კოლხეთი-ჩიხურა 1:3 - ტატანაშოუ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თამაშს მეტისმეტად მცირე მაყურებელი ესწრებოდა და ცხადია, მოთამაშეებს თავიდან ის ჟინი და სტიმული არ ჰქონდათ, რაც შევსებული ტრიბუნების წინ უჩნდებათ, მაგრამ მძიმედ და ნელ ტემპში დაწყებულ მატჩში მოვლენები თანდათან საინტერესოდ განვითარდა. უპირატესობას ნომინალური სტუმრები დაეუფლნენ. "ჩიხურამ" რამდენიმე მწვავე მომენტიც შექმნა, მაგრამ ამ უპირატესობის გამოყენება და ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმში ვერ მოახერხეს.

კოლხები საკუთარ თავს არ ღალატობდნენ და მაშინ გამოაჩინეს კბილები, როცა მეტოქე გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდა. ასე იყო პირველ ტაიმში და ასე მოხდა მეორე ნახევარშიც, რამაც შეხვედრას ინტრიგა შესძინა.

მეორე ნახევრისა
და, საერთოდ, მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია ცოტნე ქებურიას გაძევებამ. ამის მიუხედავად, კოლხებმა გაიბრძოლეს, მაგრამ საჩხერელებმა თავისას მაინც მიაღწიეს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - წაგების (ფოთელები "ჩიხურასთან" პირველ წრეშიც 1:3 დამარცხდნენ) მიუხედავად, ფოთელთა მეკარე სტეფან სიკაჩს საქებარი სიტყვები ეკუთვნის. მთელ რიგ ურთულეს ეპიზოდში მან საუცხოოდ ითამაშა და კოლხები არაერთხელ გადაარჩინა. სულ მოლდოველმა 8 "სეივი" გააკეთა, 4-ჯერ კი პირისპირ დარჩენილ მეტოქეს არ გაატანინა!

წლეულს მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა დიმიტრი ტატანაშვილმა. "ჩიხურადან" უნდა აღვნიშნოთ გიორგი კორიფაძის გარჯაც, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში არ გაჩერებულა და სამივე საგოლე შეტევის უშუალო მონაწილე გახლდათ. ამას გარდა, სხვა ეპიზოდებშიც გამოიჩინა თავი...

...59-ე წუთზე ცოტნე ქებურიამ საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი. მას უკნიდან თორნიკე გორგიაშვილი წამოეპარა და ბურთი აართვა. ქებურია წაიქცა და ბურთი ხელით დაიჭირა, რათა გორგიაშვილი მეკარესთან პირისპირ არ გასულიყო, არბიტრმა კი ფოთელთა "ათიანს" წითელი ბარათი უჩვენა.

მატჩის სტენოგრამა
9' - კორიფაძის ჩაწოდება. ახლო მანძილიდან ტატანაშვილის თავური მიზანს სცდება.
11' - კოლხების უსწრაფესი შეტევა: ფლანგიდან დაფემ საჯარიმოში ჯანელიძეს უპასა და ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმა მიზანს მცირედ ასცდა.
19' - ჩიკვაიძის ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას ტატანაშვილი ცდილობდა, მაგრამ ახლოდან ისევ ააცილა მიზანს.
23' - კორიფაძის კუთხური და გორგიაშვილის თავური: ოტიენომ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
38' - კერძევაძემ ბურთი კარის წინ დაკარგა და გორგიაშვილმა ახლოდან ვერ გაიტანა.
55' - ჭელიძის ასპროცენტიანი შანსი! საჩხერელთა ნახევარმცველი მცველს გაექცა და მეკარესთან პირისპირ დარჩა. სიკაჩმა კოლხები გადაარჩინა, დამატებაზე კი დეკანოიძემ ვერ დაარტყა.
56' - ტატანაშვილმა მეკარესთან პირისპირ კორიფაძე დატოვა. სიკაჩმა მასაც აჯობა და დამატებაზე ტატანაშვილსაც აუღო.
59' - ბოლქვაძის ჯარიმა ჰამზიჩმა "ცხრიანიდან" მოხსნა.
60' - არბიტრი ხელით თამაშისთვის მოედნიდან აძევებს ქებურიას.
66' - კორიფაძისა და გორგიაშვილის გათამაშებულ ჯარიმას დობროვოლსკი აგვირგვინებდა: სიკაჩმა გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა!
67' - გოლი! კორიფაძის კუთხურის შემდეგ ბურთი კარში ტატანაშვილმა გაგზავნა - 0:1.
75' - გოლი! ვარლამ კილასონიამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, ჰამზიჩი უხეშად შეცდა და კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
86' - გოლი! უსწრაფესი შეტევა კორიფაძემ მარცხენა ფლანგზე ჩიკვაიძეს გაუგრძელა, რომელმაც ეგრევე ბურთი კარის წინ ჩაჰკიდა, ტატანაშვილმა კი ისე "დააჭედა" ბურთი კარში, სიკაჩს შანსი არ დაუტოვა - 1:2!
89' - ტატანაშვილი კვლავ დასარტყმელ პოზიციაზეა: სიკაჩმა კოლხები ისევ გადაარჩინა!
90+3' - კორიფაძე-ჭელიძის უსწრაფესი შეტევა. მეკარესთან პირისპირ გადის დეკანოიძე და სიკაჩის კიდევ ერთი სასწაული!
90+4' - გოლი! კორიფაძემ სწრაფი შეტევა ტატანაშვილს გაუგრძელა, რომელიც მცველს გასცდა და ჰეთ თრიკით წერტილი დაუსვა თამაშს - 1:3.

ეროვნული ლიგა. XVII ტური
16.06. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-ჩიხურა 1:3
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (67. კორიფაძის პასით), 1:1 კოვტალიუკი (75. ვ. კილასონიას პასით), 1:2 ტატანაშვილი (86. ჩიკვაიძის პასით), 1:3 ტატანაშვილი (90+4. კორიფაძის პასით)
კოლხეთი (4-2-3-1): სიკაჩი - ვ. კილასონია, შ. კერძევაძე, გოგონაია, ოტიენო - ბოლქვაძე, ლ. კაკულია (46. ქებურია) - კორობკა, ჯანელიძე, დაფე (83. ბუხაიძე) - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, ჟიშკარიანი, შალიკაშვილი, ენდელაძე, ა. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - თორ. გრიგალაშვილი, კაშია, მირცხულავა, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი (90+3. კაკუბავა), ჭელიძე - კორიფაძე, გორგიაშვილი (76. განუგრავა), სარდალიშვილი (50. დეკანოიძე) - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე, ნ. გაბაძე, ივანიშვილი, ლექვთაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: გოგონაია (52), გრიგალაშვილი (58)
გაძევება: ქებურია (60)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური
20 ივნისი
ჩიხურა-ლოკომოტივი 17:30
სამტრედია-დილა 18:30

21 ივნისი
შუქურა-საბურთალო 18:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი 19:00
დინამო (თბ)-ტორპედო 21:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თებიძე რომ გაუშვით ორი შეცდომის გამო,სხვებს ეს არ ეხება?მცველებზე მაქვს საუბარი
barbare
14:49 19-06-2017
0

სიახლეები პოპულარული