რა ხდება სამსაჯო კორპუსში?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ბევრი ცნობილი არბიტრი არ მსაჯობდა. არის ინფორმაცია, რომ თასის ბოლო ფინალის, "ზესტაფონი"-"დილას" მატჩის არბიტრი ლევან კვარაცხელია საქმიანობას ჩამოაშორეს, რამდენიმე კი ახლახან დასაჯეს.

ამ საკითხზე წინა კვირას ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტთა საბჭოს მორიგ შეხვედრაზე ილაპარაკეს.

საერთოდ, ამ შეხვედრებზე ყოველთვის ვრცელდებოდა ცნობები, მაგრამ ამჯერად არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა და ეს ამბები ჩრდილში მოექცეოდა, შემთხვევით რომ არ შეგვეტყო.

* * *
ფოთის "კოლხეთთან" მოგებული მატჩის შემდეგ რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტ აკა ქავთარაძეს დავეკითხეთ, რა ხდებოდა პრეზიდენტთა საბჭოს
ბოლო სხდომაზე:

- საკითხი ეხებოდა მსაჯობასა და კონკრეტულ მსაჯებს. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი გამოცდილი არბიტრი ნელ-ნელა გვერდზე გაწიეს და მათ ნაცვლად, ახალგაზრდების დაწინაურება სურთ.

- შეკრებაზე მართლა ითქვა, რომ ლევან კვარაცხელია წლის ბოლომდე არის დისკვალიფიცირებული? ამის თაობაზე ხმები კი ისმოდა, მაგრამ ოფიციალურად არაფერს ამბობდნენ.
- როგორც ვიცი, კვარაცხელია წლის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია. ამას გარდა, დაისაჯნენ "ჩიხურა"-"სიონის" მატჩის მთავარი და მეოთხე არბიტრები.

ბეუქლიშვილმა გამოაცხადა, რომ მანქანაში ფეხი ცუდად დადგა და კუნთი დაეჭიმა. ვერ გეტყვით, ეს რამდენად რეალურია. როგორც ითქვა, გარკვეული პერიოდით, 2 თუ 3 თვით არის დისკვალიფიცირებული.

დაისაჯა ხეცაძეც, რომლის მიმართაც იყო გარკვეული პრეტენზიები.

საერთოდაც, ითქვა, რომ ახალი მსაჯების დაწინაურება დაიწყება. მაგალითად, "მეტალურგისა" და "კოლხეთის" შეხვედრა უმაღლეს ლიგაში ბუკიასთვის სადებიუტო იყო. გვითხრეს, შესაძლოა, შეცდომები ჰქონდეთ, მაგრამ შეგნებულად არავის მიემხრობიანო.

- გამოცდილი მსაჯები ადრეც ამ მოტივით გაუშვეს... გუნდებისთვის მსაჯთა კორპუსის რადიკალურად შეცვლა მისაღებია?
- ყოველ შემთხვევაში, დროა, ცვლილებები დაიწყოს და საქმიდან ჩამოაშორეს ის მსაჯები, რომლებიც ხშირად იყვნენ ასოცირებულნი სადავო და საეჭვო მატჩებთან, ან პრეტენზიები იყო მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

- საერთოდ, მიმდინარე ჩემპიონატში მსაჯობაზე რას იტყვით?
- მსაჯობის ხარისხის გასაუმჯობესებლად სტადიონებზე დაიდგმება დამატებით სამი კამერა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობებსა და სხვა სადავო ეპიზოდებს უფრო კარგად დააფიქსირებს.

სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მეორე წრიდან ამოქმედდება, რადგან გარკვეულ ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ვისაც საშუალება აქვს, შესაძლოა, კამერები ახლავე დაამონტაჟოს. ეს იქნება ვალდებულება.

* * *
ქავთარაძემ "ჩიხურა"-"სიონის" მატჩში მომხდარი ამბავი ახსენა, რაზეც კომენტარი "სიონის" გენერალურ დირექტორს, ნუგზარ ლომთაძეს ჩამოვართვით:

"არბიტრები მართლაც დასაჯეს. გადაწყვეტილება ვიდეოფირის ნახვის შემდეგ მიიღეს და ჩათვალეს, რომ პენალტები არასწორად დაინიშნა.

მატჩის მთავარი არბიტრი ბეუქლიშვილი კი იმიტომ არის დისკვალიფიცირებული, რომ ფეხის ტრავმაზე მსაჯთა კორპუსს წინასწარ არაფერი აცნობა.

რაც შეეხება წლევანდელი მსაჯობის შეფასებას, ამაზე მხოლოდ პრეზიდენტთა საბჭოზე ვიტყვით - შევთანხმდით, რომ მედიასთან ამ თემაზე არ ვილაპარაკებთ".

* * *
ბუბა ტყავაძე, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი:
"უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტთა საბჭოს შეხვედრებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო და ეს ძალიან მახარებს. ვგულისხმობ თუნდაც მსაჯობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას - წლეულს საქმე უკეთესობისკენ წარიმართა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ არბიტრებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ცუდი მსაჯობისთვის დაისჯებიან.

არ მინდა იმის თქმა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები. შესაძლოა, მიზეზი ზოგიერთის არასწორი, ან არაპროფესიონალური მიდგომა იყო, ზოგიც კარგად ვერ ემზადებოდა და ამას შეცდომები მოჰყვებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მათი არასწორი გადაწყვეტილების გამო ბევრი გუნდი უსამართლოდ დასჯილა.

არადა, ხალხი ფეხბურთში არც ისე მცირე ფულს დებს, წვალობს, ემზადება. ზოგიერთი არბიტრი კი მათ ცუდ სამსახურს უწევს. კარგია, ფედერაცია იმ გზას რომ დაადგა, რაც ჩვენს ჩემპიონატში მდგომარეობას გამოასწორებს.

ბოლო შეკრებაზე მართლაც იყო ლაპარაკი რამდენიმე მსაჯზე, მათ შორის, "დილასა" და "დინამოს" მატჩის არბიტრი გიორგი ვადაჭკორიაც ახსენეს. მისი მისამართით შენიშვნები გამოითქვა, რადგან შეცდომები ჰქონდა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი თემა იყო საჩხერელთა მიმართვა - გუნდს საკუთარ სტადიონზე თამაში სურს. აქამდე კი "ჩიხურა" საშინაო შეხვედრებს სოფელ ივანწმინდას სტადიონზე მასპინძლობდა. ჯერ საჩხერეს სტადიონი სრულ მზადყოფნაში არ არის, მაგრამ თუ იქნება გარანტია, რომ უსაფრთხოების ნორმებს დაიცავენ და მატჩი ექსცესების გარეშე ჩატარდება, თბილისის "დინამო" მზად არის, 26 სექტემბერს ჩავიდეს საჩხერეში და იქ ითამაშოს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსაჯთა საფიხვნო: გაახალგაზრდავება მსაჯთა კორპუსსაც შეეხო
ლევან კვარაცხელიას საქართველოს თასის ფინალში ცუდად მსაჯობა არ შეარჩინეს
საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყავაძე რა გადაეკიდე ვადაჭკორიას რა გინდა , ვერ იტან პატიოსან ხალხს? დილამ რომ გაჯობა თამაშით აღიარე და მსაჯის გადაბრალებას თავი დაანებე.
merani
01:12 26-09-2012
0

სიახლეები პოპულარული