ზესტაფონი-ტორპედო 0:0
ზესტაფონი ტორპედო
4-4-2 4-2-3-1
რ. კვასხვაძე მიგინეიშვილი
ღონღაძე რიგვავა
გ. ონიანი გამეზარდაშვილი
საჯაია კვახაძე
ელიავა გურული
გორგიაშვილი გ.დათუნაიშვილი
აფციაური დიღმელაშვილი
მენთეშაშვილი კუხიანიძე
შ. გრიგალაშვილი ვ. ბოლქვაძე
დ. მუჯირი საბანაძე
დვალი გოცირიძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. ჭიაბრიშვილი გ. გეგუჩაძე
ზესტაფონი
62. მენთეშაშვილი - შარიქაძე
69. მუჯირი - ბაბუნაშვილი
74. აფციაური - წინამძღვრიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, რაჟამაშვილი, კობახიძე, ბერაია
ტორპედო
59. კუხიანიძე - ფირცხალავა
62. დიღმელაშვილი - იოსელიანი
85. საბანაძე - ფანცულაია
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ფეიქრიშვილი, დ. ჯანელიძე.
გაფრთხილება: დიღმელაშვილი (48), მენთეშაშვილი (59), იოსელიანი (77)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
"ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება
გასულ სეზონში იყო უსიამოვნო ფაქტებიც და გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლაც. წელს ამას მწვრთნელთა ფაქტორიც დაემატა: "ტორპედოს" ფეროელთა ყოფილი თავკაცი და გამჩემპიონებელი გია გეგუჩაძე ჩაუდგა სათავეში, "ზესტაფონს" კი მისი ყოფილი თანაშემწე - გია ჭიაბრიშვილი.
დიდთოვლობის გამო გადადებულ მატჩს ამჯერად მშვენიერი ამინდი დაერთო და ზესტაფონის არენაც ბოლომდე გაივსო. მოკლედ, კარგი ფეხბურთის "გასაჩაღებლად" ყველანაირი წინაპირობა იყო შექმნილი.
ორივე გუნდმა სამი დღის წინ პრინციპულ მეტოქეებთან რთული მატჩები ჩაატარა, თუმცა მწვრთნელებს შემადგენლობებში ცვლილებები არ განუხორციელებიათ. მხოლოდ "ტორპედოში" იყო ერთი იძულებითი ჩანაცვლება - სიცხიანი გრიგოლ დოლიძის ნაცვლად სასტარტოში ვალერი ბოლქვაძე გამოჩნდა.
შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. ზესტაფონელები მოკლე პასებითა და კომბინირებული თამაშით ცდილობდნენ "ტორპედოს" დაცვის გარღვევას.
ტრადიციულად ენერგიულად ირჯებოდნენ ჯაბა დვალი და შოთა გრიგალაშვილი. მათ სწრაფ შეტევებს განაპირა მცველების ფლანგური იერიშები და დავით მუჯირის ძლიერი დარტყმებიც თან ერთვოდა.
ტორპედოელები კი, ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და კონტრშეტევების იმედად იყვნენ, მაგრამ პირველი, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მხოლოდ ტაიმის შუაწელს შექმნეს, როცა გიორგი კუხიანიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა.
ზესტაფონელებს მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება. მუჯირმა ერთი შეხებით თორნიკე აფციაურს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც კარისკენ ჩააწოდა, თუმცა ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა, კარისკენ წავიდა და ქუთათურები ხარიხამ იხსნა.
აფციაურის მორიგ აქტიურობას გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.
დასამახსოვრებელი იყო დვალის სოლორეიდი და მეკარის ბაქანთან გაკეთებული გამჭოლი გადაცემა, რომელსაც აფციაურმა ვერ მიუსწრო და მცველებმა განმუხტეს მდგომარეობა.
ომარ მიგინეიშვილის ბრწყინვალე თამაშს უკვე მიჩვეულები ვართ და ქუთაისელთა გოლკიპერმა ამჯერადაც კიდევ ერთი საუცხოო მატჩი ჩაატარა. მან შეხვედრის მიმდინარეობისას არაერთი რთული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე აშკარა გოლისგანაც იხსნა. პირველ ტაიმში მიგინეიშვილმა ღონღაძის ძლიერი დარტყმა გააუვნებელყო, შემდეგ კი აკრობატულ ნახტომში მუჯირის ყუმბარისებური საჯარიმოც მოიგერია. შესვენების შემდეგ კი აფციაურს შესანიშნავი სეივით ორი რთული ბურთი აუღო.
ზესტაფონელები მეორე ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ "ტორპედომაც" გამოასწორა თამაში და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა. ანგარიშის გახსნა შეეძლო შეტევაში ჩართულ დავით გამეზარდაშვილს, რომლისთვისაც მეტოქეთა დამწუხრება უცხო არ არის, თუმცა ამჯერად არ გაუმართლა და საჯარიმოს შემდეგ მისი ახლოდან დარტყმული ბურთი მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია.
ქუთაისელები განსაკუთრებით გივი იოსელიანის გამოსვლის შემდეგ გააქტიურდნენ. იგი მარჯვენა ფრთის ბატონ-პატრონი გახდა და სტუმართა შეტევები, ძირითადად, სწორედ ამ ფლანგიდან ვითარდებოდა. თუმცა იოსელიანის რეიდებსა და სახიფათო ჩაწოდებებს შედეგი არ მოჰყოლია.
ზემოთ "ტორპედოს" მეკარის კარგი თამაში აღვნიშნეთ და არანაკლებ საიმედოდ გაისარჯა მისი კოლეგა როინ კვასხვაძეც. მართალია, იგი მიგინეიშვილივით დატვირთული არ ყოფილა, მაგრამ რომ არა კვასხვაძის ბრწყინვალე რეაქცია მატჩის მიწურულს, გიორგი დათუნაიშვილს გოლის გატანა და სტუმართათვის გამარჯვების მოპოვება შეეძლო. თუმცა ზესტაფონელთა მეკარემ ქუთაისელთა ნახევარმცველს დაახლოებით 7-8 მეტრიდან დარტყმული ბურთი აუღო და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.
მატჩის ბოლო წუთებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა. "ზესტაფონს" ცდა არ დაუკლია, გრიგალაშვილმა და გორგიაშვილმა სახიფათო დარტყმებიც განახორციელეს, თუმცა ჩემპიონობისთვის მებრძოლი ზესტაფონელები მხოლოდ ქულას გამორჩნენ.
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე: "მოლოდინისამებრ, რთული თამაში გამოვიდა. "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია და სასიხარულოა, რომ ასეთ მოწინააღმდეგესთან გასვლაზე ქულა ავიღეთ.
ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს. მართალია, "ზესტაფონივით" არა, მაგრამ საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა. შედეგი დადებითია".
გია ჭიაბრიშვილი: "ძალიან რთული მატჩი იყო. "ტორპედო" კარგი გუნდია, ძლიერი მწვრთნელები ჰყავს და სამომავლოდ კიდევ უფრო რთული იქნება მასთან თამაში.
ჩვენს ფეხბურთელებს თავდადებას და მონდომებას ვერ დავუკარგავ, მაგრამ მოსაგები მატჩი რომ ყოფილიყო, მოვიგებდით კიდეც. საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტოქეც არ იყო უქმად და შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც".
სხვა მატჩები
29.03. თბილისი. დინამო არენა. 2000 მაყურებელი
დინამო-დილა 0:0 (იხილეთ ვრცლად)
29.03. ფოთი. ფაზისი. 1 500 მაყურებელი
კოლხეთი-ბაია 2:1
1:0 ბოიომო (16), 1:1 კუტალია (22), 2:1 გ. ქვარცხავა (ს.კ.)
სატურნირო ცხრილი. პლეი ოფი (1-8 ადგილები)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 18 11 5 2 31-14 38
2.მეტალურგი 18 10 2 6 26-21 32
3.დინამო 18 7 6 5 31-24 27
4.ტორპედო 17 7 5 5 18-14 26
5.ბაია 18 5 5 8 15-23 20
6.კოლხეთი 18 4 7 7 11-21 19
7.დილა 18 4 6 8 17-19 18
8.მერანი 17 4 2 11 15-28 14
მომდევნო ტური
2 აპრილი
დინამო-კოლხეთი
მეტალურგი-ტორპედო
ბაია-ზესტაფონი
დილა-მერანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"