ეროვნული ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
წინა თვის მსგავსად, ეროვნული ლიგის გუნდებს მაისშიც ექვს-ექვსი ტურის ჩატარება უწევთ და სწორედ გადატვირთულ კალენდარს ვაბრალებდით შედეგიანობის აშკარად კლებას...

თუმცა, გასულ ტურში საპირისპირო რამ მოხდა: ბევრისთვის მოულოდნელად, ეროვნული ლიგის ფეხბურთელებმა მართლაც სუპერშედეგიანი თამაში უჩვენეს და ხუთ მატჩში გატანილი 19 გოლიც ამის დასტურია.

მოულოდნელი კი იმიტომ იყო, რომ XIV ტურის ხუთი მატჩიდან, მხოლოდ ერთ დაპირისპირებაში მოჩანდა წყვილის აშკარა ფავორიტი (აჭარულ დერბიში უპირატესობას მაინც ბათუმის "დინამოს" ვანიჭებდით), აი, დანარჩენ ოთხ შეხვედრაში კი წინდაწინ ძალიან ძნელი იყო რომელიმე გუნდის გამოკვეთილ შანსებზე ლაპარაკი. თანაც,
იმისდა მიუხედავად, თუ რა პოზიცია ეკავათ სატურნირო ცხრილში ამ ოთხი მატჩის მონაწილე გუნდებს...

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 10-გუნდიანმა ჩემპიონატმა აშკარად მაღლა ასწია დაძაბულობის ფონი და ამას გარდა, ლამის ყოველ ტურში, სულ მცირე, ორი ან სამი მატჩი მთავრდება ისეთი შედეგით, სენსაციად თუ მოულოდნელობად რომ ვაფასებთ ხოლმე...

თუმცა, დროა, ვაღიაროთ, რომ ეს "მოულოდნელი" კი არა, უკვე კანონზომიერი შედეგ(ებ)ია, თორემ ერთ-ერთი აუტსაიდერი გუნდი ორი კვირის განმავლობაში თბილისში სტუმრად ორ გასვლით მატჩს რომ მოიგებს, როგორ შეიძლება ორივეჯერ სენსაციას მივაწეროთ ეს ყველაფერი?

ისე, შედეგიანობა ვახსენეთ და, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ამაზე მეტი (20) გოლი მხოლოდ ერთხელ, VII ტურში გავიდა. თუმცა, გასული ტური იმითაც იყო გამოსარჩევი, რომ რამდენიმე ერთმანეთზე უკეთესი და ეფექტური გოლი გავიდა!..

დედაქალაქური კრახი და იმერელთა ზეობა
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ XIV ტურში, ფაქტობრივად, ყველა მატჩი ისეთი იყო, წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება აზრს რომ კარგავდა; ასეც მოხდა და თანაც, პირველად მიმდინარე სეზონში, ერთ ტურში სამივე დედაქალაქური გუნდი დამარცხდა.

აი, ასე შეწყდა თბილისის "დინამოს" ათმატჩიანი წაუგებელი სერია, "საბურთალომ" ზედიზედ მეორე მარცხი იგემა, აი, "ლოკომოტივის" ზედიზედ მეოთხე წაგება კი, ცოტა არ იყოს, მაინც მოულოდნელობად გვეჩვენება...

III ტური იყო, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე სამივე იმერულმა გუნდმა რომ გაიმარჯვა; და აი, გასულ ტურშიც იგივე გამეორდა, თანაც, ვერავინ იტყვის, რომ "ტორპედომ", "სამტრედიამ" თუ "ჩიხურამ" დაუმსახურებლად მოიგესო, - პირიქით, სამივე ამ იმერული გუნდის წარმატება კანონზომიერებად უნდა შეფასდეს!

უცნაური კოლხეთი
მართლაც "უცნაური" გუნდია "კოლხეთი", უამრავი პრობლემით (საკადრო, ფინანსური, საკუთარი სტადიონის არქონა და ასე შემდეგ) რომ დაიწყო მიმდინარე სეზონი და დღემდეც ასე რომ გრძელდება; თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გელა სანაიას გუნდი არაფრით ეგუება ერთ-ერთი აუტსაიდერის სტატუსს და დროდადრო კი არა, უკვე ორ კვირაში ერთხელ ატრიალებს ყველა პროგნოზს...

ახლაც, ბევრისთვის მოულოდნელად, "კოლხეთმა" შეძლო და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს "ლოკომოტივს" გასვლითი მატჩი შემოუტრიალა.

თანაც, ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ "კოლხეთის", ფაქტობრივად, ყველა გოლი კარგად დამუშავებული კომბინაციების შედეგია და ასე მოხდა ამ მატჩშიც: ამპლუაშეცვლილმა შოთა კერძევაძემ კუთხურის მერე ეფექტური გოლი გაიტანა, გამარჯვების გოლი კი ფოთელთა გუნდის მართლაც "ხარისხიანმა" ლეგიონერებმა შექმნეს - სენეგალელმა მარცხენა გარემარბმა არფანგ დაფემ მშვენიერი სოლორეიდი უზუსტესი პასით დაასრულა, უკრაინელმა ცენტრფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა კი ეროვნულ ლიგაში უკვე VIII გოლი გაიტანა.

"კოლხეთის" კიდევ ერთი ლეგიონერიც უნდა აღვნიშნოთ: მოლდოველმა მეკარე სტეპან სიკაჩმა (სხვა ახალწვეული ლეგიონერების მსგავსად) ფოთელთა გუნდი აშკარად გააძლიერა და ეს ყველაფერი "ლოკომოტივთან" მატჩშიც დაამტკიცა.

ქებას იმსახურებს გელა სანაიაც: ახალგაზრდა სპეციალისტი არ ერიდება თამამ ტაქტიკურ გადაადგილებებს და როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ფეხბურთელისათვის ამპლუის შეცვლა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მომტანიც გამოდგა!

ჩემპიონს ნუ ჩამოწერთ!
XI ტურის მიმოხილვაში, ერთ-ერთი ქვეთავი ასე დავასათაურეთ: "ჩემპიონი ბრუნდება"! მოგეხსენებათ, რომ ობიექტური მიზეზების გამო "სამტრედიამ" სეზონი "მძიმედ" დაიწყო (საწყის ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა), მაგრამ გია ცეცაძის გუნდმა ნელ-ნელა გამოასწორა არა მხოლოდ სატურნირო მდგომარეობა, არამედ, თამაშის ხარისხიც.

ანუ, ისევ "იმ" "სამტრედიას" ვხედავთ, წინა სეზონში აშკარად თვალსასეირო ფეხბურთს რომ უჩვენებდა და ამის დასტურად მაისში ჩატარებული მატჩები გამოდგება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, XIII ტურში სტუმრად თბილისის "დინამოსთან" გამართული, მართლაც დაუვიწყარი დაპირისპირება ხომ მიმდინარე სეზონის (ჯერჯერობით) საუკეთესო მატჩი იყო.

იმ ძალიან დრამატულ და ასევე ძალიან სანახაობრივ მატჩში წაგების მერე, გია ცეცაძემ შეძლო და არანაკლებ ძლიერ (და - არაპროგნოზირებად) მეტოქესთან, "საბურთალოსთან" თავისი გუნდი მოსაგებად "დაქოქა", ძირითად შემადგენლობაშიც ეფექტიანი გადაადგილებები მოახდინა და წინა ტურზე არანაკლებ დრამატულ და ასევე არანაკლებ სანახაობრივ მატჩში მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

ავტოგოლი, გაცუდებული პენალტი, გიული მანჯგალაძის მიერ ეფექტურად შესრულებული "სტანდარტული", წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისაგან განახევრებული ახალგაზრდული "საბურთალოს" მედგარი წინააღმდეგობა - ამ ტურის კიდევ ერთ უხვგოლიან მატჩს მართლაც რომ არაფერი დაეწუნებოდა...

უხერხული მეტოქის ფაქტორი
წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა "ჩიხურა" თბილისის "დინამოს" დამარცხებას. მეტიც: ძალიან ხშირად ხდებოდა, როცა ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდთან დიდი ანგარიშით მარცხდებოდა ხოლმე. საჩხერელთა გუნდს განსაკუთრებით ჩისკო "ერჩოდა": თბილისის "დინამოსა" და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერს "ჩიხურასთან", ფაქტობრივად, ყველა მატში თითო, 2-2 თუ 3-3 გოლი გაჰქონდა!..

ასე გრძელდებოდა 2014 წლამდე, როცა სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ", როგორც იქნა, მოახერხა და ჩემპიონატის მატჩში მოუგო "დინამოს". აი, ამის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და ახლა უკვე "ჩიხურა" გახდა თბილისის "დინამოსთვის" აშკარად უხერხული მეტოქე.

თუმცა, ამ სეზონის პირველ წრეში კახა კაჭარავას ახალგაზრდულმა გუნდმა ეს ნავსი გატეხა და ეროვნული ლიგის ყველაზე ასაკოვანი გუნდი საკუთარ მოედანზე დაამარცხა. ის პერიოდი იყო, "დინამო" თავის შთამბეჭდავ სერიას რომ იწყებდა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ყველა სერია სრულდება და კახა კაჭარავას გუნდის მართლაც შთამბეჭდავი, 10-მატჩიანი სერია "ჩიხურასთან" დაპირისპირებაში შეწყდა.

აი, ასეთი იღბლიანი აღმოჩნდა "ჩიხურასათვის" მშობლიურ რაიონში და მშობლიურ სტადიონზე დაბრუნება: ამ სეზონის წინ ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტად შერაცხილმა გუნდმა ბოლო სამ მატჩში უკვე 7 ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობაც აშკარად გამოასწორა.

საჩემპიონო განაცხადი?
1999-02 წლები "ტორპედოს" ზეობის პერიოდი იყო, როცა ქუთათურთა გუნდი ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და თასის ფინალში კი, ფაქტობრივად, ყოველწლიურად გადიოდა; მას შემდეგ "ტორპედო" რამდენჯერმე კი მოხვდა პრიზიორთა შორის, მაგრამ ჩემპიონობასთან ახლოს მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს იყო...

და აი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე სეზონში 17-18 წლისწინანდელი სიტუაციის მომსწრენი გავხდეთ: ეროვნულ ლიგაში ალბათ, ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობის მქონე "ტორპედო", ფაქტობრივად, ყოველ ტურში "ასაბუთებს" თავის ამბიციას და ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ქუთაისელთა გუნდი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ თბილისის "დინამოს".

არც ის არის პატარა ამბავი, რომ ამ 5-მატჩიან წაუგებელ სერიაში "ტორპედოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს როინ კვასხვაძეს "მშრალი სერია" აქვს!

თუმცა, არანაკლებ შთამბეჭდავია "ტორპედოს" შეტევითი პოტენციალი და, ალბათ, არც ის არის უმნიშვნელო ამბავი, "ტორპედოს", ფაქტობრივად, ყველა გოლი ერთმანეთზე უკეთესი და ეფექტური რომ არის - ხან ბექა ტუღუში შემოგვთავაზებს ტექნიკის დემონსტრირებით გატანილ გოლს, ხან უბერებელი მარჯვენა გარემარბი გრიგოლ დოლიძე... კუთხურიდან (!) ჩაახვევს ბურთს პირდაპირ კარში და ასე შემდეგ...

აღარაფერს ვამბობთ თორნიკე კაპანაძეზე - ამ სეზონში მან უკვე მეორედ გაიტანა სუპერეფექტური "მაკრატელა".

დაბოლოს, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც უნდა აღვნიშნოთ. ჯერ წელიწადიც არ გასულა, რაც კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" ჩაიბარა და უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისელთა გუნდის თამაშში აშკარა პროგრესი შეიმჩნევა.

ამ ფორმაციის "ტორპედოს" მართლაც რეალურად ხელეწიფება მაქსიმალური მიზნებისათვის ბრძოლა, თუმცა, კახა ჩხეტიანის გუნდს ურთულესი მატჩები ელოდება მეორე წრის ფინიშზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი სად ვნახო? ვერ ვიპოვე
გურამი
14:00 26-05-2017
0
ცემპიონატის თამაშების ხარისხი და დაძაბულობა ტურიდან ტურამდე მატულობს. ბატონებო!!! მობრძანდით სტადიონზე და სასიამოვნოდ განცვიფრებულები დარჩებით!!! ათმა გუნდმა და გაზაფხული-შემოდგომის სიტემამ გაამართლა!!!
tngh
14:01 26-05-2017
0

სიახლეები პოპულარული