მიხეილ სარდალიშვილი: მე თუ ამას ვერ მოვახერხებ, მოედანზე სხვა გავა...

AutoSharing Option
შარშანდელი სეზონის შემდეგ გულშემატკივრები და სპეციალისტები "ჩიხურასგან" ჩემპიონობისთვის ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდი ძალიან არასტაბილურად თამაშობს. კარგი დასაწყისის შემდეგ საჩხერელებს ჩავარდნა დაეწყოთ. თუმცა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა. როგორც ჩანს, სოსო ფრუიძის გუნდი კრიზისიდან გამოვიდა.

...ამასობაში, ფლანგის შემტევი მიხეილ სარდალიშვილი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა. მან განსაკუთრებით კარგად "საბურთალოსთან" ითამაშა - პენალტი მოიპოვა და მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძელთა დაცვას მოსვენებას არ აძლევდა.

- საბურთალო-ჩიხურა 1:2 - საჩხერე ევროზონას უბრუნდება [VIDEO]

"ბუნებრივია,
შარშანდელი ჩემპიონატიდან გამომდინარე, გულშემატკივარი ჩვენგან მეტს ელოდა, მაგრამ პირველი წრის ბოლო თამაშები არასახარბიელოდ ჩავატარეთ და ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ. ამის მიზეზი პატარ-პატარა პრობლემები იყო - რამდენიმე ტური არეულად ამიტომ ვითამაშეთ. ბევრი ფეხბურთელი დაშავებული გვყავდა და ჩვენს გამოსვლაზე გავლენა ამანაც მოახდინა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება მაინც ის იყო, რომ საკუთარ მოედანზე თამაში არ გვიწევდა. მაყურებლის გარეშე კი შესაძლებლობებს ვერც ერთი გუნდი ვერ გამოავლენს. მაგრამ ჩვენმა გულშემატკივარმაც და სხვებმაც კარგად იციან, რომ გუნდს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს.

ახლა მდგომარეობა გამოვასწორეთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, სეზონი სასურველი შედეგით რომ დავასრულოთ. მიმაჩნია, რომ ყველა გუნდს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ", - ამბობს სარდალიშვილი.

"ჩიხურა" ეროვნულ ლიგაში იშვიათი გამონაკლისია, სადაც ლამის ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ამის გამო თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, თავისი შანსით ისარგებლოს. სარდალიშვილის თქმით, ეს მოთამაშეებზე კარგად მოქმედებს:

"როგორც ხედავთ, ჩემპიონატი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს, პირველ ადგილზე გასვლის ამბიცია, შანსი და მეტ-ნაკლები შესაძლებლობა რამდენიმე გუნდს აქვს. ეს განაპირობებს უშუალოდ გუნდებში კონკურენციის ზრდას.

მე და ჩემი თანაგუნდელები ვცდილობთ, ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გუნდს წარმატება მოვუტანოთ და საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. მე თუ ამას ვერ მოვახერხებ, მოედანზე სხვა გავა და ჩემზე უკეთ ითამაშებს.

საბედნიეროდ, "ჩიხურაში" ბევრი კარგი მოთამაშეა და ძირითადში თამაში ნებისმიერს შეუძლია. ეს ჩვენი გუნდის დიდ პოტენციალზე მეტყველებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული