ვანო თაყაძე: გორის "დილა" სწორ გზაზე დგას

AutoSharing Option
ვანო თაყაძე ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილი ადამიანია. იგი წლების განმავლობაში თამაშობდა გორის "დილაში", შემდეგ ორჯერ სხვადასხვა დროს წვრთნიდა ამ გუნდს, ამჟამად კი კლუბის ტექნიკური დირექტორია.

ბატონი ვანოს სამივე ვაჟი ფეხბურთელი გახლდათ. ერთ-ერთი მათგანი კი ახლაც თამაშობს მშობლიურ გუნდში. საფეხბურთო ოჯახის ისტორიას შვილიშვილებიც აგრძელებენ, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში ოსტატდებიან.

მოკლედ, თაყაძეების საფეხბურთო დინასტია გრძელდება...

Sportall.Ge- გორის "დილას" 11-მატჩიანი წარმატებული სერია უშუალო კონკურენტთან პაექრობაში შეწყდა...
- ყველა თამაშს მსოფლიო გრანდები ვერ იგებენ და ჩვენც, ცხადია, როდისმე წავაგებდით. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ,
რომ გორის "დილა" ნამდვილად არაა "დინამოზე" სუსტი და ვერც სამბურთიანი სხვაობით მარცხი გამოხატავს ამ ორ კლუბს შორის ძალთა ზუსტ თანაფარდობას.

გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით გუნდი შესანიშნავად ათამაშდა. თერთმეტივე მოგებული შეხვედრაც ნამდვილად დამაჯერებელი გამარჯვება იყო.

- გიორგი დარასელიას მუშაობაში ყველაზე მეტად რას გამოარჩევთ?
- ვხედავ, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინაა. იგი ფეხბურთელების ძველი დამსახურებების მიხედვით არ ადგენს ძირითად შემადგენლობას. ვინც კონკრეტული თამაშის წინ ფორმაშია, მინდორზეც ის გადის. რამდენიმე ცნობილი მოთამაშე ხშირად 18 კაცშიც ვერ ხვდება.

დარასელიას გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას ანიჭებს ბურთის კონტროლს და ზუსტ პასებს. ისე, თავადაც ზუსტად ასე თამაშობდა - ალბათ, გახსოვთ.

- რაც ეროვნული ჩემპიონატი ტარდება საქართველოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გორის "დილას" სულ პრობლემები ჰქონდა. ხან დაშლის საფრთხის წინაშე იყო, ხან უხელფასოდაც თამაშობდა, ხან კი - ჭაბუკი ფეხბურთელებით. ახლა აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა...
- შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ცა და დედამიწასავითაა დღევანდელი "დილა" ძველთან შედარებით. როდესაც კლუბში მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, მიზნად დაგვისახა გასულ სეზონშივე საქართველოს თასის აღება, ევროტურნირებზე გამოსვლა და ამჟამინდელ სეზონში ჩემპიონობა.

"დილამ" ქვეყნის თასი მოიგო, ევროტურნირებზე ურიგოდ არ გამოვსულვართ (მართლაც ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ევროლიგის ჯგუფში შესვლამდე) და მიმდინარე ჩემპიონატშიც პირველობის ერთ-ერთი ფავორიტები ვართ.

- გორელ გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გუნდში ადგილობრივი ფეხბურთელების სიმცირითაა შეწუხებული...
- მე მესმის მათი, თუმცა დღევანდელი შემადგენლობა იმის შესაბამისად დაკომპლექტდა, რა მიზნებიც ხელმძღვანელობის მიერ იყო დასახული კლუბის მიმართ. ბევრი გამოცდილი ფეხბურთელის მოწვევა გახდა "დილაში" საჭირო, რათა დაგეგმილი დიდი გამარჯვებებისათვის ბრძოლა რეალური გამხდარიყო.

ფეხბურთელის აყვანა მწვრთნელის გადაწყვეტილებით ხდება და დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, სადაურია მოთამაშე.

რაც შეეხება იმ გორელ ფეხბურთელებს, რომლებიც ამჟამად სხვა გუნდებში თამაშობენ, მათზე იყო საუბარი მთავარ მწვრთნელთან და გიორგი დარასელიამ აღნიშნა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო სეზონის ბოლოს მათ გასინჯვასთან დაკავშირებით. მერე კი ვნახოთ, იმედია, ეს მოთამაშეები თავს კარგად წარმოაჩენენ.

Sportall.Ge- თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის კიდევ ერთი ტრიბუნა დაინგრა და ჯერჯერობით ისევ ასაშენებელია. როდიდან ვარაუდობენ მის აგებას?
- სტადიონი, მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. რა ეტაპამდეც ამჟამადაა მოსული მისი კეთილმოწყობა, სულ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

როდესაც დასავლეთ ტრიბუნის ხელახლა აგება გადაწყდა, სადაც გასახდელები, ადმინისტრაციის ოთახები და ლოჟებია განთავსებული, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების, კლუბის ხელმძღვანელობის, ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების შეთანხმების შედეგი იყო.

ძველ ნაგებობაში თანამედროვე სტანდარტების შესაფერის ინფრასტრუქტურას ვერ მოვაწყობდით და ახალიც ამიტომ აიგო.

ის ტრიბუნა მართლაც კარგი გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ მშენებლობა გაგრძელდება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი არაა.

- გორის "დილა" ყოველთვის გამოირჩეოდა ერთგული და ემოციური გულშემატკივრებით...
- სტადიონზე მაყურებელი ახლაც ყველაზე მრავლად დადის და ენერგიულად ქომაგობს.

ადრე იყო რამდენიმე მათგანი, რომელიც ვიდრე მსაჯი მატჩს დაიწყებდა, უკვე აგინებდა მას. ეს ცხადია, ჩვენთვისაც მიუღებელია, ამიტომ ჩვენ ვესაუბრეთ ასეთ ზედმეტად აქტიურ ქომაგებს და უთავბოლო აგრესიის ფაქტებიც თანდათან გამოირიცხა.

Sportall.Ge- "დილას" დიდი გუნდის წარმატებებმა, ალბათ, ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მუშაობაც წაახალისა.
- დიახ, ძალიან სასიკეთოდ აისახა ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მუშაობაზე "დილას" წარმატებები.

სკოლაში პატარა ფეხბურთელთა რაოდენობამ ერთიორად იმატა, დიდების მატჩის წინა ვარჯიშებზეც ბევრი ბავშვი მოდის მათი ახლოს სანახავად, ფოტოების გადასაღებად.

მოკლედ, საკლუბო პოლიტიკაში ყველაფერი ისეთი მიმართულებით მიდის, რომ "დილას" მომავალი კიდევ უკეთესი და ყოველმხრივ მოწესრიგებული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული