[ოთხშაბათის საკითხავი] ფიქრები ევროთასებზე

AutoSharing Option
თავიდანვე უნდა დავწერო: ბედნიერი, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გადავხედავ ამ წერილს და ვიტყვი, რომ ჩემი განგაში ცრუ იყო. იმასაც დავამატებ, რომ პირდაპირ ბავშვური სიხარულით მიხარია ყველა ქართული კლუბის წარმატება საერთაშორისო არენაზე, მაგრამ სადღეისოდ შექმნილი ვითარება, უბრალოდ, მაიძულებს, ეს წერილი დავწერო...

ზაფხული კარს მოგვადგა და, შესაბამისად, კარს მოგვადგა ევროთასებიც. ევროპულ საკლუბო ტურნირებზე საქართველოს სახელს წლეულს დაიცავენ "სამტრედია" (ჩემპიონთა ლიგა), "ჩიხურა", ბათუმის "დინამო" და "ტორპედო" (ევროპალიგა). ჩვენ მოუთმენლად ველით მათ წარმატებულ თამაშს, მაგრამ გვაშფოთებს ის პრობლემები, რომლებიც თვალნათლივ
ჩანს ამ გუნდების უმრავლესობაში. მაშ ასე, დავიწყოთ თანმიმდევრობით.

ჩემპიონთა ლიგა
გასული სეზონის შედეგების მიხედვით, "სამტრედიამ" არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ეს ტიტული შეიძლება პირველი სულაც არ ყოფილიყო, მაგრამ მოდით, ძველ ამბებს ნუღარ ჩავუღრმავდებით, მით უმეტეს, ამის თაობაზე საკმარისად ითქვა და დაიწერა...

ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდის სავარაუდო მეტოქეებს რომ გადახედავ, წამსვე გაიფიქრებ, იმერლებს რთული გამოცდა ელითო. ეს მართლაც ასეა. თავი დავანებოთ იმას, რომ ამ ფორმაციის "სამტრედიას" მხოლოდ მინიმალური ევროგამოცდილება აქვს. მეტოქეები ისეთები არიან, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ძალიან რომ უნდა გაგვიჭირდეს.

მაგალითად, გიჟი უნდა იყო, "სამტრედიას" შოტლანდიური "სელტიკის" ბარიერის დაძლევა მოსთხოვო. რა თქმა უნდა, ვართ რეალისტები და იმერთაგან ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულებს არ ველით, მაგრამ თუნდაც ერთი ეტაპის გადალახვა და მერე ბრძოლის გაგრძელება ევროპალიგაზე ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.

რეალურად რომ შევხედოთ, "სამტრედია" ევროპული სტარტის წინ უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, ვიდრე მაშინ, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ ალბათ იმერული კლუბის გულშემატკივრებიც კი დაგვეთანხმებიან, რომ პირიქითაა.

გუნდს ძალიან დააკლდნენ ლიდერები - ბუდუ ზივზივაძე და ბაჩანა არაბული. რა თქმა უნდა, ცეცაძე კარგი მწვრთნელია, მაგრამ ის სასწაულმოქმედი არ არის. რა მომწონს ცეცაძის? თუნდაც მხოლოდ ის, რომ საკადრო დეფიციტის ფონზე "სამტრედია" თავის თავს არ ღალატობს, როგორღაც ამაყად, თავაწეული თამაშობს და ყველა გუნდთან "პირველნომრობას" ცდილობს, თუმცა პრობლემა ძალიან ბევრია.

თუნდაც, უკანა ხაზი ავიღოთ. "ტორპედოსთან" მატჩში სამტრედიელთა დაცვაში იმაზე დიდი ნაპრალები ჩანდა, ვიდრე ევროთასების დაწყებამდე უნდა ჩანდეს. ამას იქ ნამდვილად არავინ გვაპატიებს.

ამბობენ, ჩემპიონთა ლიგის სტარტამდე გუნდში ხუთი ლეგიონერი გამოჩნდებაო. ორი აზრი არ არის, გუნდს სჭირდება კვალიფიციური კადრები, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: რამდენად მოახერხებენ ახალწვეულები უმოკლეს დროში ადაპტაციას? რამდენად გახდებიან გუნდის ორგანული ნაწილები?

მესამეც: საიდუმლო არავისთვისაა, რომ დღეს ქართული კლუბებისთვის ჭირს ხეირიანი ფეხბურთელების მოძიება. "სივი" კი მაინცდამაინც არ არის სათვალავში ჩასაგდები. შეიძლება 5 წლის წინ ის კარგი იყო, მაგრამ დღეს ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო აღარ არის კარგი და ამიტომაც მოდის საქართველოში.

ცეცაძეს არ ეშლება ფეხბურთელის არჩევა და ვნახოთ... ფაქტია, "სამტრედია" ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე წარმოადგენს საქართველოს და მისი პასუხისმგებლობა მთელი ქვეყნის წინაშე უდიდესია.

ევროპალიგა
ამ დროისთვის იმ ქართულ კლუბთაგან, საქართველოს რომ ევროთასებზე წარმოადგენენ, ყველაზე უკეთეს გუნდად "ტორპედო" მოჩანს. მე რასაც ვიხსენებ, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილ გუნდს მიმდინარე ქართულ სეზონში აშკარად მხოლოდ ერთი მატჩი ჩაუვარდა - საშინაო შეხვედრა თბილისის "დინამოსთან".

ქუთათურთა საყვარელი გუნდი ძალიან დაბალანსებული და კარგია საქართველოს დონეზე, მაგრამ ისმის კითხვა - იქნება კი ეს საკმარისი ევროპულ ასპარეზზე მეტ-ნაკლებად წარმატებული ასპარეზობისთვის?

დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა რთულია. ფაქტია, როგორც ყველა გუნდს, "ტორპედოსაც" სჭირდება გაძლიერება და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. მათე კვირკვია და დავით ხურციძე კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამაზე გაჩერება არამც და არამც არ შეიძლება.

* * *
...ბებერი ხარისა რქანიც ხნავენო, უთქვამთ საქართველოში და არცთუ ტყუილად. მიმდინარე სეზონში "ჩიხურას" გვარიანი კრიტიკა შეხვდა და მართებულადაც: გუნდი, რომლისგანაც მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ველოდით, ძალიან არასტაბილურია.

და მაინც, ევროთასებზე საჩხერულმა კლუბმა ყველა რესურსი უნდა ჩართოს, ყველა ძალა მოიკრიბოს. სოსო ფრუიძის გაწვრთნილებს აქვთ ევროპულ ასპარეზზე თამაშის გამოცდილება და წარმატების მიღწევისაც.

ეგაა, "ჩიხურას" ძირითადი ბირთვი უკვე რამდენიმე წელია, ერთად მოდის. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია, მეორე მხრივ კი, გუნდს აუცილებლად სჭირდება "ახალი სისხლი", რომელიც ახალ იმპულსს და "სიცოცხლეს" შეიტანს მის თამაშში.

შეხედავდი წლევანდელ "ჩიხურას" მთელ რიგ მატჩებში და გაიფიქრებდი, ამ გუნდს ევროთასებზე რა ესაქმებაო? მაგრამ ბოლო დროს იმერლებმა საკუთარი თამაში იპოვეს. და მაინც, პრობლემები აქაც თვალსაჩინოა და ძალიან კარგი იქნება, თუ ევროსტარტამდე ახალი მოთამაშეებით გაძლიერდება.

ეს საჩხერელთა თამაშში იმ ნაპერწკალს დააბრუნებს, რომელიც გუნდს ადრე ჰქონდა. განახლება სჭირდება ყველაფერს და ის აუცილებლად სჭირდება "ჩიხურასაც". არა რადიკალური, მაგრამ მაინც...

* * *
ბათუმის "დინამო" ევროსტარტამდე ცოტა ხნით ადრე გვარიან გარდაქმნებში ჩაება. ცხადია, ახალი მწვრთნელი, უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი საკუთარ თარგზე მოჭრის გუნდს, მაგრამ ისიც არაა ჯადოქარი და მასაც სჭირდება დრო და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ფეხბურთელები იმისთვის, რომ გუნდმა ასე თუ ისე მისაღები შედეგი აჩვენოს ევროთასებზე.

"დინამოს" ახალგაზრდა და ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ გაძლიერება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ეგაა, მხოლოდ ფეხბურთელის წარსულზე დაყრდნობა ხანდახან არ ამართლებს. აგერ, კენედი უგოალას წარსულს შევხედე და, მეგონა, საუკეთესო იქნებოდა ჩვენს ჩემპიონატში. განა, საქართველოს პირველობიდან ბევრს უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, თუნდაც "ჩელსის" წინააღმდეგ?..

ჩვენთან ის ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია და ახლა ნათელი ხდება, რატომ წავიდა ბელგიიდან ჯერ ფინეთში და მერე - საქართველოში. და მაინც, ევროთასებისთვის კენედი საჭირო კაცია: ვინ იცის, ეგებ ევროპულ გარემოსა და სტადიონებზე გაიხსნას ბოლომდე?

სამაგიეროდ, ძალიან კარგია იაროსლავ კვასოვი და, ზოგადად, როცა უკრაინელების თამაშს უცქერ საქართველოს ჩემპიონატში, არ შეიძლება, გულწრფელმა სურვილმა არ შეგიპყროს - რაც შეიძლება მეტი უკრაინელი საქართველოს ჩემპიონატში!

ვინ შეიძლება ჩამოვიყვანოთ?
რა თქმა უნდა, ოთხ ქართულ გუნდს გვარიანი სასელექციო სამუშაოს ჩატარება მოუწევს ევროთასებზე სტარტამდე. ვინ შეიძლება ჩამოვიყვანოთ ჩვენს გუნდებში ისეთი, ვინც მათ რეალურად გააძლიერებს და არა მხოლოდ ფურცელზე?

გზა პირველი. არ ვიცი, რატომ უგულებელყოფენ ქართული გუნდები ამ პრაქტიკას: ხომ არ ჯობია, ჩამოვიყვანოთ ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც თუნდაც დროებით ითამაშებენ საქართველოს ჩემპიონატში, თუნდაც ევროთასების ხათრით და ამის შემდეგ, რაც ტრამპლინად გამოიყენებენ ჩვენს გუნდებს, აიწყობენ კარგ ევროპულ კარიერას.

დარწმუნებული ვარ, არიან ასეთი მოთამაშეები, ფეხბურთელები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიარეს ძლიერი საფეხბურთო კლუბების სკოლა და ახლა ამ გუნდების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება უჭირთ.

ასეთ შემთხვევაში ქართული კლუბებიც იხეირებენ. თუ ევროთასებზე ეს ფეხბურთელი, პირობითად, "მისტერ X" თავს გამოიჩენს და სრულფასოვანი კონტრაქტით იქნება დაკავშირებული რომელიმე ქართულ კლუბთან, ჩვენი ეს ქართული კლუბიც აუცილებლად იხეირებს.

ისე კი, რა გამოდის? წლები ისე გადის, ქართულ გუნდებში ტრანსფერი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არ კეთდება. არც ყიდვისა და არც გაყიდვის კუთხით. ასეთ ვითარებაში კი რაიმე, თუნდაც ლოკალურ წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

გზა მეორე. არ მესმის, რატომ არ მიმართავენ ქართული გუნდები შედარებით ძლიერი გუნდებიდან ფეხბურთელების იჯარით აყვანის პრაქტიკას. რა თქმა უნდა, "გრანადასავით" ვერ მოიქცევი და ათეულობით მოთამაშეს ვერ აიყვან იჯარით, მაგრამ რამდენიმე კარგი ფეხბურთელის ამ გზით გუნდში მოზიდვა ნამდვილად შეიძლება.

დროებით ისიც შესაძლებელია, რომ ამ მოთამაშეს ხელფასი, რომელიც ნამდვილად არ იქნება ასტრონომიული, ქართულმა კლუბებმა გადაუხადონ. თავის მხრივ, ეს იქნება ფეხბურთელისა და მისი მფლობელი კლუბის ინტერესშიც. კლუბი მისი წევრისთვის მიიღებს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას, თავად ფეხბურთელი კი თუნდაც ექვს თვეს, სკამის ან დუბლშემადგენლობის ნაცვლად, მინდორზე გაატარებს.

ამას საკლუბო კავშირ-ურთიერთობების დამყარება სჭირდება. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, ბათუმის "დინამომ" მსგავსი რამ მეზობელ თურქულ კლუბებთან, მაგალითად, "ტრაბზონსფორთან" სინჯოს?!

ასეთ პრაქტიკას არაერთი გუნდი მიმართავს და - წარმატებითაც. ამას წინათ, გიორგი ბერიძის ამჟამინდელი კლუბის, სლოვაკური "ტრენჩინის" შემადგენლობამ დამაინტერესა. აღმოვაჩინე, რომ სლოვაკებს არაერთი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი ჰყავთ იჯარით აყვანილი.

მერე "ტრენჩინის" თამაშს ვუყურე და თუ მეტი არა, ის არცერთ ქართულ გუნდზე ნაკლები არ არის. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სლოვაკები მილიონებს სულაც არ ხარჯავენ ფეხბურთელებზე. ოპტიმალური დანახარჯებითაც კი შეიძლება გააკეთო საინტერესო და პროგრესირებადი გუნდი. მთავარია, საქმეს პროფესიულად მიუდგე. ფეხბურთი განვითარების იმ სტადიაშია, როცა ახალი ველოსიპედის გამოგონება სულაც არ არის საჭირო. ჩვენ შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც უკვე არის.

ზოგადად, ალბათ, უკეთესი იქნება, თუ ევროპას უფრო მეტად მივბაძავთ. იქ ფეხბურთში ბევრ რამეს ფული წყვეტს, მაგრამ ზოგჯერ ჭკვიანური მიდგომა ფულის დეფიციტს აკომპენსირებს. მხოლოდ ერთ წრეზე ტრიალი კი, როგორც ამას ქართული კლუბების უმრავლესობა აკეთებს, ხეირს ნამდვილად არ მოგვიტანს. ეს ნათლად ჩნდება ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების ასპარეზობისას, თორემ საქართველოს ჩემპიონატი დიდი ვერაფერი ლაკმუსის ქაღალდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კახა

ტორპედო სამტრედიას ვუყურე იმ ტემპში რასაც ეგენი თამაშობენ სასაცილოა ერთი ეტაპის გადალახვა მოსთხოვო 10 წუთი გავძელი


თქვენ ამას ტორპედოზე წერთ თუ სამტრედიაზე? თუ ორივეზე ერთდროუალდ?
Guadua
12:01 01-06-2017
0
ისე კი ყველაფერს სჯობს 6 კლუბი გადიოდეს საქართველოდან ევროზე. აქედან 2 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე და 4 კი ევროლიგის.
აუცილებელი არაა ჯგუფებში მოხვედრა, საკმარისია მეორე -მესამე ეტაპამდე მიღწევა, რომ ქართულ კლუბებზე სხვა კლუბებმა ივარჯიშონ, ჩვენ კი საცემი ბალიშვით ვიყოთ.
dato
11:32 01-06-2017
0

სიახლეები პოპულარული