ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია

AutoSharing Option
29 წლის ირაკლი კლიმიაშვილი ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშე იყო. "ვიტ ჯორჯიას" გაზრდილი ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი სახე გახლდათ და მერე ეროვნულ გუნდშიც დაააწინაურეს...

მაგრამ კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა. დღეს ის ეროვნული ლიგის აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურაში" თამაშობს, რაც მის ამბიციას ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ გუნდი მდგომარეობას გამოასწორებს, თავად კი უკეთეს გუნდში გადავა...

- ჩემპიონატის ბევრი აუტსაიდერი გვახსენდება, მაგრამ 14 ტური რომ არ მოეგოს, ასეთი იშვიათად მომხდარა. რა სჭირდა თუ სჭირს "შუქურას"?
- წლის დასაწყისში არსებული
ვითარების გამო, შანსი ბევრ გამოუცდელ ახალგაზრდას მიეცა. ამავე დროს, გუნდის ხელმძღვანელობა სპონსორს ეძებდა, ფეხბურთელები რომ მოეყვანა და კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა. რაც მთავარია, ეს "შუქურაში" კონკურენციის გაზრდას შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ, ჩვენი იმედები არ გამართლდა, სპონსორი არ მოვიდა და გაძლიერებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

- შესვენებაზეც არ გაქვთ გუნდის გაძლიერების იმედი?
- ეს და ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი მაინც არ ჩამკვდარა. მაგრამ იმდენი შეხვედრა წავაგეთ, გუნდი რაღაც მომენტში აირია...

- ...ალბათ, ფსიქოლოგიურად...
- რა თქმა უნდა! ამდენი წაგება უკვალოდ როგორ ჩაივლიდა?! კარგია, რომ "ლოკომოტივთან" მოგებით ეს სერია შევწყვიტეთ და ცოტა ამოვისუნთქეთ. ახალი მწვრთნელის მოსვლამაც დადებითად იმოქმედა.

- წლეულს "შუქურას" მეორე მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. საერთოდ, გუნდში მსგავსი ცვლილება ხშირად ხდება და ფეხბურთელებზე ეს ცუდად არ მოქმედებს?
- რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და სანამ ერთს აითვისებ და გადაეწყობი, დრო მიდის.

- შაშიაშვილი გუნდს უცებ ვერ შეცვლის, მაგრამ მიდგომებს უკვე შეცვლიდა...
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ გიორგის ვიცნობ, რადგან ერთად გვითამაშია და განათლებული, მოწესრიგებული ადამიანია. დავალებებს მარტივად და კარგად გვიხსნის. როგორც ფეხბურთელი იყო ჭკვიანი, მწვრთნელიც ასეთივე ჩანს...

რაც შეეხება სიახლეებს: უპირველესად, ყურადღება დისციპლინას მიაქცია. ამის ხარჯზე მოვიგეთ "ლოკომოტივთან" და მიმაჩნია, რომ ლამაზი ფეხბურთიც ვაჩვენეთ. მაგრამ შემდეგი ტური თბილისის "დინამოსთან" ჩავაგდეთ. უცებ ვითარება ვერ შეიცვლება, საამისოდ დროა საჭირო.

- ...მაგრამ ახალი მოთამაშეებით თუ არ გაძლიერდებით, შედეგი საიდან მოვა?
- დარწმუნებული ვარ, შაშიაშვილი ამ შემადგენლობასაც უკეთ აათამაშებს.

- კარგი ამბავია, რომ ქობულეთში მოედნის საფარს შეცვლიან...
- ახლა "ჩელე არენაზე" თამაში ძალიან ძნელია. ტრავმიანობას თავი რომ დავანებოთ, ბურთი უცნაურად ხტება და მიმართულებას იცვლის. შესაძლოა, ეს ტრიბუნიდან არ ჩანდეს, მაგრამ ფეხბურთელებს სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის, სწრაფი თამაში შეუძლებელი ხდება. თან მაღალი ტემპერატურის პირობებში იქ კიდევ უფრო აუტანელი ხდება თამაში. "დინამოსთან" მატჩის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ფეხის გულები მეწვოდა...

- ჩემპიონატზე რას იტყვით?
- რასაც ვამჩნევ, ინტერესი გაიზარდა. რეკლამა, გაშუქება და ყურადღება აშკარად აკლდა, ახლა კი ამ კუთხით ცვლილებებს ყველა ვხედავთ. სატელევიზიო გაშუქებამაც ბევრი რამ შეცვალა და სტადიონზე შარშანდელზე მეტი ხალხი დადის. როცა ჩვენი თამაშები ერთმანეთს არ ემთხვევა, ბათუმში სულ დავდივარ, რადგან იქ ისეთი აურაა, შეუძლებელია, მეორედ მისვლა არ მოგინდეს. ყველაზე მეტად ის მომწონს, ხალხი სახლების აივნებიდან რომ იყურება! ასეთ ქალაქში ფეხბურთის გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონდეს!

მაგრამ ამ ჩემპიონატსაც და, ზოგადად, ჩვენს ფეხბურთსაც ერთი მნიშვნელოვანი რამ აკლია, რის გამოც მაყურებლის მუდმივი დაინტერესება ვერ ხერხდება.

- რას გულისხმობთ?
- თბილისის "დინამო" არის ერთადერთი ძლიერი გუნდი, რომელიც დამოუკიდებელ ჩემპიონატში მუდამ ლიდერებშია. მეორე მსგავსი გუნდი საქართველოში არ არის. იყო პერიოდი, თბილისელებს კონკურენციას ქუთაისის "ტორპედო" უწევდა, მერე ჩემი ყოფილი კლუბი - "ვიტ ჯორჯია", მერე "ზესტაფონი", ბოლნისის "სიონი", რუსთავის გუნდი, ბოლო წლებში - "ჩიხურა" და "სამტრედია". მაგრამ ამ 25 წელიწადში ვერცერთი მათგანი ისე ვერ მოღონიერდა, რომ "დინამოს" მუდმივად ეჭიდაოს. ხალხს კი ისეთი დაპირისპირებები იზიდავს, რაც წლების განმავლობაში ტრადიციებში გადადის.

- ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელი იმ ფაქტს როგორ ეგუებით, აუტსაიდერ გუნდში რომ მოხვდით?
- ფსიქოლოგიურად ძნელია, ამას შეეგუო, ყველა ფეხბურთელს უხარია ისეთ გუნდში თამაში, რომელიც ტიტულისთვის იბრძვის. მაგრამ ასე აეწყო ჩემი საქმეები და სადაც ვარ, საქმე იქ უნდა ვაკეთო.

- გუნდის შეცვლას ხომ არ აპირებთ?
- რომ ვთქვა, ლიდერ გუნდში გადასვლა არ მინდა-მეთქი, ვინმე დამიჯერებს? მაგრამ ჯერ რეალური არაფერია. დასრულდება ჩემპიონატის პირველი ნახევარი, სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ყველაფერი მერე გაირკვევა. ჯერ კი იმაზე ვფიქრობ, სანამ ამ გუნდში ვარ, უფრო უკეთ როგორ დავეხმარო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტილი შეიცვალე,პირგაპარსულმა იარე მატჩზე, თმა დაბალზე შეიკრიჭე, ჯენტლმენობა არ გაკლია მაგრამ კიდევ დაიმატე, უკეთეს პოზიციაზე გადადი თავდასხმის,კლუბსაც ეშველება და შენაც გეშველება.
გარინჩა
09:43 12-06-2017
0

სიახლეები პოპულარული