სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველ თავდამსხმელებს ჩანაფიქრს რას გაუგებ...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო უკრაინულ Sport Arena-ს საქართველოში თავის თამაშსა და ყოფაზე, ასევე, ქვეყანაზე, ქართულ ფეხბურთზე, კლუბსა და ჩემპიონატზეც ელაპარაკა.

29 წლის უკრაინელმა გოლკიპერმა, რომელიც "დინამომდე" "ზუგდიდის" ღირსებას იცავდა, თანამემამულეებთან ისიც კი "დაიტრაბახა", საქართველო უკვე ქართველებზე უკეთესად შევისწავლეო...

გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ლიტოვჩენკოსთან.

- როგორ აღმოჩნდი საქართველოში, თანაც, არცთუ მთლად წარმატებულ გუნდში - "ზუგდიდში"?
- თავდაპირველად საქართველოში წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. "ოლიმპიკთან" კონტრაქტი 2 წლით მაკავშირებდა და ამ გუნდში მეორე სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე წინადადება ისრაელიდან მივიღე -
აშკელონის "ჰაპოელი" მიწვევდა. გუნდს შეკრებაზეც წავყევი და სამედიცინო შემოწმებაც გავიარე, "ოლიმპიკს" კი დავემშვიდობე, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ აგენტი "ჰაპოელს" ვერ მოელაპარაკა, რადგან თავის მომსახურებაში საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვა. შედეგად, ისე გამოვიდა, რომ კლუბის გარეშე დავრჩი. სასწრაფოდ რაღაც უნდა მეღონა და სწორედ მაშინ დამეხმარა ჩემი ნაცნობი ზუგდიდელი ლევან გულორდავა.

- სათაკილო არ იყო საქართველოს არცთუ ცნობილ გუნდში გადასვლა?
- არა. ლევანმა მითხრა: "ითამაშებ ჩვენთან 3-4 თვეს და ქართული გრანდებიდან რომელიმე აუცილებლად შეგამჩნევს და წაგიყვანს". თანაც, არალიდერ გუნდში მექნებოდა სათამაშო პრაქტიკა, ასეთ დროს კი მეკარეები ყოველთვის ტონუსში არიან. ამგვარად, აგვისტოში უკვე საქართველოში ჩავედი.

- თბილისის "დინამომ" როგორ შეგამჩნია?
- თანდათან დამიწყეს დაკვირვება - მეკარეთა მწვრთნელი "ზუგდიდის" თამაშებზე დადიოდა. სხვათა შორის, მაშინ "ზუგდიდში" ვლადიმირ ლიუტი მუშაობდა. გასული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე თბილისში მიმიწვიეს. ჩავედი, შევხვდი პრეზიდენტს, მოვილაპარაკეთ ყველა საკითხზე და ასე აღმოვჩნდი "დინამოში". კონტრაქტის სისტემაა "1+2" და 2017 წლის ბოლოს კლუბს აქვს უპირატესი უფლება, კიდევ ორი წლით დამიტოვოს.

- ახალ ადგილს როგორ შეეწყვე?
- თბილისი არარეალურად ლამაზი ქალაქია და დღემდე არ მბეზრდება მისით ტკბობა. განსაკუთრებით მომხიბლავია ღამის ქალაქი. თავისუფალ დროს ვცდილობთ ხოლმე გავლას... უკვე მთელი ქვეყანა მოვიარეთ. თანაგუნდელები ამბობენ, რომ ლიტოვჩენკო უკვე ისეთ ადგილებშია ნამყოფი, სადაც ფეხი ბევრ ქართველსაც არ დაუდგამსო (ეღიმება). ამ ქვეყანაზე უკვე ბევრი შემიძლია ვისაუბრო.

Sportall.Ge

- კავკასიურ ჩემპიონატებზე ხშირად საუბრობენ ნეგატიურ ასპექტში, ახსენებენ გარიგებულ მატჩებს...
- როცა საქართველოში ჩავედი, მაშინაც მოვკარი ყური მსგავს პრეტენზიებს, თუმცა, მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ ყოფილა ლაპარაკი "გარიგებულზე", არ ყოფილა არცერთი სკანდალი. შესაძლოა, ახალმა სქემამაც იმოქმედა - ახლა 10 გუნდი 4 წრეს თამაშობს. თასის ჩათვლით, 40 მატჩამდე გამოდის. თუკი გავითვალისწინებთ, რომ კლუბების უმეტესობაში მოგებისთვის პრემიალურებს უხდიან, ბოლომდე ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

საქართველოში ჩემპიონატის ფორმატიც შეცვალეს და ახლა ის "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით ტარდება. საერთოდ კი, ქართველები ფეხბურთში რეფორმებს კომპლექსურად ატარებენ. ახლა ყველა თამაშის ტრანსლაციას ატარებენ და არამხოლოდ ტელევიზიით, "იუთუბითაც". ფედერაცია ყოველწლიურად აფინანსებს უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს თითქმის ნახევარი მილიონი დოლარით. პლუს, დაკავებული ადგილის შესაბამისად, დაწესებულია პრემიალურები. ეს განსაკუთრებით იმ კლუბებს ეხმარება, რომლებსაც ძლიერი პატრონი არ ჰყავს. გამოდის, რომ ფედერეცია მთლიანად ინახავს გუნდს. საქართველოში ცოტაა კერძო კლუბი, თუმცა დაფინანსების დროს ფედერაცია მკაცრად აკონტროლებს კლუბს, განსაკუთრებით, ხელფასების დროულად გაცემას.

- წინა ჩემპიონატი "დინამომ" მისთვის უჩვეულო მეოთხე ადგილზე დაასრულა. ეს შეფასდა, როგორც კრახი?
- გუნდი ევროთასებზე ვერ გავიდა. საქართველოში ამისთვის ზედა სამეულში მოხვედრაა საჭირო. პრობლემა ის იყო, რომ "დინამოს" ფეხბურთელთა ნახევარს კონტრაქტები უსრულდებოდა, თანამშრომლობის გაგრძელება კი ან კლუბს არ სურდა, ან თავად ფეხბურთელს. შესაბამისი იყო ატმოსფეროც, ბევრი ბოლომდე არც იხარჯებოდა.

დღეს "დინამო" სულ სხვა გუნდია. ბევრია ახალგაზრდა, გუნდში საშუალო ასაკი კი, ალბათ, 20 წელია, მე კი ყველაზე უფროსი გამოვდივარ. "დინამოს" ახლანდელი გუნდი, პრაქტიკულად, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებისგან შედგება. ამოცანა კი გუნდის ათამაშება და ტალანტების გამოჭედვაა.

- მიუხედავად ამისა, თქვენი გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს...
- დიახ, 16 მატჩიდან მხოლოდ 3 წავაგეთ, აქედან 9 მატჩი კი "ნულზე" ჩავატარე.

- 9 თამაში გაშვებული გოლის გარეშე - ეს შენი დამსახურებაა თუ "დინამოს" ყველაზე ძლიერი რგოლი დაცვის ხაზია?
- ჩვენ ძალიან კომპაქტურად და პასუხისმგებლობით ვირჯებით დაცვაში. გუნდში ისეთი დისციპლინაა, რომ ანგარიშში ნებისმიერი უპირატესობის დროსაც გვთხოვენ, არ გავუშვათ გოლი. ბოლო წუთამდე კონცენტრირებულნი ვთამაშობთ. მე სულ მიმეორებენ: "მთავარია, თამაში "ნულზე" დაასრულო".

- თქვენი დაცვის ლიდერი გიორგი გველესიანია, რომელიც ერთი პერიოდი "ვოლინში" იყო სინჯებზე...
- ის და მარცხენა მცველი ლაშა თოთაძე. ისინი იცნობენ უკრაინას, საუბრობენ რუსულად. ლაშა ერთ დროს კიევის "დინამოს" მეორე გუნდშიც ყოფილა, გიორგი კი - "ვოლინში" სინჯებზე, თუმცა ტრანსფერზე შეზღუდვის გამო ვერ დარჩა. საერთოდ, დაცვის ხაზი გამოცდილი გვყავს, გოლების გატანა კი წინ მყოფი ახალგაზრდების საქმეა.

- გველესიანთან ლუცკს იხსენებთ ხოლმე?
- ძალიან ხშირად და მხიარულად! ჩვენ ოჯახებითაც ვმეგობრობთ, ჩვენი ცოლები თამაშზე ერთად მოდიან ხოლმე.

- "დინამოში" ჯერჯერობით კონკურენციას ვერ გრძნობ?
- რატომ? ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავს, დაახლოებით 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან "ანჟიშიც" ითამაშა, "კრასნოდარშიც"... მე გუნდის ძირითადში ადგილი თურქეთში ზამთრის შეკრების შემდეგ დავიმკვიდრე. მაშინ მთელი ზამთარი თურქეთში გავატარეთ და "დინამოსაც" საკმაოდ "უკრაინული" შეკრება გამოუვიდა - ვეთამაშეთ "ვოლინს", "ოლიმპიკს", "დნიპროს", "ჩერნომორეცს".

- "დინამოში" უკრაინული დიასპორაც გყავთ...
- დიახ, ჩემ გარდა, იქ არის მცველი ბოგდან მიშენკო და ფიზმომზადების მწვრთნელი ვიტალი შპანიუკი. თუმცა, ბოგდანი ალბათ აღარ იქნება გუნდში, მისით კმაყოფილნი არ არიან. ახლა მას კონკურენტი გამოუჩნდა დაცვის მარჯვება ფლანგზე.

- შენი ყოფილი კლუბი "ოლიმპიკი" ევროთასებზე გავიდა, ამჟამინდელი კი ჯერ ახლა იბრძვის მომავალ სეზონში იქ ადგილის მოსაპოვებლად. არ გწყინს?
- უკრაინის ჩემპიონატს თვალს ვადევნებ და ძალიან მახარებს "ოლიმპიკის" წარმატება. კლუბის წარმომადგენლებს მივულოცე კიდეც ევროთასებზე გასვლა. ბიჭებთანაც მაქვს კონტაქტი. აი, ახლახან თემურ ფარცვანია შინ დაბრუნდა და საქართველოში შევხვდით.

- თბილისის "დინამოში" სტატუსის შესაბამისია სავარჯიშო პირობები?
- ფეხბურთთან მსგავსი პროფესიონალური მიდგომა ჯერ არსად მინახავს. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა - დაწყებული ახალი საკლუბო ავტობუსით, დამთავრებული სავარჯიშო მოედნებით. თბილისის "დინამოს" ბაზა კიევის "დინამოს" დონისაა. უბრალოდ, ზღაპარია.

- მაგრამ ასეთი ვითარება მხოლოდ ლიდერებშია? საით მიდის ქართული კლუბების უმეტესობა?
- უმაღლესი ლიგის ათი კლუბიდან არცთუ კარგი მოედანი მხოლოდ ქობულეთსა და სამტრედიაშია, სადაც ხელოვნური საფარი აქვთ. საუკეთესო მოედნებია თბილისსა და ქუთაისში. ბათუმშიც აშენებენ ახალ სტადიონს. დანარჩენ გუნდებს, უბრალოდ, ნორმალური მოედნები აქვთ. მაგალითად, თბილისიდან ერთი საათის სავალზე, გორში, არის 5-6 ათას მაყურებელზე გათვლილი წმინდა საფეხბურთო არენა. იქ თამაში ერთი სიამოვნებაა.

Sportall.Ge

- ტრიბუნებზე ანშლაგი საქართველოში ხშირი მოვლენაა?
- ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მინახავს ამ ნახევარი წლის განმავლობაში... თუმცა, "დინამოს" გასვლით მატჩებზე ტრიბუნები ყოველთვის ივსება. მაგალითად, როცა ქუთაისში ვთამაშობდით, მატჩზე ათი ათასზე მეტი ქომაგი მოვიდა, თბილისში კი, როგორც კიევში, უფრო ნაკრების ან ევროთასების მატჩებს სწყალობენ.

- ამ სეზონში "დინამოს" ამოცანა ჩემპიონობა და ევროთასებია?
- კონკრეტულად ასე არავის უთქვამს, უბრალოდ, ყოველი მატჩისთვის საბრძოლველად განგვაწყობენ. კლუბის პრეზიდენტი გუნდის ყოველ ვარჯიშს ესწრება. რა თქმა უნდა, ეს ყველას ეხმარება მობილიზებაში. მას ოფისი ბაზაზე აქვს და ყოველდღიურად ვხვდებით. თბილისის "დინამოც", როგორც კიევის "დინამო", სახელოვანი კლუბია. თუკი მატჩს ფრედ ვასრულებთ ან ვაგებთ, ეს მკაცრი განსჯის საგანი ხდება.

- საკლუბო ტრადიციებს ფეხბურთელებს ათავისებინებენ?
- კახა კაჭარავა ყოველ წვრთნაზე გვეუბნება, რომ ჩვენ "დინამო" (თბილისი) ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ თამაშით, მოედანზე სოლიდურობითა და ქცევით. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და ბიჭებს ასე უყალიბდებათ მსოფლმხედველობა, ფეხბურთის აღქმა. ჩვენ წინაშე მოთხოვნები გაცილებით მაღალია და გამარჯვებაც გვიფასდება - პრეზიდენტისგან წახალისება ყოველთვისაა. გვაძლევენ ამოცანას, მოვიგოთ ზედიზედ სამი თამაში, შესრულების შემდეგ კი ვიღებთ გარკვეულ პრემიალურ თანხას.

- ქართველ ახალგაზრდებს ევროპაში სურთ თავის გამოჩენა?
- დიახ, ყველას ევროპაში უნდა თამაში, საიდანაც სელექციონერები ხშირად ჩამოდიან. ქართული ფეხბურთი ტალანტების აღმოჩენასა და გაყიდვაზეა ორიენტირებული. პრაქტიკულად, მთელი ეროვნული ნაკრები ევროპაში ან რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

- უკრაინაში ქართულ ფეხბურთზე ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ ის უაღრესად ტექნიკური, კომბინაციური და ინდივიდუალურია. ამ მხრივ დღეს შეცვლილია რამე?
- ბოლო დროს ზოგიერთ გუნდში გამოჩნდა უცხოელი მწვრთნელი. უცხოელი სპეციალისტის ხელში კი ზოგჯერ გუნდი ტრადიციული თამაშის სტილიდან უხვევს. საქართველოში გუნდების უმეტესობა მაინც სუფთა ქართული სტილით თამაშობს - უყვართ ბურთთან მუშაობა, ნაკლებად - ძალისმიერი სამუშაო და ფიზიკური დატვირთვა. თუმცა, გამოჩნდა უფრო დისციპლინირებული გუნდებიც. თუკი იმპროვიზაციის შეხამება მოხდება დისციპლინასთან, ძალიან ძლიერ ქართულ გუნდებს ვიხილავთ.

- იმპროვიზაცია მეკარის მტერია?
- თუკი უკრაინაში მეკარეს ხშირად შეუძლია შემტევი მოთამაშის ჩანაფიქრის გამოცნობა, აქ ეს საკმაოდ რთულია. საქართველოში თავდამსხმელები ძალიან არაორდინარულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები უკრაინელს
პაატა
23:34 23-06-2017
0
კარგიმეკარეა და საკმაოდ ჭკვიანი ბიჭიც ყოფილა.მომავალ წელს ალბათ ევროპაში გავა.
სოსო
17:50 23-06-2017
0

სიახლეები პოპულარული