თბილისის "ლოკომოტივმა" საიმიჯო კლიპი გადაიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კინოთეატრ "ამირანში" თბილისის "ლოკომოტივის" საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩვენებას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა, ვეტერანი ფეხბურთელი და ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი, ასევე, "ლოკომოტივის" მწვრთნელები, ფეხბურთელები, ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები, პარტნიორები, მოწვეული სტუმრები და, რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობა.

კლიპის გადაღება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე "ალტერვიჟენ ჯგუფმა" იმუშავა.

ჩვენებამდე "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა მიმდინარე შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

"სეზონის დაწყებამდე ბრენდინგის მიმართულებით "ლოკომოტივში" გარკვეული ცვლილებები იყო. ასევე, შეიცვალა
მთავარი მწვრთნელი და ამ როლში გიორგი დევდარიანი მოვიწვიეთ. ჩემპიონატის პირველი წრე მე-4 ადგილზე დავასრულეთ, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ლევან ყენიას საქართველოში და, კონკრეტულად, "ლოკომოტივში" დაბრუნება მოვახერხეთ. ლევანი "შალკეში" სწორედ ჩვენგან მოხვდა და "ლოკომოტივთან" ბევრი რამ აკავშირებს", - ამბობს "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

მაკო მეტრეველი, "ლოკომოტივის" მარკეტინგის დირექტორი:
"კლუბი აქტიურად მუშაობს ფან-კლუბისა და ფანშოპის ჩამოსაყალიბებლად. ვმონაწილეობთ სხვადასხვა სოციალურ პროექტში, რაც, ვფიქრობთ, ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ამ კლიპის შექმნის მიზანიც გულშემატკივრების მოზიდვა და ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნაა".

აჩიკო გულედანი, მუსიკოსი, კლიპის ავტორი:
"ამ კლიპის მეშვეობით, მე და ჩემს ჯგუფს ფეხბურთისადმი ჩვენი ემოციებისა და დამოკიდებულების გადმოცემა გვინდოდა. გაგვიმართლა, რომ ისეთ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, როგორიც "ლოკომოტივია".

ვფიქრობ, კლიპი საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. იმედია, მაყურებელი და გულშემატკივარი ისიამოვნებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული