კახა ცხადაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ძალიან მდიდარი უცხოური კარიერა ჰქონდა. თბილისის "დინამოდან" წასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს მან ითამაშა შვედურ "სუნდსვალში", მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში", ფრანკფურტის "აინტრახტში", ვლადიკავკაზის "ალანიასა" და "მანჩესტერ სიტიში".
რომ არა ტრავმები, თუნდაც ინგლისში კახა ცხადაძის საფეხბურთო კარიერა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. სწორედ "სიტიდან" დაბრუნდა ის თბილისის "ლოკომოტივში", სადაც 2000-02 წლებში
"ლოკომოტივის" შემდეგ ცხადაძემ "ანჟის" (მახაჩყალა) მიაშურა და იქვე დაასრულა კიდეც საფეხბურთო კარიერა. 1991-98 წლებში ცხადაძე საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა (25 მატჩი, 1 გოლი), ხოლო 2015-16 წლებში მისი მთავარი მწვრთნელიც იყო.
ამ დროისთვის ცხადაძე ალმათის (ყაზახეთი) "ქაირათის" თავკაცია.
მურთაზ შელია
მურთაზ შელია, ვინც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში (1994-98) 29 მატჩი ჩაატარა, ორჯერ დაბრუნდა საქართველოში. პირველი შედგა 1995 წელს, როცა ის გერმანულ "ზაარბრიუკენში" გატარებული მცირე დროის შემდეგ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა.
ამის შემდეგ, შელიამ ითამაშა "ალანიასა" და "მანჩესტერ სიტიში", 2000 წელს კი ერთხელაც დაბრუნდა საქართველოში და ჯერ თბილისის "დინამოში" ითამაშა (3 მატჩი, 1 გოლი), მერე კი დედაქალაქისავე "ლოკომოტივში" (7 მატჩი, 1 გოლი).
კარიერა მან სწორედ რკინიგზულ კლუბში დაასრულა, დღეს კი საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" (ეროვნული ლიგა 2) პრეზიდენტია.
გიორგი ნემსაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ყოფილ კაპიტანსაც კარგი უცხოური კარიერა ჰქონდა. სხვადასხვა დროს, გიორგი ნემსაძემ ითამაშა გერმანულ "ჰომბურგში", "ტრაბზონსფორში", "გრასჰოპერსში", "რეჯანასა" და "დანდიში".
საინტერესოა, რომ ნემსაძეც ორჯერ დაბრუნდა საქართველოში. პირველად, ეს მოხდა 2000 წელს, როცა იტალური "რეჯანადან" წამოსულმა ჯერ თბილისის "ლოკომოტივის" მაისურა მოირგო (3 მატჩი), მერე კი თბილისის "დინამოში" ითამაშა (6 მატჩი, 2 გოლი).
სწორედ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბიდან გადავიდა ის შოტლანდიურ "დანდიში", საიდანაც მეორედ (2004) დაბრუნდა საქართველოში და კვლავ "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. თბილისურ გრანდში მან 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ეს ის პერიოდი იყო, როცა "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
ნემსაძის საფეხბურთო კარიერა მშობლიურ "დინამოშივე" დასრულდა. იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომლის შემადგენლობაში (1992-2004) 69 მატჩი ჩაატარა.
დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
გოჩა ჯამარაული
უაღრესად ტექნიკური ნახევარმცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების (62 მატჩი, 6 გოლი) ღირსებას 1994-2004 წლებში იცავდა. სხვადასხვა დროს, გოჩა ჯამარაული თამაშობდა "ალანიაში", "ტრაბზონსფორში", "ციურიხში", "ლუცერნსა" და დონეცკის "მეტალურგში".
2005 წელს დაბრუნდა თბილისის "დინამოში", სადაც 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, კარიერა კი ფამაგუსტის (კვიპროსი) "ანორთოსისში" დასრულდა.
ამჟამად საქმიანობს პოლიტიკაში.
რევაზ არველაძე
რევაზ არველაძეც ორჯერ დაბრუნდა საქართველოში. პირველად, ეს იყო 1994 წელს, როცა გერმანული "კიოლნიდან" თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა. იმ პერიოდში მან "დინამოში" 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
მეორე დაბრუნება კი 1998 წელს შედგა და კვლავ - "დინამოში". ამჯერად, მან 8 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. "კიოლნის" გარდა, თამაშობდა "ტენის ბორუსიაში", "ჰომბურგში", "მეხელენსა" და "როტ ვაისში" (ობერჰაუზენი).
ძმებ არველაძეებს შორის უფროსმა საქართველოს ნაკრებში (1992-2000) 11 მატჩი ჩაატარა.
იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.
ზაზა ჯანაშია
2002 წელს, თბილისის "ლოკომოტივმა", კლუბის მაშინდელი პრეზიდენტის, აკაკი ჩხაიძის დიდი ძალისხმევითა და კავშირებით, ქართული სინამდვილისთვის მეგატრანსფერს მოაბა თავი - ზაზა ჯანაშია მოსკოვის "ლოკომოტივიდან" თბილისისაში გადმობარგდა.
ჯანაშიამ ქართველ "რკინიგზელებს" შორის 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მათ შორის, ულამაზესი იყო ევროგოლი დანიური "კოპენჰაგენის" კარში...
ამის შემდეგ ჯანაშიამ თურქულ "ქოჯაელსა" და რუსულ "ბალტიკაშიც" ითამაშა. საქართველოს ნაკრებში (1997-2001) 9 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
გიორგი დემეტრაძე
შესანიშნავი ფორვარდის კარიერა ცხინვალის "სპარტაკში" დასრულდა. ის ამ ქართულ კლუბში 2009 წელს დაბრუნდა აზერბაიჯანული "ბაქიდან".
ამ გუნდის გარდა, სხვადასხვა დროს გიორგიმ დემეტრაძემ არაერთი უცხოური კლუბი მოიარა: "ფეიენოორდი", "ალანია", კიევის "დინამო", "რეალ სოსიედადი", "ლოკომოტივი", დონეცკის "მეტალურგი", თელ-ავივის "მაკაბი" და კიევის "არსენალი".
საქართველოს ნაკრებში "დემემ" 1996-2007 წლებში ითამაშა - 56 მატჩი, 12 გოლი.
ლევან ცქიტიშვილი
ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 1995-2009 წლებში (58 მატჩი, 1 გოლი) იცავდა. წლების განმავლობაში იყო გერმანული "ფრაიბურგის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან ერთად.
საქართველოში 2007 წელს დაბრუნდა და თბილისის "ლოკომოტივში" (20 მატჩი, 7 გოლი) ჩაირიცხა.
"ფრაიბურგის" შემდეგ, ცქიტიშვილმა ითამაშა დონეცკის "მეტრალურგში" , "ვოლფსბურგსა" და "პანიონიოსში". "ლოკომოტივიდან"კი გერმანიას მიაშურა და კარიერა ვისბადენის "ვეენში" დაასრულა.
ალექსანდრე იაშვილი
პირველად, ის მცირე ხნით დაბრუნდა "დინამოში" გერმანული "ლიუბეკიდან" და ჩემპიონთა ლიგაში ულამაზესი გოლი გაუტანა "ლევერკუზენს"...
ალექსანდრე იაშვილი საქართველოში მეორედ 2014 წელს დაბრუნდა და "სამტრედიაში" ჩაირიცხა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ამას მოჰყვა გადასვლა თბილისის "დინამოში", სადაც ის მოკლე ხანში იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ნამდვილ მაგალითად - ახალგაზრდა პარტნიორებისთვის. "დინამოში" დაბრუნების შემდეგ მან ამ გუნდში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
უცხოეთში იცავდა "ლიუბეკის", "ფრაიბურგის", "კარლსრუეს", "ბოხუმისა" და ბაქოს "ინტერის" ღირსებას. საქართველოს ნაკრებში (1996-2011) 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.
დღეს არის სფფ-ის აღმასკომის წევრი და ნაკრები გუნდების კურატორი.
ზურაბ ხიზანიშვილი
თბილისის "დინამოში" 2002 წელს დაბრუნდა თურქული "ქაისერისფორიდან" და ქართული ფეხბურთის ფლაგმანის შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. ამის შემდეგ გადავიდა "სამტრედიაში" და 14 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.
"ქაისერისფორის" გარდა, ითამაშა "დანდიში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლში", "რედინგსა" და "ქაისერში". "სამტრედიადან" გადავიდა ბაქოს "ინტერში" ზაურ სვანაძესთან.
საქართველოს ნაკრებში (1999-2015) 93 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. რამდენიმე დღის წინ თავი დაანება აქტიურ საფეხბურთო კარიერას და მუშაობას იწყებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტად.
ოთარ ხიზანეიშვილი
თავისი თაობის ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა საქართველოს ნაკრებში 1999-2007 წლებში (20 მატჩი) ითამაშა. სამშობლოში ორჯერ დაბრუნდა. პირველად, ეს მოხდა 2002 წელს, როცა ოთარ ხიზანეიშვილი "როსტსელმაშიდან" ჩაირიცხა თბილისის "დინამოში" და 33 მატჩი ჩაატარა.
მეორე დაბრუნება კი უკვე 2012 წელს შედგა და ისევ - "დინამოში". მაშინ ის ყაზახურ "ვოსტოკს" დაშორდა, "დინამოს" შემდეგ კი ითამაშა "დილაში", "ზესტაფონსა" (ორ სხვადასხვა პერიოდში) და "სიონში".
იცავდა ასევე მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს", ასევე, "ფრაიბურგის", "აუგსბურგისა" და "ანჟის" ღირსებას.
ლაშა სალუქვაძე
ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში რუსეთის ორგზის ჩემპიონი საქართველოში ორჯერ დაბრუნდა.
პირველად, ლაშა სალუქვაძე ამბიციურ "დილაში" ჩაირიცხა 2012 წელს და ამ გუნდის შემადგენლობაში 28 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა.
გორში წარმატებული გარჯის შემდეგ, ის რუსეთში დაბრუნდა და "სკა ენერგიას" მაისურა მოირგო. მეორედ "დილაში" დაბრუნდა 2016 წელს (11 მატჩი), ახლა კი თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრებში (2004-2015) ჩაატარა 38 მატჩი და გაიტანა 1 გოლი.
გარდა ზემოთ ნახსენები გუნდებისა, თამაშობდა "ვოლგასა" და ბაქოს "ინტერში".
ალეკო ამისულაშვილი
ალეკო ამისულაშვილიც ორჯერ დაბრუნდა თბილისის "დინამოში". პირველად, ეს იყო 2005 წელს, როცა კიევის "დინამოს" ფეხბურთელი იყო. ქართული "დინამოს" მაისურით კი 15 შეხვედრა ჩაატარა.
მისი მეორედ დაბრუნება კი ახლახან, კვლავ "დინამოში", 2016 წელს შედგა თურქული "ქარშიაქადან". თბილისურ გრანდში მან 20 მატჩი ჩაატარა 2 გოლი გაიტანა.
კიევის "დინამო", "დნიპრო", "ტავრია", "შინიკი", ნალჩიკის "სპარტაკი", "ქაისერისფორი", "კრასნოდარი", "კრილია სოვეტოვი", "ინტერი" (ბაქო) და "ქარშიაქა" - ეს იმ უცხოური კლუბების ჩამონათვალია, რომლებშიც ამისულაშვილს სხვადასხვა დროს უთამაშია.
საქართველოს ნაკრებში (45 მატჩი, 4 გოლი) მას 2002-2016 წლებში იწვევდნენ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ეროვნული გუნდის კაპიტანიც.
დავით კვირკველია
საქართველოში 2012 წელს, კვიპროსული "ანორთოსისიდან" დაბრუნდა. ჯერ ჩაირიცხა გორის "დილაში", სადაც 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო თბილისის "დინამო", "სამტრედია", ისევ "დილა" და ბოლოს ბათუმის "დინამო", სადაც დღემდე თამაშობს.
უთამაშია უცხოეთშიც - "ალანია", დონეცკის "მეტალურგი", "რუბინი", "ანჟი", "პანიონიოსი"...
2003-14 წლებში დავით კვირკველიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 56 მატჩი ჩაატარა.
ნუკრი რევიშვილი
პირველად, საქართველოში 2013 წელს დაბრუნდა და გორის "დილაში" მოხვდა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან 16 მატჩი ჩაატარა. მეორედ კი, 2016 წელს დაბრუნდა, როცა სარანსკის "მორდოვიას" შემდეგ თბილისის "დინამოს" (7 მატჩი) მაისურა მოირგო.
ცოტა ხნის წინ, ნუკრი რევიშვილი კიშინიოვის "დაჩიაში" ჩაირიცხა, მაგრამ საბოლოოდ, სამშობლოში დაბრუნებამ მოუწია და კვლავ თბილისის "დინამოს" მიაშურა.
უცხოური კლუბებიდან კარიერის სხვადასხვა ეტაპზე უთამაშია "რუბინში", "ანჟიში", "კრასნოდარში", "ვალეტაში", "ტოსნოში"...
საქართველოს ნაკრებში (29 მატჩი) 2005 წლიდან იწვევენ.
ოთარ მარცვალაძე
საქართველოში ისიც ორჯერ დაბრუნდა. 2014 წელს ის ვლადიკავკაზის "ალანიადან" თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა. ოთარ მარცვალაძემ დინამოელთა შორის 14 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
მეორედ ის საქართველოში 2015 წელს ჩამოვიდა და ითამაშა გორის "დილაში" (27 მატჩი, 19 გოლი). "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილს უცხოეთში კიევის "დინამოს", "ზაკარპატიას", "ვოლგას", "ანჟის", "კრასნოდარის", "სკა ენერგიას", "ალანიასა" და "ტოსნოს" ღირსება დაუცავს.
ამჟამად ყაზახურ "ორდაბასიში" ირიცხება. 2006-14 წლებში იწვევდნენ საქართველოს ნაკრებში (22 მატჩი, 2 გოლი).
ლევან ყენია
9-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ თბილისის "ლოკომოტივს". სხვადასხვა დროს ითამაშა "შალკეში", "კარპატიში", "ფორტუნასა" (გერმანია) და "სლავიაში" (ჩეხეთი).
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურა 27 შეხვედრაში მოირგო და 4 გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"