"მერანი" არამხოლოდ მარტვილისთვის

AutoSharing Option
მარტვილის "მერანმა" დიდ წარმატებას წინა სეზონშიც მიაღწია, როცა საქართველოს თასის ნახევარფინალამდე მივიდა, წლეულს კი მთავარი მიზანი შეასრულა და პირველად მოიპოვა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება.

გუნდის წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანა მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ, რომელიც "მერანის" მომავალს ოპტიმიზმით უყურებს.

- უპირველესად, უმაღლეს ლიგაში აღზევებას გილოცავთ. რამდენად რთული იყო "მერანისთვის" პირველ ლიგაში წარმატების მიღწევა?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. პირველი ლიგა ხელწამოსაკრავი ტურნირი არ არის და გამარჯვება აქაც ძნელია. სეზონის პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, საგაზაფხულო ეტაპზე კი ხარვეზები გვქონდა. საბედნიეროდ, ყველა სიძნელე
წარმატებით დავძლიეთ და უმაღლეს ლიგაში გადავედით.

- სეზონის მეორე ნახევარი რატომ ჩაატარეთ შედარებით დაბალ დონეზე?
- ამის მიზეზი კლიმატური პირობებია, მარტვილში ზამთრის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელია. საბედნიეროდ, ჩვენმა შემართებამ თავისი გაიტანა და ამოცანის შესრულებაში ხელი ვერაფერმა შეგვიშალა.

- არის თუ არა "მერანი" უკვე მზად უმაღლესი ლიგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?
- ლიცენზირების პირობებს ვაკმაყოფილებთ. მარტვილში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს, მალე ჩვენი სტადიონი გაცილებით კომფორტული იქნება როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. მომავალ სეზონში თავიდან ხელოვნურსაფრიან მოედანზე ვითამაშებთ, სეზონის მეორე ნახევრისთვის კი ბალახის საფარსაც მივხედავთ. მარტვილში ფეხბურთი ჩვენი სპონსორის, ფრიდონ ინჯიას მონდომებით ვითარდება და ამისთვის მას ქალაქის ყველა მკვიდრი ემადლიერება.

- მომავალი სეზონისთვის "მერანის" შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვლება?
- არა, რადგან ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები გვყავს, მათ შორის მარტვილელებიც. შეიძლება, უმაღლეს ლიგაში თავიდან ცოტა გაუჭირდეთ, მაგრამ თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ უმაღლეს ლიგას სხვა მოთხოვნები აქვს და ამიტომ, ალბათ, რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს
დავიმატებთ. კლუბს ამის საშუალება აქვს, ერთი ეგაა, რაიონში თბილისელების ჩაყვანა ყოველთვის ჭირს.

- რა იქნება თქვენი მიზანი მომავალ სეზონში?
- უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ჩავატარებთ და ამიტომაც ამბიციური მიზნები ვერ გვექნება. იქ ჯერ ფეხი კარგად უნდა მოვიკიდოთ, შემდგომ სეზონებში კი უფრო სერიოზულ ამოცანებსაც დავისახავთ. "მერანი" ერთწლიანი კლუბი ნამდვილად არ არის, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- ჩემპიონატის ახალ ფორმატზე რა აზრის ხართ?
- კარგია, რადგან მეტი უმაღლესლიგური კლუბი ქართულ ფეხბურთს აუცილებლად წაადგება. მთავარია, საამისო ინფრასტრუქტურა მოეწყოს და საქმე სწორედ აქეთკენ მიდის. "მერანი" უმაღლეს ლიგაში საკუთარი დამსახურებით მოხვდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია მაინც ასეთია. თუნდაც ჩვენი გუნდი ავიღოთ მაგალითად.

მარტვილელებს ფეხბურთი ძალიან უყვართ, გარდა ამისა, "მერანის" საქომაგოდ სტადიონზე ხალხი სენაკიდან, წალენჯიხიდან და აბაშიდან დადის. უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ ჩვენი გულშემატკივრების რაოდენობა ერთიორად გაიზრდება, ასე ნელ-ნელა უნდა გამოცოცხლდეს ფეხბურთი სხვა რეგიონებშიც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტვილის მერანს და პირადად ბატონ მალხაზ ჟვანიას ულოცავ ამ დიდ წარმატებას.
levani
01:25 01-06-2011
0

სიახლეები პოპულარული