10:06 19-06-2017
ტორპედო-დინამო (ბთ) 1:0 - კარგ ხასიათზე კლასიკომდე... [VIDEO]
AutoSharing Option
ევროპალიგის გათამაშება კარსაა მომდგარი, რომელშიც, "ტორპედოსთან" ერთად, ჩვენი ქვეყნის ღირსება ბათუმის "დინამომაც" უნდა დაიცვას. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული გუნდები ევროთასებს გაცილებით უკეთეს ფორმაში შეხვდებიან, თორემ ასეთი თამაშით "შორს წასვლა" ძალიან რთული იქნება.
სანაკრებო პაუზამდე გამართულ ტურებში ჩხეტიანის შეგირდები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ და მეტოქეებს ლამაზ სტილში ამარცხებდნენ. ბათუმის "დინამოსთან" მათ თამაში არ წაუვიდათ, მეორე ტაიმში დაღლაც დაეტყოთ, თუმცა ზღვისპირელების დასამარცხებლად ქუთაისელთა ასეთი გარჯაც საკმარისი გამოდგა.
მატჩს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. თამაშის წინა დღეს "ტორპედოს" მფლობელი გახდა ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა. კლუბში სპონსორის მოსვლამ ქუთაისელებს იმედები გაუჩინა, რომ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც უფრო რეალური გახდება. თავად ახალი მფლობელი ბათუმის "დინამოსთან" შაბათის მატჩს არ დასწრებია...
მატჩის საწყისი 10 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც უპირატესობას ქუთაისელები დაეუფლნენ და რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ გიორგი კუხიანიძემ თავისიანები პენალტით დააწინაურა.
11-მეტრიანი გიორგი ქიმაძის კარგ გარჯასა და გადაცემას მოჰყვა. ქიმაძე უდავოდ საუკეთესო იყო - შეტევებში ხშირად ერთვებოდა და დაცვაშიც საიმედოდ ირჯებოდა, ერთ ეპიზოდში კი ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, რითიც "ტორპედო" აშკარა გოლისგან იხსნა...
გოლის ეპიზოდში კარგად ითამაშა თორნიკე კაპანაძემაც, თავად თამაშგარეში მყოფმა შოთა ბაბუნაშვილის მისამართით გაატარა ბურთი, "ტორპედოს" ვეტერანი ნახევარმცველი კი მეკარემ წესების დარღვევით შეაჩერა...
თამაშში ბევრი მომენტი არ შექმნილა. ამის მიუხედავად, ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ კუხიანიძის გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი გამოდგა.
74-ე წუთზე ბათუმელთა რიგებში საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებული ელგუჯა გრიგალაშვილი გამოჩნდა. სხვათა შორის, ის თავის დროზე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებასაც იცავდა... გრიგალაშვილი თამაშში აქტიურად ჩაერთო, მონდომებით თამაშობდა, მაგრამ საგოლე შანსი არ მისცემია. ბათუმელები ანგარიშის გათანაბრებას ლამობდნენ, "ტორპედო" კი ცდილობდა, კონტრშეტევაზე დაეჭირა მეტოქე.
ხშირი ტრავმების გამო ბოლო წუთებში თამაში რამდენჯერმე შეჩერდა. ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო დაეცა და მალე მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა, რამაც ქუთაისელთა მძიმე, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა.
ტორპედოელები 21 ივნისს თბილისის "დინამოსთან" გასამართ "ქართულ კლასიკოს" კარგ განწყობაზე შეხვდებიან.
მატჩის სტენოგრამა
12' - შონიამ შორიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
14' - კაპანაძის გადაცემების შემდეგ დოლიძე მახვილი კუთხიდან სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
16' - ტუღუშის შორეული დარტყმა ასცდა სტუმართა კარს.
20' - გოლი! ქიმაძის აქტიურობის შემდეგ ბაბუნაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ბაბუნაშვილი წესების დარღვევით შეაჩერა და დაინიშნა პენალტი, რომელიც კუხიანიძემ გოლად აქცია.
31' - თევდორაძემ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ქიმაძემ ბურთი "ტორპედოს" კარის ხაზიდან მოიგერია.
44' - გორელიშვილის სახიფათო დარტყმა კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია.
45+3' - "სტანდარტულიდან" ტუღუშის ჩაწოდების შემდეგ გიორგი გურული თავით ძალზე სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა.
50' - დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია ბურთი, მაგრამ ტიმოფეევი არ დაიბნა და "დინამო" გოლისგან იხსნა.
51' - შონიას დარტყმა ასცდა ქუთაისელთა კარს.
63' - შონიას "მაკრატელას" ქიმაძე გადაეღობა.
71' - კუთხურის შემდეგ კუხიანიძემ კარგად დაამუშავა ბურთი და საჯარიმოს შიგნიდან ძალზე სახიფათოდ დაარტყა. ბურთი მცველს შეეხო და ხარიხას გადასცდა.
76' - ფარტენაძის სახიფათო თავური დარტყმა ასცდა მიზანს.
ეროვნული ლიგა. XVII ტური
17.06. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 კუხიანიძე (20-პენ)
ტორპედო (4-1-4-1): რ. კვასხვაძე - ადამაძე (85. ბურჯანაძე), ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური - დოლიძე, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (66. მამასახლისი), ტუღუში - კაპანაძე (70. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, საღრიშვილი, საბანაძე, ნ. კვასხვაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო (4-1-4-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი თარხნიშვილი - ქავთარაძე, შონია, თევდორაძე (74. გრიგალაშვილი), გორელიშვილი (64. კვანტალიანი) - კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, გოგიტიძე, ტვილდიანი, ვარშანიძე, მგელაძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: ტიმოფეევი (19) ფარტენაძე (86)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10
მომდევნო ტური
20 ივნისი
ჩიხურა-ლოკომოტივი 17:30
სამტრედია-დილა 18:30
21 ივნისი
შუქურა-საბურთალო 18:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი 19:00
დინამო (თბ)-ტორპედო 21:00.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
როგორც იტალიის ნაკრების დაცვა ინარჩუნებს თავის კარებს. ასე ტორპედო თუ გაიტანს გოლს მერე ძნელია კვასხვაძის კარის დალაშქვრა.გრანდს შევადარე ბოდიში.
0
0
მძიმე დანაკლისი იყო ტაბატაძის და ხურცილავას არ ყოფნა.ადამაძე არ არის ფლანგის მოთამაშე.კუხი ვერ ამარაგებდა ელვას პასებით.კუჭუხიძე ჭიდაობს მოედანზე მერე გუნდმა დაზოგა ძალები კლასიკოს წინ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული