მიხეილ სარდალიშვილი: არ გვაქვს იმის უფლება, რომ უიმედოდ ვიყოთ!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის XIX ტურში "ჩიხურამ" გორის "დილას" 4:2 მოუგო. საჩხერელთა გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღოდა მიხეილ სარდალიშვილს, რომელმაც 32-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო 45-ე და 69-ე წუთებზე კიდევ ორჯერ დაამწუხრა მეტოქე და კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"ლელომ" "ჩიხურას" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ვილაპარაკეთ მის პირველ ჰეთ-თრიკზე, ეროვნულ ლიგაში საჩხერელთა შანსებსა და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე, რომელმაც ბოლო ევროზაფხულზე უმძიმესი განცდები დაგვიტოვა...

- ჰეთ-თრიკი ყოველთვის სასიამოვნოა. "დილასთან" თქვენს კარიერაში პირველად მოახერხეთ ერთ მატჩში 3 გოლის გატანა...
- ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო
მოვლენა იყო. დიახ, პირველი ჰეთ-თრიკი იყო და იმედია, არა - უკანასკნელი. ცხადია, ბავშვობასა და ასაკობრივ გუნდებში გატანილ გოლებს თუ არ ჩავთვლით.

- მოულოდნელი ის იყო, რომ, ასე ვთქვათ, სუფთა ფორვარდი არ ხართ, ფლანგიდან უტევთ. ასეთი პოზიციიდან ჰეთ-თრიკი ძნელი შესასრულებელია...
- ასეა, ფლანგიდან ვთამაშობ და გამოკვეთილი თავდამსხმელი არ ვარ. მაგრამ გოლები მაინც გამქონდა. აქამდე, უმაღლესი ლიგის შეხვედრებში ყველაზე მეტი დუბლი მაქვს შესრულებული.

სხვათა შორის, გარდამავალი ჩემპიონატისწინა სეზონში 9 გოლი შევაგდე, ოთხიც თასზე გავიტანე. ასე რომ, გოლი ჩემთვის უცხო არაა.

- რას ფიქრობთ, "ჩიხურას" სამეულისთვის ბრძოლა შეუძლია?
- რა თქმა უნდა, შეუძლია და ვიბრძოლებთ კიდეც. ჩვენი გუნდი ნამდვილად არის იმის ღირსი, რომ მინიმუმ, სამეულში აუცილებლად იყოს. საამისოდ, ამბიციაც გვაქვს და პოტენციალიც. იმედია, ჩვენს გულშემატკივარს ისევ გავახარებთ.

- კარგი, მოხვდით სამეულში, გახვედით ევროპალიგაზე, მერე?
- ამისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ?!

- სხვა რამეს გეკითხებით: შეიძლება, რომ ისე გაძლიერდეს თქვენი ან რომელიმე ქართული გუნდი, რომ ევროპაში წლევანდელივით არ შევრცხვეთ? სხვაგვარად, აქაურ მედლებს ფასი ეკარგება...
- გეთანხმებით, რომ წელს ქართულ გუნდებს დიდი ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტი არ შეგვიძლია და ხელი უნდა ჩავიქნიოთ.

- ეს ხომ სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ ამჟამად ჩვენი საკლუბო ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია?!
- მესმის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ყურები ჩამოვყაროთ, ბედს შევურიგდეთ და უიმედოდ ვიყოთ. უნდა მოვძლიერდეთ და ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ყველა გუნდს აქვს თავისი ძლიერი მხარე, რაც უნდა დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ.

წლევანდელი შედეგები ქართული ფეხბურთის მდგომარეობას კი ასახავს, მაგრამ არა - ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია.

- წლევანდელი გათამაშების შედეგებით უეფას რეიტინგში 55 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზე ვართ. რა პერსპექტივას ხედავთ?
- რა თქმა უნდა, არასასიამოვნო და გულდასაწყვეტი ამბავია და არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ქართველი ფეხბურთელისა და გულშემატკივრისთვის. დამერწმუნეთ, ძალიან რთულია ჩვენთვის იმის გააზრება, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, პირველივე ეტაპზე ყველა გუნდი გამოვარდა და ქომაგებს იმედები გავუცრუეთ.

იმედია, დიდი მონდომებით მომდევნო წელს მაინც გაგვიმართლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მაინც ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად დიდი იმედ გაცრუებისა მიხეილ სარდანაშვილს ვეთანხმები, რომ ბევრად დიდი რეალური შესაძლებლობა გვაქვს ქართულ ფეხბურთში ვიდრე ფაქტობრივი მდგომარეობა,მაგრამ ვერ დავეთანხმები რომ ისეთი კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, როგორიც შედეგი. კიდევ ერთხელ,თუ გადაახვევთ და ნახავთ ევრომატჩებს შეამჩნევთ, რომ ისეთი დიდი განსხვავება ინდივიდუალურად ჩვენსა და მათ ფეხბურთელებს შორის არ არის, მაგრამ აი გუნდურ თამაშში კი დიდი განსხვავებაა, არ იგრძნობა მწვრთნელების ხელი. განსაკუთრებით გუნდურ სათამაშო დისციპლინაში. ასევე აშკარაა, რომ ჩვენი ფეხბურთელებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური მომზადება საფუძვლიანად, რომ თავიდან უნდა ამოიგდონ აზრი რომ როგორც კარგად უნდა ითამაშონ მაინც წააგებენ და თამაში 90 წუთი გრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეფორმები ყველაფერში არის მტკივნეული და არც ფედერაციის მიერ დაწყებული რეფორმა ჩაივლიდა უმტკივნეულოდ. მოსავალს მოცდა უნდა. ეს ჩემპიონატის სრულიად ახალი რეჟიმია და მას მიჩვევა უნდა, როგორც სპორტული ისე ფიზიკური მომზადების მხრივაც. და მაინც მწვრთნელებია პრობლემა არაპროფესიონალმა ან მშიშარა მწვრთნელებმა უნდა დატოვონ ფეხბურთი და სულ ცოტა იზრუნონ კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
gizog
10:03 26-07-2017
0

სიახლეები პოპულარული