პროგრამას კიდევ ერთწლიანი დაფინანსება დაემატა და 2020 წლის ნაცვლად, 2021 წლამდე გაგრძელდება. პლუს, საქართველოს მთავრობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული თვითმმართველობები საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 5 წელიწადში 100 მილიონ ლარს დახარჯავენ. ამის გათვალისწინებით, ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გათვალისწინებული სახსრები 315 მილიონ ლარამდე
ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თქმით, ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ცვლილებები იმისკენაა მიმართული, რომ კლუბებმა კერძო სექტორიდან მეტი თანხები მოიზიდონ და ფინანსურად უფრო დამოუკიდებლები გახდნენ.
- [ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი
რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი, შესაძლებელია თუ არა ქართული ფეხბურთის კომერციალიზაცია, სპონსორებისა და კერძო ინვესტიციების მოზიდვა? ამ თემაზე თბილისის "ვიტ ჯორჯიის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი გურამ რუხაძე გველაპარაკა და საინტერესო აქცენტები გააკეთა...
- ფეხბურთის განვითარების პროექტში შესულ ცვლილებებზე რა აზრის ბრძანდებით?
- აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია. ერთი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ის არის, რომ პროგრამის განხორციელება კიდევ ერთი წლით გაგრძელდა და 2021 წლამდე იმუშავებს. ეს მნიშვნელოვანი ამბავია.
- საბაზისო თანხა შემცირდება, სტიმულირების ფონდი კი გაიზრდება. ამის პლუს-მინუსებზე რას გვეტყვით?
- 100 ათასი ლარით შემცირდა არა მხოლოდ ეროვნული ლიგის გუნდების, არამედ ლიგა 2-ის მონაწილეთა საბაზისო დაფინანსებაც. მაგრამ სტიმულირების თანხა იზრდება და თუ კლუბის მენეჯმენტი გამართულად და სწორად იმუშავებს, ბიუჯეტი კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. მე ამ ფაქტსაც დადებითად ვაფასებ.
- ქართული ფეხბურთის მომავალი რომ კომერციალიზაციაშია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთი სუსტია და რომ აქ კერძო ინვესტიციას არავინ ჩადებს. რამდენად მყარი არგუმენტია ეს სკეპტიკოსების ხელში?
- რთულია, მაგრამ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებთან და სპონსორებთან მეტი და უკეთ უნდა ვიმუშაოთ. სწორი მუშაობის შემთხვევაში, ინვესტიციის მოზიდვა მაინც შესაძლებელია. ჩვენი კლუბის მაგალითი მეტყველებს, როგორ შეიძლება კლუბის შექმნა და მისი კაპიტალის გაზრდა.
- წლეულს, შემოდგომაზე, "ვიტ ჯორჯიის" დაარსებიდან 20 წელი სრულდება და საინტერესოა, ამ კუთხით, კონკრეტულად რა ძვრებია კლუბში?
- "ვიტ ჯორჯია" 1997 წელს დაარსდა, როცა "მორკინალისგან" უმაღლეს ლიგაში ადგილი ვიყიდეთ და, ფაქტობრივად, მემკვიდრეობად მხოლოდ სახელი და ლიგაში ადგილი მივიღეთ. ფეხბურთელებიდანაც ერთი - ლადო გოჩაშვილი და ფედერაციის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დარჩნენ. ამ 20 წლის განმავლობაში კი "ვიტ ჯორჯიამ" შეიძინა სახე, სტილი, სახელი, ტიტულები... მათ შორის, ორჯერ ქვეყნის ჩემპიონის წოდება მოვიპოვეთ. ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე მოთამაშე გავუზარდეთ.
დღეს ჩვენი გაზრდილები უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბში თამაშობენ. ამას გარდა, სამაგალითო ტრანსფერები განვახორციელეთ. მაგალითად, დავით იმედაშვილი და ოთარ მარცვალაძე პირდაპირ კიევის "დინამოში" გავყიდეთ, გიორგი დეკანოსიძე - მეორე ბუნდესლიგის "ფიურტში", ედიკ საჯაია - მოსკოვის "ტორპედოში", ჯაბა ლიპარტია - ლუგანსკის "ზორიაში", ზურაბ მენთეშაშვილი - რიგის "სკონტოში"...
ასეთ ტრანსფერებს დღეს ბევრი ვეღარ ახორციელებს. რაც მთავარია, ჩვენ იშვიათი ქართული გუნდი ვართ, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს - "მცხეთა პარკი", პლუს, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იქვე 5 ჰექტარ მიწას ვფლობთ. თბილისში, პრესტიჟულ უბანში გვაქვს ოფისი.
ეს ყველაფერი კლუბის კაპიტალია, ციდან არ ჩამოცვენილა, ჩვენი შრომით შევქმენით. დიახ, ეროვნულ ლიგა 2-ში დავქვეითდით, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენს ადგილს დავიბრუნებთ. იმის თქმა მსურს, რომ წლების განმავლობაში ჩვენ კაპიტალი შევქმენით, რომლითაც არაერთი სპონსორი და ინვესტორია დაინტერესებული.
- დააკონკრეტეთ, თუ შეიძლება - სპონსორები კლუბის ყიდვით არიან დაინტერესებულები თუ მხოლოდ თანამშრომლობა სურთ?
- კლუბის ყიდვაც სურთ და თანამშრომლობაც. "ვიტ ჯორჯიის" საფასურად მილიონებს იხდიან, მაგრამ საქმეც ისაა, რომ კლუბის საკონტროლო პაკეტის გაყიდვა არ მსურს.
- ანუ საქმეში პარტნიორის შემოყვანა არ გსურთ?
- ეს კლუბი მე დავაფუძნე და მინდა, ტრადიცია გავამყარო, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცე - საქართველოში აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა... ოღონდ სპონსორებისა და ინვესტორების მოზიდვა რეალურია და ამაზე უარი არ მითქვამს. პირიქით, მათი მოზიდვით კლუბის კაპიტალის გაზრდა შეიძლება. ამის საშუალება ახლა უფრო არის.
ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნა ისტორიული მოვლენაა და ამით კლუბებს განვითარების მეტი საშუალება გაგვიჩნდა. დამსახურებას არავის დავუკარგავ - ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებისა და გუნდების დახმარების მცდელობა ადრეც იყო, მაგრამ ფეხბურთის განვითარებისთვის ცენტრალიზებულად ამდენი თანხა არასოდეს გამოყოფილა და ამისთვის კლუბები მადლიერები უნდა ვიყოთ. ამას კრიტიკა კი არ სჭირდება, მხარი უნდა დავუჭიროთ.
ფონდის გარეშე, შესაძლოა, დღეს ნულზე ვყოფილიყავით. ახლა კი ეროვნულ ლიგაში გუნდი მილიონ ლარს იღებს, ლიგა 2-ში კი - 700 ათასს, პლუს, სტიმულირებისა და ქულებზე პრემიალური თანხები დაგვერიცხება. ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"