გორის "დილას" დირექტორი: აუცილებლად გავძლიერდებით!

AutoSharing Option
გორის "დილა" საინტერესო პროცესების მოლოდინშია. მას შემდეგ, რაც გუნდი ებრაელმა დამრიგებელმა ზივ ავრაამ არიემ დატოვა, გორულ კლუბს მისი ყოფილი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე ავარჯიშებს.

ამ ეტაპზე, ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია, თუმცა, დიდი ალბათობით, "დილას" მალე ახალი დამრიგებელი ეყოლება, ოღონდ არც ის არის გამორიცხული, გორული გუნდის გაწვრთნა დეკანოსიძესაც მიანდონ...

გუშინ "ლელო" კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდა და საქმეში გარკვევის მიზნით რამდენიმე კითხვა დაუსვა...

- საინტერესოა, რა ხდება გუნდში ზივ არიეს წასვლის შემდეგ?
- თავდაპირველად, მინდა სრულიად გულწრფელად გითხრათ, რომ მისი წასვლა
დიდი დანაკლისი იყო "დილასთვის". ამის მიუხედავად, კლუბის ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის, ყოველგვარი გართულების გარეშე.

გიორგი დეკანოსიძე ზივ არიეს ასისტენტი იყო იმ დღიდან, როცა "დილაში" საქმეს შეუდგა. ასე რომ, გიორგის არ გასჭირვებია ახალ ამპლუაში შესვლა. მან კარგად მოახერხა გუნდის გაერთიანება ამ რთულ პერიოდში. ეს კი არა, ჩემი აზრით, "დილა" ახლა უფრო შეკრული გუნდი ჩანს, ვიდრე ადრე იყო...

ერთი სიტყვით, ვაგრძელებთ მზადებას, რომ ღირსეულად ვითამაშოთ საქართველოს ჩემპიონატში იმისთვის, რომ ერთგული გულშემატკივარი გავახაროთ.

Sportall.Ge- ამ დროისთვის გიორგი დეკანოსიძეს ოფიციალურად რა სტატუსი აქვს?
- ახლა ის არის გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.

- და ახალი მწვრთნელის საკითხი როდის უნდა გადაწყდეს?
- იცით, რომ პარასკევს ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩი გვაქვს "შუქურასთან". ამ შეხვედრაზე დასასწრებად კლუბის დამფუძნებლები საგანგებოდ ჩამოდიან.

ამ დროისთვის, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს ორ თამაშში გუნდს დეკანოსიძე გაწვრთნის. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ ის დაინიშნოს გუნდის მთავარ მწვრთნელად. შეიძლება "დილა" სხვა სპეციალისტმაც გაწვრთნას. მოკლედ, დაველოდოთ დამფუძნებლების გადაწყვეტილებას...

- კულუარებში ისმის ხმები იმის თაობაზე, თითქოს "დილაში" შეიძლება უჩა სოსიაშვილი დაბრუნდეს. თქვენი მხრიდან, ეს ნაბიჯი გასაკვირი არც იქნება - "დილას" ბოლო დროის წარმატებები, თუნდაც ჩემპიონობა, სწორედ ამ ახალგაზრდა სპეციალისტს უკავშირდება...
- უნდა დამიჯეროთ: ჯერ არცერთი კანდიდატი არ განგვიხილავს! არ არის ისე, რომ ორ-სამ კანდიდატს შორის ვაკეთებდეთ არჩევანს. ზივ არიეს წასვლის თაობაზე ვიცოდით ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე. ჩვენ რომ სწრაფად გვდომებოდა ამ საკითხის გადაწყვეტა, "დილას" უკვე ეყოლებოდა სრულფასოვანი მწვრთნელი.

მგონი, ნათელია, რომ ჩვენი კლუბის, მისი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გამჭვირვალობაა და ის ნებისმიერ შემთხვევაში დაცული იქნება. როგორც კი იქნება კონკრეტული სიახლე, აუცილებლად გაიგებთ.

- ერთგვარად, ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგიხდათ თავის დროზე გუნდისთვის კადრების შერჩევა. სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ სერიოზულ ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ? აქცენტს უფრო ლეგიონერებზე გააკეთებთ თუ ქართველებზე?
- უფრო მეტად აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ და ამას ბუნებრივი მიზეზი აქვს. მოგეხსენებათ, ლეგიონერების კვოტა "დილას" ბოლომდე აქვს შევსებული. აქ შეიძლება მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდეს, ქართველი ფეხბურთელები კი გუნდში აუცილებლად გამოჩნდებიან - ისეთი მოთამაშეები, რომლებიც "დილას" მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. ეგ არის, რომ ეს იქნება არა ექვს თვეზე გათვლილი სატრანსფერო პოლიტიკა, არამედ სერიოზული ინვესტიცია მომავლისთვის.

გვინდა, გუნდში ისეთი ფეხბურთელები გვყავდეს, რომლებიც "დილას" მნიშვნელოვნად გააძლიერებენ და საკუთარ თავს ჩათვლიან გრძელი, ამბიციური პროექტის ნაწილად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფეხბურთელებს აქვთ ერთწლიანი კონტრაქტები. საფეხბურთო წლის ბოლომდე ჩვენ ვერ მოვახდენთ გუნდში განსაკუთრებულ ცვლილებებს. ეს უფრო მომავალ წელს მოხდება. შემიძლია მოგცეთ იმის გარანტია, რომ "დილა" აუცილებლად გაძლიერდება.

- და ბოლოს: როგორია გიორგი ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც "ლოკომოტივთან" მატჩის დროს მძიმედ დაშავდა?
- ორ-სამ კვირაში მას აღარ დასჭირდება წოლითი რეჟიმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვარჯიშს დაიწყებს. ჩვენი კლუბის სახელით, მინდა, მას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. გიორგი "დილასთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და შესანიშნავი ადამიანიცაა.

- ირაკლი მოდებაძის ამბავი როგორღაა?
- სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ ტრავმირებულია და ვერ ვარჯიშობს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას გაძლიერდება შენ ვინ გეკითხება ან იცი რამე საერთოდ რახდება გუნდში მარტო ხელფას როიღებ..გელოდებით ერთი რას იზამთ...
დილა გორი
10:47 16-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული