეს", როცა შეტევების კორიანტელი დაატეხეს მეტოქეს, თან ეს ყველაფერი მრავალსვლიანი კომბინაციებით ვითარდებოდა და, ცოტა არ იყოს, უჩვეულოც იყო, როგორ უმწეოდ გამოიყურებოდნენ სტუმრები "ლოკომოტივის" ასეთი იერიშების დროს.

აღარაფერს ვამბობთ სუპერდუეტზე - ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა კვლავაც დუბლები შეასრულეს, სულ კი პირველ წრეში ერთად 18 (!) გოლი გაიტანეს - ამდენი მიმდინარე ეროვნული ლიგის არც ერთ გუნდს არ გაუტანია.

სხვათა შორის, გავაშელიშვილი ამჯერად ძირითადში არ ყოფილა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა დუბლიც შეასრულა, საგოლე პასიც მიითვალა და კიდევ ორი შანსიც დაკარგა.

ფაქტია, "ლოკომოტივის" სათადარიგოთა სკამსაც არაფერი დაეწუნება და ამის ნათელი მაგალითი იყო მოედანზე ვატო არველაძის შესვლა - 19 წლის ნიჭიერ შემტევს "კოჭებში" ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია!..

საკამათო ეპიზოდი
...ამ მატჩში ერთი საკამათო ეპიზოდიც მოხდა: პირველ ტაიმში, სტუმართა შეტევის დროს რევაზ თევდორაძემ გამოსვლისას ბურთი საჯარიმოს გარეთ მოიგერია თუ საკუთარ საჯარიმოში, ამის დანახვა ტრიბუნიდან ძალიან ძნელი იყო, გვიჭირს ზუსტი დიაგნოზის დასმა ეპიზოდის რამდენჯერმე ნახვის მერეც...

არბიტრი ბაკურ ნინუა იქვე იდგა და თამაში არ გაუჩერებია, მით უფრო, რომ შეტევა "ჩიხურამ" გააგრძელა და ლაშა ჩიკვაიძეც საჯარიმოს გარედან გზავნიდა ბურთს ცარიელი კარისკენ, მაგრამ აშკარად ფორმაში შესულმა ნიკა ჭანტურიამ იყოჩაღა და ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა!

ძნელი სათქმელია, რა შეიძლებოდა შეცვლილიყო, არბიტრს სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღო. თუმცა, ის კი ფაქტია, რომ იმ დღეს "ჩიხურამ" ბოლო წლებში ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა, აი, მასპინძლებმა კი "იფრინეს"!..

მატჩის სტენოგრამა
13' - მასპინძელთა მრავალსვლიანი და ეფექტური კომბინაციის შემდეგ სიხარულიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ "ჩიხურა" ცენტრალურმა მცველმა კაკუბავამ გადაარჩინა.
14' - სამურკასოვის შორეული და უზუსტესი პასით დიასამიძე მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ზუსტად დაარტყა - 1:0!
16' - სტუმართა მარცხენა მცველი ჩიკვაიძე საჯარიმოს გარედან გზავნიდა ბურთს დაუცველი კარისკენ, მაგრამ ცარიელი კარიდან ბურთი ჭანტურიამ გამოიტანა.
44' - სამურკასოვის ჩინებული პასის შემდეგ კიკნაძე ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მეკარე ჰამზიჩი უშეცდომოდ გაისარჯა.
50' - კომახიძის პასის შემდეგ კიკნაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ "ჩიხურას" მეკარე ჰამზიჩმა უშეცდომოდ ითამაშა.
52' - ღონღაძის შორეული დარტყმა მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
57' - სტუმრები აშკარა ხიფათს გადაურჩნენ: ჰამზიჩმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და კიკნაძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე სიხარულიძის თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
62' - სამურკასოვმა ჩინებული პასით დიასამიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ შემტევმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
71' - მასპინძელთა მართლაც გამორჩეული შეტევა. საგოლე კომბინაციაში ლამის მთელი გუნდი მონაწილეობდა! საბოლოოდ, უბილავას მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთი მცირე რიკოშეტის შედეგად შევარდა კარში - 2:0!
76' - საგოლე კომბინაცია წამოიწყო "ლოკომოტივის" მეკარემ, რომელმაც ბურთი სწრაფად გადააწოდა არველაძეს, რომელმაც ჩინებული პასით გავაშელიშვილი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, ხოლო ამ უკანასკნელმა ჩინებულად ისარგებლა სტუმართა მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებით - 3:0!
78' - გავაშელიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა მეკარისაგან ახლო კუთხეში - 4:0!
85' - მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა მრავალსვლიანი კომბინაციით: საბოლოო დარტყმას ზუსტად ასრულებს სიხარულიძე - 5:0!
85' - არველაძემ ჩინებული დრიბლინგით ჩამოიცილა რამდენიმე მეურვე, მაგრამ მცირედი დააკლდა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლის გასატანად.
88' - სამურკასოვმა მორიგი შორეული და უზუსტესი პასით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა გავაშელიშვილი, რომლის დარტყმული მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა.

ეროვნული ლიგა. IX ტური
29.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-ჩიხურა 5:0
გოლები: 1:0 სიხარულიძე (14. დიასამაძის პასით), 2:0 უბილავა (71), 3:0 გავაშელიშვილი (76. არველაძის პასით), 4:0 გავაშელიშვილი (78. სიხარულიძის პასით), 5:0 სიხარულიძე (85. გავაშელიშვილის პასით)
ლოკომოტივი (3-4-3): რ. თევდორაძე - ჭანტურია, რეხვიაშვილი, ხიდეშელი - თ. ღონღაძე, სამურკასოვი, უბილავა, კომახიძე (80. თომაშვილი) - კიკნაძე (65. გავაშელიშვილი), სიხარულიძე, გ. დიასამიძე (72. არველაძე).
სათადარიგოები: ჩიტეიშვილი, გაბაძე, ვარძელაშვილი, ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კაშია, კაკუბავა, მირცხულავა, ჩიკვაიძე (69. გეგეჭკორი) - განუგრავა, ივანიშვილი (73. დეკანოიძე) - კორიფაძე, სარდალიშვილი, ლექვთაძე - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: თორ. გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, დობროვოლსკი, გელაშვილი, სეფიაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ჭანტურია (24), ლექვთაძე (26), ხიდეშელი (30), კაკუბავა (79)
გაძევება: გელაშვილი (43. სათადარიგოთა სკამიდან)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10
მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6

მომდევნო ტური
4 მაისი, ხუთშაბათი
შუქურა-სამტრედია

5 მაისი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
დილა-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
"გაიგე თამაშს იგებს ფეხბურთელი და აგებს ტრენერი"- ამის მერე რა უნდა აგიხსნა.. გუნდი ერთიანი ნაწილია, ყველა ერთად იგებს და აგებს. 2-0 ზე საყრდენები ახალმა სისხლმა შეუშვას, ანგარიშის შესანარჩუნებლად. სტატიებს ნუ კითხულობ თამაშებზე იარე მეტს ნახავ...
gotfree
02 მაისი 2017 14:13
0
გოტფრი, გეტყობა შენი ნათესავი მაგარი ტრენარი გგონია.ეხლა არ ესმისო, რო კითხულობ ზიმბრუსთან ხო ესმოდა რა.გაიგე თამაშს იგებს ფეხბურთელი და აგებს ტრენერი!ნახე რა სასტავი დატოვა სკამზე და გუნდი გააფარჩაკა.ტრენერები წაგებას თავის თავზე იღებენ,როდის აუღია ფრუიზეს თავის თავზე.გუნდი საშუალოა,როგორც სხვები მაგრამ ახალი სისხლი სჭირდება მწვრთნელის სახით.ეგ ადგილი მართლა ნაყიდი ხო არ აქვს ბიძინასგან!
vava
02 მაისი 2017 11:38
0
ყველას თავის ნათესავი მაგარი ფეხბურთელი გონია, ტალანტი... ახლა არ ესმის ფრუიძეს ფეხბურთი,არ ეტყობა გუნდს ხელი, ჩემპიონობაზე ამბიცია აზრადაც არ მოგივიდოდათ...გუნდი სახლის თამაში არ აქვს, რომელი პრიციპულ თამაშზე იყო "მაყურებელი". ჩიხურა კარგი გუნდია და ამას ნახავთ, იმედია არ დაიბოღმებით...
gotfree
02 მაისი 2017 11:06
0
მარტო დობროვოლსკი დაალპო სკამზე? მაგან ბევრ ფეხბურთელს აურია კარიერა და ბევრიც დაღუპა.
ქომაგი
01 მაისი 2017 15:44
0
დაგეთანხმები და მეტსაც გეტყვი,როდესაც მწვრთნელი წუწუნებს ჩემპიონობას მთხოვს კლუბის პრეზიდენტიო,დაამ წუწუნს უსმენენ ფეხბურთელები უკეთეს შედეგს არც უნდა ველოდეთ.მაყურებლები ხუმრობდნენ სოსოს ადგილი ნაყიდი აქვსო.ისე მაგარი შეცვლა გააკეთა, მარცხენა მცველის ნაცვლად მარჯვენა შემტევი შემოიყვანა და წავიდა გოლები.დობროვოლსკი კი სკამზე დაალპო.
ilia-ს
01 მაისი 2017 13:17
0
ფეხბურთელებს არ ესმით ფრუიძის თუ ფრუიძეს არ ესმის ფეხბურთი?!
არადა, ლექციებს კითხულობს მწვრთნელთა კურსებზეო- გ.დარსაძის ხელმძღვანელობით. რიგ შემთხვევებში აშკარა მიკერძოებას აქვს ადგილი მწვრთნელის მხრიდან, რის გამოც გუნდი ისჯება-აგებს! ამასთანავე, გუნდს არ ეტყობა მწვრთნელის ხელი-არ აქვს "თავისი თამაში"! მოსამზადებელ ეტაპზე გუნდმა ითამაშა ყველაზე ცოტა ამხანაგური მატჩი- შედეგიც სახეზეა! გუნდს არცერთი პრინციპული თამაში არ მოუგია მიმდინარე ჩემპიონატში! მიზანი კი ჩემპიონობა (არის) იყო, ყოველ შემთხვევაში ფრუიძეს დაუსახეს მიზნად კლუბის ხელმძღვანელობამ(ამ დრომდე მაინც). გაიტანეთ გრენლანდია!!!
ilia
01 მაისი 2017 12:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული