ტურის მწვრთნელი გია გეგუჩაძე: პროგრესამდე ჯერ შორია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც "ტორპედომ" "იმერული დერბის" მიწურულს "ზესტაფონს" გამარჯვების გოლი გაუტანა.

ტურის მწვრთნელად სწორედ ქუთაისელთა თავკაცი გია გეგუჩაძე დავასახელეთ.

"ტორპედოში" ბოლო დროს იმდენი საინტერესო ამბავი მოხდა, მასთან სასაუბრო თემები ისედაც დაგროვილი იყო. ამ პრინციპული თამაშის მოგების შემდეგ კი გეგუჩაძესთან ინტერვიუსთვის ზედგამოჭრილი მომენტი დადგა.

"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს არაერთი აქტუალური თემის შესახებ ვესაუბრეთ.

- რამდენად დამაკმაყოფილებელი შედეგია თქვენთვის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში მოპოვებული ექვსი ქულა?
- ყველა მატჩში ჩვენი მიზანი გამ
არჯვებაა და აქედან გამომდინარე, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვაშენებთ და სასურველი თამაშის მიღწევამდე დრო გვჭირდება, ექვსი ქულა არცთუ ურიგო შედეგია.

რაც შეეხება "ტორპედოს" თამაშის ხარისხს, იგი ცალსახად გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ჩემთვის მისაღებია ის ტენდენცია, რაც ახლა ჩვენს გუნდში შეინიშნება - ვფიქრობ, "ტორპედო" სწორი გზით ვითარდება და ჩვენი მუშაობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

- საქართველოს ჩემპიონატის სტარტის თქვენეული ზოგადი შეფასება როგორია?
- ცოტა ძნელია სამი ტურის შემდეგ შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ საინტერესო ჩემპიონატია.

საჩხერის "ჩიხურას" სახით, უმაღლეს ლიგას მოულოდნელი ლიდერი ჰყავს, გორის "დილა" კი ასევე მოულოდნელად, ბოლო ადგილზეა. ორ ფრონტზე ბრძოლა იოლი ნამდვილად არ არის და საერთაშორისო მატჩებმა "დილას" თამაშს დაღი დაასვა.

თუმცა ჩემპიონატის შეფასება ოდნავ მოგვიანებით უფრო ვრცლად იქნება შესაძლებელი.

- ჩემპიონატის სტარტზე "ტორპედოს" საკმაოდ რთული კალენდარი შეხვდა - ზედიზედ მოგიწიათ "დინამოსა" და "ზესტაფონთან" დაპირისპირება. ახლა კი "მეტალურგთან" შეხვედრა გელით...
- კალენდარი ჩვენთვის ასეთია და ვალდებულნი ვართ, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. "მეტალურგი" ძლიერი და გამოცდილი გუნდია, თუმცა მასთანაც დადებითი შედეგის მისაღწევად ვიბრძოლებთ.

რაც მთავარია, ჩემი ფეხბურთელების შემართებით კმაყოფილი ვარ. მათთვის რიგითი მეტოქე არ არსებობს და ნებისმიერ შეხვედრაში ბოლომდე იხარჯებიან.

- არცთუ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც "ტორპედომ" ძალები ევროტურნირებზე მოსინჯა, თუმცა ამ მოკლე პერიოდში თქვენი გუნდის შემადგენლობაში საკმაო რაოდენობის ცვლილებები მოხდა.
- აქცენტი მომავლის გუნდის მშენებლობაზე გავაკეთეთ და შემადგენლობის გაახალგაზრდავებას შევუდექით. გვყავს პერსპექტიული ფეხბურთელები, საქართველოს ახალგაზრდული და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრები. თუმცა "ტორპედოში" არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გამოცდილი ფეხბურთელები. ახალგაზრდები სწორედ მათ მხარდამხარ თამაშით უნდა გაიზარდონ.

ომარ მიგინეიშვილი, გრიგოლ დოლიძე, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი დათუნაიშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ბერიაშვილი - საკმაოდ გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც უმცროსი თანაგუნდელებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ.

- მარცხის მიუხედავად, თუ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ყაზახურ "აქტობესთან" ჩატარებულმა მატჩებმა "ტორპედოს" რაიმე შესძინა?
- ეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იყო. კარგი იქნებოდა, ევროპის ლიგაზე თუნდაც ორი მატჩით მეტი ჩაგვეტარებინა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მომენტისთვის "აქტობე" ჩვენზე ძლიერი იყო.

- თუ უახლოვდება "ტორპედო" თამაშის იმ ხარისხს, რისი მიღწევაც დაგეგმილი გაქვთ?
- აქამდე ჯერ შორია, მნიშვნელოვან პროგრესზე საუბარი მხოლოდ მოგვიანებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შემეძლება.

- უახლოეს დღეებში "ტორპედოში" ახალწვეულების გამოჩენას კიდევ ხომ არ უნდა ველოდოთ?
- ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ზუსტად იმის თქმა შემიძლია, რომ უახლოეს მომავალში "ტორპედოს" აღარავინ დატოვებს. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ჩვენს განკარგულებაშია, გუნდისთვის საჭიროა.

- კონკურენციის ხარისხი რამდენად დამაკმაყოფილებელია?
- თანამედროვე ფეხბურთში გაზრდილია წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა, გახშირებულია ტრავმები. ასე რომ, აუცილებელია, ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი მაღალი დონის შემსრულებელი გვყავდეს.

"ტორპედოში" ამ მხრივ სიტუაცია ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. არჩევანი ყველა რგოლში გვაქვს. ისიც ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე ჩემპიონატის მატჩებში განსხვავებული ძირითადი შემადგენლობები დავაყენეთ.

- თუ აქვს ქუთაისს იმის რესურსი, რომ ახლო მომავალში "ტორპედოში" უფრო მეტი ადგილობრივი ფეხბურთელი თამაშობდეს?
- ადგილობრივ მწვრთნელებთან ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ "ტორპედოს" სტრუქტურა ყველა რგოლში გამართულად მუშაობდეს.

- ამ სეზონისთვის "ტორპედოს" რა კონკრეტული ამოცანა აქვს დასახული?
- პირველი მიზანი ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა, შემდგომ ამოცანებზე კი ამის შემდეგ ვისაუბროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გია გეგუჩაძე "ტორპედოს" ქომაგს: დღეს მოვითმინოთ, ხვალ მოვიგებთ...
გია გეგუჩაძე: გუნდის შესავსებად ნიჭიერ ფეხბურთელებს ვეძებთ
აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული