ლოკომოტივი-კოლხეთი 1:2 - რაღაც აუცილებლად შესაცვლელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ქუთაისის "ტორპედოსთან" გასულ უქმეებზე წაგებული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ გუნდში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. მისმა გუნდმა ამ მატჩამდე ზედიზედ 3 თამაში წააგო და ახლა მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ.

დევდარიანი იმედოვნებდა, რომ "ლოკომოტივი" წარუმატებელ სერიას სწორედ "კოლხეთთან" მატჩში შეწყვეტდა...

ამ იმედს ის ასაზრდოებდა, რომ თბილისელები აუტსაიდერს ხვდებოდნენ. მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა: შეხვედრა საინტერესოდ და, ერთი შეხედვით, მოულოდნელი სცენარით წარიმართა - დედაქალაქელებმა "კოლხეთთან" წააგეს, მაგრამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შემთხვევითი ამბავი არ ყოფილა...

მასპინძლები
აქტიურობდნენ და უტევდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ "ლოკომოტივის" აწყობილ თამაშში რაღაც აირია და ის მუხტი აღარ არის, რითიც წინა ტურებში გულშემატკივარს თავი მოაწონა.

გელა სანაია კი სათამაშო სქემას არ ცვლის. სამაგიეროდ, პოზიციებზე ხშირად ცვლის მოთამაშეებს. სიახლე ამჯერადაც იყო: ლევან კაკულია მარცხენა მცველობიდან საყრდენად გადაიყვანა, ხოლო მის ადგილას ავთო ენდელაძე დააყენა. ამას გარდა, კვლავ დაცვის ცენტრში დაიხია შოთა კერძევაძემ, ხოლო გიორგი კილასონია მარჯვენა მცველად დაბრუნდა.

...შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა და თამაში კარგი სანახავი გამოდგა. გუნდები უფრო მეტს უტევდნენ, დაცვაში ორივეს ხარვეზები ჰქონდა, ამით კი შემტევებს საქმეს უადვილდებოდათ. ამიტომაც იყო, ბევრი საგოლე მომენტი რომ შეიქმნა. მაგრამ პირველ ტაიმში მეტოქეებმა გატანა ვერ მოახერხეს.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. სანაიამ სქემა ამჯერადაც უცვლელი დატოვა, მაგრამ შეცვლილი საყრდენის, კაკულიას ადგილზე ენდელაძე დააყენა, ხოლო დაცვის ფლანგზე მეორე ტაიმში კენიელი ერიკ უმა ოტიენო შეუშვა.

კოლხებმა ასეთი განლაგებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, სტუმართა შეტევებს სიმწვავე და ტემპი შეემატა, ოტიენომ კი სენეგალელ არფანგ დაფესთან ერთად მარცხენა ფლანგიდან მეორე საგოლე შეტევა წამოიწყო.

ფოთელთა მეკარე სტეპან სიკაჩი მშვენიერ სეზონს ატარებს და საკადრო პრობლემებით გატანჯული ფოთელებისთვის მშვენიერ დასაყრდენს წარმოადგენს. მცველები მის გამო მშვიდად არიან. მოლდოველმა ამჯერადაც მშვენივრად ითამაშა და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ეს შეხვედრა იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა ფოთელებმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს, საკმაოდ დალაგებული ფეხბურთი აჩვენეს, ხოლო ეპიზოდებში მეტოქეს კონტრშეტევაზე გადასვლის გაკვეთილიც ჩაუტარეს.

ფოთელებმა წლეულს მეოთხე შეხვედრა მოიგეს, ამათგან სამი - გასვლაზე. ისე კი, საკუთარ სტადიონზე თამაშს გადაჩვეული გუნდისთვის საშინაო და საგარეო მატჩები პირობითი ცნებებია, მით უფრო, თბილისში, სადაც რაიონისგან განსხვავებით, მაყურებელი ეროვნულ ლიგას დიდად არ სწყალობს და დედაქალაქის გუნდები მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების თანადგომას მოკლებულნი არიან...

მოკლედ, "ლოკომოტივი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. მართალია დევდარიანი - "ლოკომოტივში" რაღაც აუცილებლად შესაცვლელია.

მატჩის სტენოგრამა
5' - გიორგი კილასონიამ ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, კორობკამ ახლოდან თავით დაარტყა და მიზანს ააცილა.
5' - თბილისელთა საპასუხო შეტევა: სიხარულიძის გადაცემა კარის წინ მცველმა ჩაჭრა, მაგრამ არდაზიშვილმა დარტყმა მაინც მოახერხა და ოდნავ ააცილა.
7' - ჯანელიძემ ბურთი საჯარიმოში გააყოლა დაფეს, რომელმაც კარის წინ კოვტალიუკს უპასა, მაგრამ რევაზ თევდორაძემ მომენტი განმუხტა.
10' - დიასამიძემ ფლანგიდან ჯარიმა შეასრულა, სიხარულიძე მცველს გაექცა და ბურთს ფეხი წაარტყა - სიკაჩმა ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
18' - დაფეს ჩაწოდებულ ბურთს ჭანტურია თავით კუთხურზე იგერიებდა და... კინაღამ ავტოგოლი გამოუვიდა.
20' - კაკულიას მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა კოვტალიუკი, მაგრამ "ლოკომოტივი" თევდორაძემ გადაარჩინა.
21' - დიასამიძის კუთხური, სიხარულიძის დარტყმა და ძელი!
28' - დიასამიძემ მეკარესთან მარტო დატოვა სიხარულიძე, მაგრამ სიკაჩი დროულად გამოვიდა კარიდან.
48' - ენდელაძემ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი კოვტალიუკი შენიშნა და თევდორაძემ გადაცემა ნახტომში ჩაჭრა.
49' - ქავთარაძის ულამაზესი გოლი! ფოთელთა შეტევა უბილავამ შეაჩერა და მარცხენა ფლანგზე ბურთი "ლოკომოტივის" შემტევს გააყოლა, რომელიც კერძევაძეს იოლად გასცდა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა - 1:0!
54' - გოლი! ჯანელიძის კუთხურის შემდეგ კერძევაძემ "მაკრატელათი" აღადგინა წონასწორობა - 1:1!
59' - "კოლხეთის" სანიმუშო კონტრშეტევა და გოლი! დაფეს პასით მეკარესთან პირისპირ რჩება კოვტალიუკი, რომელსაც ჩემპიონატში მე-8 გოლი გააქვს - 1:2!
61' - რეხვიაშვილისა და სიხარულიძის კომბინაციის შემდეგ მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა არდაზიშვილი, ვისაც ვარლამ კილასონია გადაეფარა და კოლხები აშკარა გოლისგან იხსნა.
85' - არველაძემ კარის წინ ქავთარაძეს უპასა, მაგრამ ბურთი გიორგი კილასონიამ მოიგერია და თავისიანები გადაარჩინა!
89' - ბოლქვაძის ჯარიმა და ძელი!
90+3' - უბილავას ჩაწოდება და 5 მეტრიდან სიხარულიძის თავური კარს სცდება.

ეროვნული ლიგა. XIV ტური
23.05. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
გოლები: 1:0 ქავთარაძე (49), 1:1 შ. კერძევაძე (54. ჯანელიძის პასით), 1:2 კოვტალიუკი (59. დაფეს პასით)
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - გაბაძე, ნ. ჭანტურია, რეხვიაშვილი (73. ხიდეშელი), უბილავა - ნ. ქავთარაძე, სამურკასოვი (61. არველაძე), არდაზიშვილი - კიკნაძე (66. თ. ღონღაძე), დიასამიძე, სიხარულიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, კომახიძე, თომაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
კოლხეთი (4-2-3-1): სიკაჩი - გ. კილასონია, შ. კერძევაძე, ვ. კილასონია, ენდელაძე - ბოლქვაძე, ლ. კაკულია (46. ოტიენო) - კორობკა (77. ბუხაიძე), ჯანელიძე, დაფე (79. ა. კვარაცხელია) - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, ჟიშკარიანი, ლ. მახარაძე
გაფრთხილებები: კიკნაძე (17), ჭანტურია (63), რეხვიაშვილი (71), ბოლქვაძე (78), გაბაძე (89)
არბიტრი: პ. მაჭარაძე.

დღეს
22 მაისი
ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00
შუქურა-დინამო (ბთ) 18:00
სამტრედია-საბურთალო 18:00

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოლხეთი თავის სიტყვას იტყვის ამ სეზონზე, მისი ადგილი ცხრილის მოლოში ნამდვილად არ არის. ვულოცავ ფოთელებს მონდომებული თამაშით დამსახურებულ გამარჯვებას.
gizog
12:01 24-05-2017
0

სიახლეები პოპულარული