გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ

AutoSharing Option
გიორგი დარასელიამ გორის "დილაში" უკვე ორი ვარჯიში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან ებრაელი სპეციალისტი ზივ ავრაამ არიე შეცვალა. ახალ მწვრთნელს გუნდში ყოველთვის მოაქვს რაღაც განსხვავებული.

საინტერესოა, როგორია ეს "რაღაც განსხვავებული" გორული კლუბის მაგალითზე. ამიტომაც დავუკავშირდით გიორგი დარასელიას და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- უკვე ორჯერ ვავარჯიშე გუნდი, - გვითხრა დარასელიამ საუბრის დასაწყისში. - რა თქმა უნდა, "დილას" მწვრთნელობა ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ისეთივე, როგორიც იყო მაშინ, როცა 2012 წელს ჩავუდექი გუნდს სათავეში. იმედი მაქვს, ჩემთვის ეს სამუშაო მაშინდელივით წარმატებული იქნება...

რაც
შეეხება აწმყოს, თანამედროვე "დილა" ჩემთვის უცხო გუნდი ნამდვილად არ არის. ერთი პერიოდი, აქ კონსულტანტადაც ვიმუშავე. გუნდში გვაქვს დანაკლისი და ვმუშაობთ იმაზე, რომ ის მაქსიმალურად შევავსოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "დილა" კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

- ვიცით, რომ გუნდიდან ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი წავიდა. ჯერ მათზე გვითხარით...
- "დილა" დატოვა თენგიზ წიქარიძემ. თქვენ იცით, რომ ის ნახევარდაცვის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და ახლა კარიერას ისრაელის კლუბ ფეთახ-თიკვას "ჰაპოელში" (პირველი ლიგა - რედ.) გააგრძელებს. ეს არის ძალიან ამბიციური გუნდი, რომელიც მიჩვეულია უმაღლეს ლიგაში თამაშს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო დღეს აღარ არის იქ და დაბრუნება უნდა...

დაგვტოვა "დილას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრაზილიელმა შემტევმა ლეანდრო რიბეირომაც. ის კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ნეთანიას "მაკაბიში" გააგრძელებს.

აღარ არის გუნდში მცველი რომარიკ ეტუც. აქვე ვიტყვი, რომ დავიმატეთ მეკარე გიორგი ბეგაშვილი.

- ფაქტია, წიქარიძისა და ლეანდროს სახით გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ და შესაბამისად, ეს სერიოზული დანაკლისია...
- ერთმნიშვნელოვნად ასეა, თუნდაც, მხოლოდ სტატისტიკას რომ გადავხედოთ. ფეხბურთელების დამატებას ვგეგმავთ როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში. მაგალითად, წიქარიძის პოზიციაზე ველოდებით ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევარმცველ პედრინიოს.

რჩება ერთი ლეგიონერის ადგილი და ესეც შეივსება. ყველანაირად ვეცდებით, გუნდი ქართველი ფეხბურთელებითაც გავაძლიეროთ. ჩვენი გუნდის მცველ ალიუ აბუბაქარს აქვს შეთავაზებები, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ის "დილაში" დარჩება.

- რაც სეზონი დაიწყო, ტრავმების გამო გუნდს ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშია...
- ირაკლი მოდებაძის ტრავმაზე ყველამ ვიცით. მან ოპერაცია გაიკეთა და ბოლომდე რომ აღიდგინოს ფორმა, ამისთვის დრო სჭირდება. გიორგი ფოფხაძის ტრავმაზეც იცით...

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრავმები შემცირდეს, მაგრამ ფეხბურთი ამის გარეშე არ არსებობს და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ტრავმირებულები სრულფასოვნად შევცვალოთ...

- ამ სეზონში "დილაში" ხშირი იყო როტაცია, თუნდაც, წარმატებული მატჩების შემდეგ. თქვენს შემთხვევაში როგორ იქნება?
- ჩემი პრინციპია: არასოდეს ვცვლი შემადგენლობას მოგებული მატჩის შემდეგ, თუ ამის იძულებითი აუცილებლობა არ არსებობს, მით უმეტეს, დაცვასა და ნახევარდაცვაში.

- რა მიზანს ისახავთ მიმდინარე სეზონში?
- ჩვენი მიზანი იქნება, "დილა" იყოს წარმატებული გუნდი და მოიგოს რაც შეიძლება მეტი თამაში. მატჩიდან მატჩამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ. ახლა რომ ეგრევე მაღალ მიზნებზე დავიწყოთ ლაპარაკი, შეიძლება ეს ფეხბურთელებს ზედმეტ ფსიქოლოგიურ ტვირთად დააწვეთ. შეიძლება ისიც ვთქვა, რომ თასს ავიღებთ და ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ ამას ჯობია, მშვიდად ვიმუშაოთ.

ჩვენი მიზანია, "დილა" მზად შეხვდეს იმ გამოწვევას, რასაც ჰქვია ევროთასებზე თამაში. როცა იქ გავალთ, ჩვენი გუნდი აუტსაიდერად არავინ უნდა ჩათვალოს.

- როგორი ფეხბურთი უყვარს გიორგი დარასელიას?
- შემტევი, ლამაზი ფეხბურთი მიყვარს, ალბათ, როგორც ყველას. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში შემტევი ვიყავი. ახლა მწვრთნელი ვარ და ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმაში, რომ დაცვას მეტს თუ არა, არანაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ეს აუცილებლობითაა ნაკარნახები. საიმედო დაცვას აუცილებლად მოჰყვება კარგი შეტევა... მგონი, ამაში ახალი არაფერია.

- თქვენი ვაჟი, ჯიჯი დარასელია, ისრაელის ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ძალიან იმედისმომცემი ფეხბურთელია. არც ჩვენ ვკარგავთ იმედს, რომ ერთ დღესაც მას საქართველოს ნაკრების მაისურით ვიხილავთ...
- გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ეს ჩემი სურვილიცაა... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯიჯი ახლა იმ ასაკშია, რომ მე მის გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევი... რაც შეეხება მის კარიერას, ის თამაშობს კლუბში, სადაც მე კარგა ხნის განმავლობაში ვიმუშავე - ჰაიფას "მაკაბიში". ის გახდა ისრაელის ჩემპიონი 19-წლამდელებს შორის. 18 წლისამ ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. ძირითადი გუნდის მწვრთნელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი დამატება, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი დასჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორის "დილა"-მ ბოლო წლებში თამასა საკმაოდ მაღლა ასწია და მისი დაშვების უფლება აღარ აქვს. ველოდებით მის დიდ წარმატებებს საქართველოს ჩემპიონათშიც და ევროპაშიც. გფარავდეთ უფალი.
gizog
17:44 28-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული