ეროვნული ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში სიახლეც უამრავი ვნახეთ და ასევე, რამდენიმე საინტერესო ტენდენციასაც ვერ ავუვლით გვერდს.

ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აშკარად არაპროგნოზირებად მატჩებს ვგულისხმობთ: პირველი ტურიდან მოყოლებული დღემდე, ფაქტობრივად, ნებისმიერი დაპირისპირების წინ ვერც ერთ გუნდს ვერ მიანიჭებ ფავორიტის სტატუსს.

მართალია, ერთი უსიამოვნო გამონაკლისი (ერთადერთ მოუგებელ გუნდს, "შუქურას" ვგულისხმობთ) მაინც გვყავს, მაგრამ ჩემპიონატის სტარტზე ამ გუნდმა ერთმანეთზე ძლიერ ორ მეტოქეს დააკარგვინა ქულები.

აი, დანარჩენ შემთხვევებში კი, ძალიან ძნელია, ამა თუ იმ გუნდს მეტოქესთან მიმართებაში რაიმე უპირატესობა მიანიჭო და ამის დასტურად XI ტურიც გამოდგება...

პირობითი ცნება
შუა კვირის ტურში ორი მატჩი დასრულდა მოულოდნელი შედეგით. აღარაფერს ვამბობთ მიმდინარე სეზონის კიდევ ერთ უცნაურობაზეც - ამ შემთხვევაშიც, პირველი ტურიდან მოყოლებული დღემდე, ტერმინი "საკუთარი მოედნის ფაქტორი" პირობით ცნებად რჩება.

ტური არ გავა, სტუმრებმა რომ არ გაილაღონ, თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეროვნული ლიგის ორი გუნდი ("კოლხეთი", "ჩიხურა"), სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, სხვა ქალაქში ატარებს "საშინაო" მატჩებს.

ანალოგიურ სიტუაციაში იყო ბათუმის "დინამოც", მაგრამ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ გუნდმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და ხანგრძლივი პაუზის მერე საკუთარ ქალაქში ორი "ნაღდად" საშინაო მატჩი ჩაატარა.

ორივე შემთხვევაში, მართლაც გამორჩეულად საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი ბათუმის სარაგბო სტადიონზე, ოღონდ ისე მოხდა, რომ ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა ვერ შეძლეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა და ზედიზედ ორი საშინაო მარცხი იწვნიეს.

განსაკუთრებით მტკივნეული, რაღა თქმა უნდა, ბოლო წაგება იქნებოდა ბათუმელი გულშემატკივრებისათვის: მათი საყვარელი გუნდი ხომ 2:0-ს იგებდა "დილასთან" და მატჩის დამთავრებამდე კი... 6 (ექვსი!) წუთიღა რჩებოდა! თუმცა, "დილამ" შეძლო და ეს დრამატული მატჩი ისე შემოატრიალა, რომ სულაც მოიგო.

მაგრამ ეს არ იყო გასული ტურის მხოლოდ ერთი დრამატული მატჩი: არანაკლები სენსაცია მოახდინა "კოლხეთმა", ასევე თამაშის შემოტრიალება რომ შეძლო სტუმრად "საბურთალოსთან".

აღარაფერს ვამბობთ XI ტურის ორ მთავარ დაპირისპირებაზე: "დინამო არენაზე" გასამართ დედაქალაქურ დერბიში მიმდინარე სეზონის ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ზესტაფონში კი - იმერულ დერბიში წინა სეზონის საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილენი...

დამსახურებული ლიდერი
ლიდერთა მატჩი თუ ასეთი შედეგით დასრულდებოდა, ალბათ, ბევრი არც მოელოდა: კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "დინამომ", ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში აჯობა ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიან გუნდს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა დიდი ანგარიშით.

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი სერია აქვს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს: ჩემპიონატში ზედიზედ მერვე გამარჯვება და ზედიზედ მეშვიდე "მშრალი" მატჩი! თანაც, საქმე მხოლოდ ციფრებში როდია: "დინამო" მშვენივრად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და, შინ თუ გარეთ, თავისთვის სასურველ თამაშს ახვევს მეტოქეს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "დინამო" ერთი-ორი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კი არ აღწევს წარმატებას, არამედ გუნდურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას და მეტოქეთათვისაც უკვე გამოცანად რჩება, თუ ვისგან უნდა ელოდონ ხიფათს.

აი, ამჯერად გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა პირველი გოლი ამ მატჩში - 21 წლის ნიჭიერმა შემტევმა ძირითადში დაბრუნება და მწვრთნელისგან ნდობა ეფექტური დარტყმით აღნიშნა.

არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო მასპინძელთა მეორე გოლიც, "დინამოს" 21 წლის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა რომ გაიტანა შორეული და უზუსტესი დარტყმით. არადა, "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძე მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული რომ გახლავთ ეროვნულ ლიგაში, ამ დედაქალაქური "დერბის" მეორე ტაიმშიც არაერთხელ დაამტკიცა, როცა რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებას.

ისე, ოთარ კიტეიშვილისათვის "ლოკომოტივი" ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქეა: შარშან, საქართველოს თასის მეოთხედფინალში სულაც ჰეთ თრიკი შეასრულა ამ გუნდების დაპირისპირებაში...

გულახდილი აღიარება
თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელ გიორგი დევდარიანის მატჩის შემდგომ კომენტარსაც უნდა გამოვეხმაუროთ.

მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირად კი არა, ფაქტობრივად, ყოველი წაგებული მატჩის შემდე, დამარცხებული გუნდის მწვრთნელები, წარუმატებლობას აუცილებლად მიაწერენ ხოლმე "უხარისხო მოედანს", "არასასურველ ამინდს", "საკადრო პრობლემებს", "ტენდენციურ მსაჯობას", "ფატალურ უიღბლობას" და ასე შემდეგ...

დევდარიანმა კი ვაჟკაცურად აღიარა, რომ როგორც კაჭარავამ მაჯობა, ასე აჯობეს დინამოელებმა ჩემს ფეხბურთელებსო.

ჩემპიონი გვიბრუნდება!
დაახლოებით ერთი თვის წინათ იყო, "სამტრედიის" არასტაბილურ ასპარეზობას დროებით კრიზისად რომ მივიჩნევდით. გვჯეროდა, რომ სულ მოკლე ხანში "სამტრედია" შედეგს გააუმჯობესებდა და ასეც მოხდა: გია ცეცაძის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 5-მატჩიანი წაუგებელი სერიის წყალობით, უკვე მეორე ტურია, ზედა სამეულში დამკვიდრდა.

ცალკე საუბრის თემაა "სამტრედიის" მართლაც გამორჩეული ასპარეზობა გასვლით მატჩებში:

ჩემპიონმა სტუმრად მეექვსე მატჩი ჩაატარა და მეექვსედაც მოიგო! ის ფაქტიც უნდა გახარებოდათ "სამტრედიის" ქომაგებს, რომ სეზონში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა გუნდის გამოცდილმა ახალწვეულმა გიორგი ბერიაშვილმა: 30 წლის ცენტრფორვარდმა სულაც დუბლი შეასრულა იმერულ დერბიში...

აი, "ჩიხურაზე" კი, ცოტა არ იყოს, გვიძნელდება რაიმეს თქმა და მხოლოდ იმას დავძენთ, რომ სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხილ გუნდს ზედიზედ მესამე წაგების შემდეგ... ერთი ქულაღა აშორებს პლეი აუტის ზონას, თანაც, ისეთი შთაბეჭდილებაც გვრჩება, რომ "ჩიხურას" ბევრი ფეხბურთელისათვის, თითქოსდა, სულერთი იყოს კონკრეტული მატჩის ბედი...

სენსაცია თუ კანონზომიერება?
ზედიზედ მეორე მატჩია, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" პირველ ტაიმში მოპოვებულ უპირატესობას ვერ ინარჩუნებს და მარცხდება! ასე მოხდა წინა ტურში, როცა "ლოკომოტივმა" მეორე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანა ბათუმის "დინამოს" კარში და 2:1 მოიგო ის დაძაბული და მართლაც სანახაობრივი მატჩი.

თუმცა, უარესი იმედგაცრუება ბათუმელ გულშემატკივრებს (ამჯერადაც ბოლომდე რომ შეავსეს სარაგბო სტადიონის ტრიბუნები) წინ ჰქონდათ: "დილასთან" მატჩის 72-ე წუთი მიმდინარეობდა, ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანის, დავით კვირკველიას შორეული და უზუსტესი პასის შემდეგ მასპინძელთა უკრაინელმა ლეგიონერმა იაროსლავ კვასოვმა ძლიერი დარტყმით ანგარიში 2:0 რომ გახადა!

ასეთ შემთხვევებში, მეტოქე გუნდი გატყდებოდა, მაგრამ "დილას" მთავარ მწვრთნელს, ზივ არიეს აშკარად "სხვა გეგმები" ჰქონდა და ერთმანეთზე ეფექტიანი სამივე ცვლილებით თავისი გუნდის თამაში კიდევ უფრო აგრესიული გახადა და პატარა სასწაულიც ვიხილეთ: სტუმრებმა შეძლეს და მატჩის ბოლო 7 წუთში 3 (სამი!) გოლი გაიტანეს მასპინძელთა კარში.

აღსანიშნავია, რომ ორი გოლი სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: 30 წლის უნივერსალმა მცველმა გიორგი ფოფხაძემ და 24 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ნუბიო ფლავიომ; აი, გამარჯვების გოლი, უკვე მსაჯის მიერ დამატებული მეოთხე წუთი რომ იწურებოდა, "დილას" ლიდერმა და საერთოდ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, 22 წლის ლეანდრო რიბეირომ გაიტანა ოსტატური დარტყმით.

ზედიზედ მეორე გამარჯვებით, "დილამ" საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და ახლა მართლაც დიდი ინტერესით ველოდებით მომავალ ტურს, როცა გორელთა გუნდმა თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!..

კიდევ ერთი შემობრუნება...
არანაკლებ დრამატულად განვითარდა მოვლენები ამ მართლაც "უცნაური" ტურის კიდევ ერთ მატჩშიც: წამყვანი ფეხბურთელების არყოფნის გამო ფაქტობრივად განახევრებულმა "საბურთალომ" მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, თამაშის მეორე ნახევარში საკუთარ კარში 2 გოლი მიიღო და მიმდინარე სეზონში მეორედაც დამარცხდა "კოლხეთთან".

ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ ვიდრე "კოლხეთის" უკრაინელი ცენტფორვარდი (ეროვნული ლიგის კიდევ ერთი აშკარად ხარისხიანი ლეგიონერი) მიკოლა კოვტალიუკი მშვენივრად ისარგებლებდა მასპინძელთა ახალგაზრდა უკანახაზელთა შეცდომებით, "საბურთალოს" ერთმანეთზე უკეთესი რამდენიმე მშვენიერი შანსი ჰქონდა, ანგარიში რომ გაეზარდა. თუმცა, მასპინძლები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთმა" (ასევე არანაკლებ რომ აწუხებდა საკადრო პრობლემები) სწრაფი კონტრშეტევებიდან ორი საგოლედ აქცია.

ამ მოგებით "კოლხეთმა" მარცხიანი სერია (ზედიზედ ოთხი წაგება) შეწყვიტა, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა უსიამოვნო "ტრადიცია" ვერ დაარღვია: ფოთელთა გუნდის ფეხბურთელები, ფაქტობრივად, ყოველ მეორე ტურში იღებენ წითელ ბარათს და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუთუ არ გიტყდებათ ცეცაძე როარ შეგყავთ სიმბოლურში
სირცხვილია რა
12:59 13-05-2017
0
ლეანდრო-ნახევარი გუნდია!
gori-2
21:20 12-05-2017
0

სიახლეები პოპულარული