დინამო(თბ)-დინამო(ბთ) 4:0 - დინამო, ძალა მოძრაობაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე დგას და ისეთ დამაჯერებელ ფეხბურთს თამაშობს, ძნელი წარმოსადგენია, გზას ვინმე თუ გადაუღობავს.

ამჯერად, თბილისელები ბათუმის "დინამოს" შეხვდნენ და მისი წინააღმდეგობაც იოლად გატეხეს. რამდენიმე მოთამაშე უნდა გამოვარჩიოთ: ბექა მიქელთაძე, რომელიც წლეულს ბათუმელებს "გადაეკიდა" - პირველ წრეში "დინამომ" ქობულეთში ბათუმელებს მისი გოლით მოუგო (1:0). ახლა თბილისელთა თავდამსხმელმა გოლს საგოლე გადაცემაც დაამატა.

გიორგი თევზაძე, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა. ტრავმის შემდეგ 20 წლის ახალგაზრდა ფორმაში შედის და ნელ-ნელა აჩვენებს,
როგორ უნდა ითამაშოს მარცხენა მცველმა, როგორ ჩაერთოს შეტევებში და როგორ უნდა მოამარაგოს თავდამსხმელები პასებით...

საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა და ამით თავისი სათქმელი თქვა - მისი დაბრუნება გუნდს ძალიან წაადგა. ბაჩანა არაბულმა თავისი მომენტები ამჯერადაც გაანიავა, მაგრამ ყოველთვის იქაა, სადაც მეტოქეს ყველაზე მეტად არ სიამოვნებს, დაცვას ბევრ პრობლემებს უქმნის და თავისიანებს თამაშს და შეტევას უიოლებს.

თუმცა, გუნდის წარმატებული თამაში, დიდწილად, საყრდენების დამსახურებაა: ბაქარ ქარდავა და ოთარ კიტეიშვილი გამართულად მუშაობენ და "დინამოს" დინამიკურ და სწრაფ შეტევებს უზრუნველყოფენ.

მატჩის დროს იყო ორიოდე ეპიზოდი, როდესაც ბათუმელებმა მასპინძლები ანერვიულეს. სტუმართა "გმირობა" ამით შემოიფარგლა. კონსტანტინ ფროლოვის მოლოდინში მყოფი ბათუმის "დინამო" მეტად არასტაბილურია და ეს შედეგებსაც ეტყობა. თუმცა, ვერაფრით აიხსნება, რატომ არის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ქართული გუნდი მე-8 ადგილზე - ამ შემადგენლობას გაცილებით მეტი შეუძლია და მისგან მაყურებელი მეტს ელოდა, ვიდრე გუშინ იხილა.

თბილისის "დინამოს" დიდი ხანი აკლდა ის სილაღე და სიმსუბუქე, რომლითაც ახლა თამაშობს და იგებს. ასე იოლად გუნდი მეტოქეებს ეროვნული ჩემპიონატის გარიჟრაჟზე თუ ამარცხებდა. ბათუმის "დინამო" სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის, მაგრამ თბილისელებმა მათ ერთი თავით აჯობეს და ისე დაამარცხეს, უპირატესობა საკამათო წამითაც არ გაუხდიათ.

სასიამოვნოა, რომ ამ იოლი მოგების მიღმა გუნდის ფერისცვალება იმალება. უცნაურია, რომ კახა კაჭარავამ ეს პროგრესი იმ გუნდით მოახერხა, რომელიც, ფაქტობრივად, შეკრების დასრულების შემდეგ ჩაიბარა.

ასევე სასიამოვნოა, რომ თბილისელთა წარმატებაში თავისი წვლილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილებს შეაქვთ, რომლებიც ნელ-ნელა წამყვან როლებს ირგებენ.

ასეთი "დინამო" ჩვენი ჩემპიონატის დიდი სტიმულია - რაც უფრო მაღალია თამასა, მით უფრო მაღალია მისი დაძლევის სურვილი. მეტი ძლიერი გუნდი ჩემპიონატს უთუოდ წაადგება.

მატჩის სტენოგრამა
5' - თარხნიშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კვასოვმა კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში აღმოჩნდა.
6' - მეკარესთან პირისპირ არაბული დარჩა, მაგრამ დროულად არ დაარტყა, გადაცემაც ვერ გააკეთა და მშვენიერი საგოლე მომენტი გაანიავა.
10' - არაბულის კარგი გადაცემით ლობჟანიძემ სახიფათოდ შეუტია, მაგრამ ფარტენაძე გადაეფარა და ვითარება განმუხტა.
20' - თევზაძის ჩართვა და ფლანგური გადაცემა - არაბულს გატანა შეეძლო, მაგრამ ახლოდან ზუსტად ვერ დაარტყა.
21' - კიტეიშვილის დარტყმა ოდნავ სცდება კარს.
28' - მიქელთაძის ჩაწოდებული ბურთი მეკარე რომან ტაკიძემ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ჩაკვეტაძეს ისევ ფარტენაძე გადაეფარა და გუნდი გოლისგან იხსნა.
35' - გოლი! ისევ თევზაძის ფლანგური გადაცემა. კარის წინ მიქელთაძე იხსნება და თბილისის "დინამო" წინ გადის - 1:0. ამ ეპიზოდში სტუმართა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს.
41' - ჩაკვეტაძე-თევზაძე-არაბულის ლამაზი შეტევა დინამოელთა შემტევის არაზუსტი თავურით დასრულდა. არაბულმა კარგი მომენტით ვერ ისარგებლა.
57' - თევზაძის კუთხური ისევ სახიფათო გამოდგა. ლოჩოშვილის თავური კარს ოდნავ ასცდა.
58' - კიტეიშვილის დარტყმა და ბურთმა სტუმართა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
62' - კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ არაბული გაიხსნა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა - ტაკიძემ ბურთი მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა.
65' - გოლი! ქარდავამ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ლობჟანიძე, რომელსაც ხელი შეუშალა, დამატებაზე არაბულსაც გადაეფარნენ, შეტევა მიქელთაძემ გააგრძელა და კარის წინ ისევ ლობჟანიძეს უპასა, რომელმაც ამჯერად გაიტანა - 2:0.
71' - ისევ გოლი და ისევ თევზაძის სახიფათო "სტანდარტი"! გველესიანის თავური - ბურთი ძელს ხვდება და დამატებაზე თავადვე გააქვს - 3:0.
78' - ლობჟანიძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა არაბული, რომელსაც დარტყმა სუსტი გამოუვიდა და კარიდან ბურთი კვირკველიამ გამოიტანა.
80' - გოლი! ჩაკვეტაძემ მეკარეს ლობჟანიძე შეატოვა, რომლის დარტყმული ჯერ ერთ ძელს მოხვდა, მერე - მეორეს, ფლანგზე შეტევა არაბულმა გააგრძელა, ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და ლობჟანიძემ ამჯერად ძელის ნაცვლად ბადეს დაუმიზნა - 4:0.

ეროვნული ლიგა. XV ტური
28.05. თბილისი. დინამო არენა
დინამო(თბ)-დინამო(ბთ) 4:0
გოლები: 1:0 მიქელთაძე (35. თევზაძის პასით), 2:0 ლობჟანიძე (65. მიქელთაძის პასით), 3:0 გველესიანი (71. თევზაძის პასით), 4:0 ლობჟანიძე (80. არაბულის პასით)
დინამო თბ (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშენკო (56. სალუქვაძე), გველესიანი, ლოჩოშვილი, თევზაძე - ქარდავა, კიტეიშვილი - მიქელთაძე, ჩაკვეტაძე (89. ნ. ნინუა), ს. ლობჟანიძე (85. კობოური) - არაბული.
სათადარიგოები: რევიშვილი, პაპუნაშვილი, მესხი, კუცია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო ბთ (4-2-3-1): რ. ტაკიძე - ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი (32. თევდორაძე) - შონია, თარხნიშვილი - ტვილდიანი, ფონიავა, კენედი (70. კვანტალიანი) - კვასოვი (85. გორელიშვილი).
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, მგელაძე
მწვრთნელი: ამირან მუჯირი
არბიტრი: პ. მაჭარაძე.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

მომდევნო ტური
1 ივნისი, ხუთშაბათი
შუქურა-დინამო (თბ) 17:30
დინამო (ბთ)-საბურთალო 20:00

2 ივნისი. პარასკევი
სამტრედია-კოლხეთი 17:30
ჩიხურა-ტორპედო 17:30
დილა-ლოკომოტივი 19:30.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ შეიძლება რომელიმე გუნდმა დაუთმოს დინამოს წელს ევრო საგზური? ასეთი გამართულად მოთამაშე დინამო კარგა ხანია არ მინახავს.
kika
12:23 29-05-2017
0
დინამომ თუ ასე გააგრძელა ძალიან მალე ძველ სახელს დაიბრუნებს,მთლიანობაში ვერა მაგრამ ახლოს მოვა,უბრალოდ არ უნდა გაყიდო ფეხბურთელი უკრაინაში,რუსეთში დანია ბელგიასი და ასეთ დაბალი ლიგებსი,აქ ფაქტია,რომ ფეხბურტელი ვითარდება ეს კარგად ჩაანს დინამოს ახალგაზრდებიდან,ისინი დღითი დღე უნატებენ და ეს კარგიაა,თან ყველა გუნდი უკვე რაღაცას თამაშობს და დონეც იწევს ზევითზევით,ახლა გულშემატკივრების ჯერია,რომ სტადიონებს დაუბრუნდეთ და მალე ძალიან მაღალ დონის ჩემპიონატი გვექნება სულ რაღაც 2 წელიწადში,ეს აშკარაა....
მოკლედ რაა
12:28 29-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული