ვაგნერ გონსალვესი: საქართველოს მოქალაქეობა? იყო ამაზე ლაპარაკი...

AutoSharing Option
ვაგნერ გონსალვესი 17 წლის იყო, საფრანგეთში, კორსიკაზე რომ წაიყვანეს და "ბასტიას" დუბლშემადგენლობაში ჩარიცხეს.

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც 1996 წელს დაიბადა, პერსპექტიული მოთამაშე რომ იყო, ქვეყნის პასპორტი მისცეს და მომავალს დიდი იმედებით უყურებდა...

მაგრამ ტრავმის გამო, საფრანგეთი დატოვა და, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველოში აღმოჩნდებოდა. შარშან ზაფხულში მან "საბურთალოსთან" გააფორმა კონტრაქტი და მალევე შეეწყო გუნდს.

ახლა უკვე "საბურთალოა" მის გარეშე წარმოუდგენელი. წლეულს ის კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ეროვნული ლიგის საუკეთესო მოთამაშეებში შემთხვევით არ ხვდება.

სწრაფი, ტექნიკური, ძალიან ეფექტური და
სასარგებლო გარემარბი ჩვენი ლიგის ტოპფეხბურთელებშია და ერთ-ერთი მათგანია, ვის გამოც სტადიონზე მისვლა ნამდვილად ღირს.

ის არაერთხელ მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში, ახლახან კი ეროვნული ლიგის ვებგვერდმაც დაასახელა პირველი წრის რჩეულთა შორის. ვაგნერმა ჩემპიონატის პირველ 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

"ლელომ" ვაგნერთან ეს ინტერვიუ "დილასთან" მატჩამდე ჩაწერა...

- მოდით, ჯერ გაგვარკვიეთ, როგორ იწერება და გამოითქმის ზუსტად თქვენი გვარი - გონსალვეში, გონშალვეში თუ გონსალვესი?
- (დამარცვლით) მე ვარ ვაგნერ გონ-სალ-ვე-სი!.

- თითქმის ერთი წელია, რაც "საბურთალოში" ხართ. თქვენი თამაშიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აქაურობას და გუნდს გაუშინაურდით...
- დიახ, ასეა, რადგან ისეთ გარემოში, ისეთ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან მოვხვდი, გაშინაურება არ გამჭირვებია. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოხარული ვარ, "საბურთალოში" თამაშით და საქართველოში ყოფნით.

- ვიდრე ჩამოხვიდოდით, იცოდით რამე საქართველოზე?
- (იცინის) სიმართლე გითხრათ?

- რა თქმა უნდა?!
- არაფერიც არ ვიცოდი. ჩემმა ბელგიელმა მენეჯერმა საქართველოში თამაში რომ შემომთავაზა, მითხრა - "საბურთალო" პერსპექტიული და ახალგაზრდული კლუბიაო. ამის შემდეგ, ინტერნეტში შევედი და თქვენს ქვეყანაზე, ასევე ჩემს მომავალ კლუბზე, რაღაცები გავიგე. ეს იყო და ეს.

- ინტერნეტში მოპოვებული და არსებული ინფორმაციები, შესაძლოა, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. რეალურად რა დაგხვდათ საქართველოში?
- დამხვდა ნორმალური პირობები, კარგი გარემო და მშვენიერი საწვრთნელი პროცესი. ახლა რომ ვუკვირდები, მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი. "საბურთალო" კარგი გუნდია და იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც მე მომწონს. ხალხიც ძალიან თბილად და პატივისცემით არის ჩემ მიმართ განწყობილი.

- საფრანგეთში "ბასტიას" დუბლშემადგენლობაში გითამაშიათ და საინტერესოა, ამ ორი ჩემპიონატის დონეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა?
- სიმართლე გითხრათ, იქ ხშირად ვაწყდებოდი არაპროფესიონალიზმს, საქართველოში კი პირიქითაა.

- მოიცათ, საფრანგეთში საქმეს არაპროფესიულად უდგებიან?!
- მე კონკრეტულად "ბასტიას" დუბლები ვიგულისხმე.

- კარგი თამაშის შემდეგ საქართველოში გამორჩეულ მოთამაშეს არავინ დატოვებს და საინტერესოა, რამდენ ხანს აპირებთ "საბურთალოში" დარჩენას?
- ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. დღეს მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელი ვარ და მინდა, ამ კლუბთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო.

- შეთავაზების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდით და ითამაშებდით ჩვენს ნაკრებში?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე მეც მიფიქრია და...

- ...და რა?!
- შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეობა მივიღო. ამაზე იყო ლაპარაკი და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ ხელს იურიდიული პრობლემები გვიშლის. ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამათ ხომ არ გაუბერეს,რა უნდა მაგას საქართველოს ნაკრებში???
besik61
15:00 27-05-2017
0
იმ ქართველებს მიხედეთ ჯობს რუსეთში , უკრაინაში და სხვაგან რომ თამაშობენ და ზოგს ქართული პასპორტი არა აქვს! ნახეს რა ვარსკვლავი
ალეკსანდრე
17:39 27-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული