მიზეზი - სოლიდარობა, გუნდები თანადგომას უცხადებენ სამთავრობო დაფინანსებაზე მყოფ "კოლხეთსა" და "ზუგდიდს", რომლებიც მძიმე ფინანსურ კრიზისში არიან.
სოლიდარობა კარგია, მაგრამ სად არის სოლიდურობა? ნუთუ ის დრო არ წავიდა, გუნდები შუა სეზონში რომ იშლებოდნენ?!
უმაღლეს ლიგაში მე-20 ტური, წესით, 12 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ "ზესტაფონში" წარმოქმნილმა პრობლემებმა და "ჩიხურა"-"ზესტაფონის" გადადებამ კალენდარში იძულებითი კორექტივები შეიტანა - ტური დღეისთვის გადმოიტანეს.
ისევ ექვსეულების შესახებ
დღეისთვის კი მთავარი შეკითხვა ის არის, როგორ დაკომპლექტდება საუკეთესო ექვსეული. ორი ვაკანტური ადგილისთვის სამნი, "ზუგდიდი", "ზესტაფონი" და "მეტალურგი" იბრძვიან.
ამ რბოლის გამოკვეთილი ფავორიტი "ზუგდიდია", რომელსაც მიზნამდე ბევრი აღარაფერი აშორებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ელგუჯა ქომეთიანის გუნდს მძიმე კალენდარი აქვს დარჩენილი ("დინამო", "ზესტაფონი", "მეტალურგი"), სჯობს, ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავი შევიკავოთ.
აი "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" შორის კი მართლაც მძაფრ კონკურენციას უნდა ველოდოთ. ბუნებრივია, ბევრი რამის გარკვევა დღესვე შეიძლება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონს ორი ქულით უსწრებს და დღეს შედარები იოლი მატჩი ელის. ასე რომ, ყველაფერი ზესტაფონელთა ხელშია, რომლებიც დღეს პირველად ითამაშებენ კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით.
სწორედ მისი დანიშვნით დასრულდა "ზესტაფონის" ბანაკში ბოლო დღეებში მომხდარი არცთუ სასიამოვნო ამბები.
შეგახსენებთ, კაჭარავა იმერულ კლუბში პირველი ეტაპის ბოლომდე მწვრთნელ-კონსულტანტის ფუნქციებს შეასრულებს და ამის შემდეგ გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა იგი "ზესტაფონთან" თანამშრომლობას.
როგორც უკვე ვთქვით, დღეს "მეტალურგს" ჰყავს კონკურენტზე ძლიერი მეტოქე, სამაგიეროდ, პირველი ეტაპის დარჩენილ ორ ტურში რუსთაველებს უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვთ - თანარეგიონელ "სიონს" თბილისში ეთამაშებიან, ბოლოს კი "ზუგდიდს" მასპინძლობენ. ფეროელები ჯერ "ზუგდიდს" ესტუმრებიან, ბოლო ტურში კი თბილისის "დინამოს" მიიღებენ.
ყოველივე ეს კი ზეექვსეულისთვის ბრძოლას ძალიან დამაინტრიგებელს და ყოვლად არაპროგნოზირებადს ხდის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, "მეტალურგი" "ზესტაფონზე" მაღლა აღმოჩნდება, რადგან მასთან ურთიერთშეხვედრებში ოთხ ქულას მოუყარა თავი.
რასაკვირველია, "სიონი" და "ჩიხურა" დღესაც საკუთარი მიზნისთვის იბრძოლებენ. ბოლნისელები ზესტაფონში უიმედოდ სულაც არ ჩადიან - ბოლოს და ბოლოს, სიონელებს წინ უდევთ "ვიტ ჯორჯიას" მაგალითი.
ვეტერინარებმა ხომ რამდენიმე დღის წინ "დავით აბაშიძეზე" სამი ქულა მოიპოვეს.
"ჩიხურა" კი დამაჯერებლად ინარჩუნებს ადგილს ლიდერთა ჯგუფში და ქულათა მარაგის გაზრდას დღესაც შეეცდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ რუსთავის "ფოლადზე" გაიმართება, სადაც ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი.
დინამო სტატისტიკის გასაუმჯობესებლად
იმის მიუხედავად, რომ ზუგდიდურ გუნდს არაერთხელ მოუხერხებია თბილისის "დინამოსთან" შედეგიანი თამაში და ქულები ამ სეზონშიც აართვა, ყველა საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ "დინამო არენაზე" გასამართი შეხვედრის უპირობო ფავორიტად დუშან უჰრინის გუნდი მივიჩნიოთ.
თუმცა, რასაკვირველია, "ზუგდიდი" უშანსოდ არც დღეს იქნება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს გახშირდა ხმები ამ გუნდის ფინანსური პრობლემების შესახებ.
იმედი დავიტოვოთ, რომ არც "ზუგდიდს" და არც სხვა უმაღლესლიგელებს მალე მსგავსი გასაჭირი აღარ შეაწუხებთ და ფეხბურთელებს საშუალება მიეცემათ, მხოლოდ საკუთარ საქმეზე იყვნენ კონცენტრირებულნი და ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე არ მოუწევთ ზრუნვა.
ყოველთვის ცუდია, როცა შედეგიანად მოთამაშე გუნდს დაშლის საფრთხე ემუქრება, უფრო უსიამოვნო კი ის იქნება, ზეექვსეულში შესულმა უმაღლესლიგელმა რომ ვერ შეძლოს არსებობის ამჟამინდელი სახით გაგრძელება და სეზონი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაამთავროს. იმედია, მსგავსი რამ არ მოხდება.
"დინამოს" შთამბეჭდავი სვლა კი გრძელდება - საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ამ სეზონში მატჩში საშუალოდ სამი გოლი გააქვს და ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა ამ მაჩვენებლის შენარჩუნებას.
ცალკე ინტრიგაა ბომბარდირთა დავა, რომელშიც დინამოელები ფიგურირებენ. წინა ტურში ჩისკომ ჯაბა დვალს გადაასწრო და საინტერესოა, რაც მოიმოქმედებს წინა ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი ესპანელი თანაგუნდელის დასაწევად.
დინამოს მდევრების ამოცანა
წინა ტურში შინ "ტორპედოსთან" განცდილმა მარცხმა "დილა" ერთგვარად ჩრდილში მოაქცია, თუმცა გიორგი დარასელიას გუნდი კვლავ განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას და პირველი ეტაპის დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას ეშურება.
გორელთა მორიგი მეტოქე ბათუმის "დინამოა", რომელმაც წინა ტურში "კოლხეთთან" მოპოვებული სამი ქულით უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარკვეული შანსი გაიჩინა და დღესაც შეეცდება, საკუთარ მონაგარს რაიმე შეჰმატოს.
"ვიტ ჯორჯია" ქუთაისში ჩადის და ვნახოთ, შეძლებს თუ არა კიდევ ერთი ფავორიტის გამწარებას.
ტორპედოელები კი გორში გამარჯვების შემდეგ აშკარად ამაღლებულ განწყობაზე არიან და მიზნად მორიგი სამი ქულის მოპოვება დაუსახავთ. ამ შეხვედრას დამატებით ინტერესს ის ფაქტი სძენს, რომ "ტორპედოს" ღირსებას არაერთი ყოფილი ვიტელი იცავს.
დისკვალიფიკაციის გამო ქუთაისელებს ვერ დაეხმარება ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც, მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
წინა ტურის მსგავსად, "მეგრული დერბი" დღესაც გაიმართება, ამჯერად, "მერანსა" და "კოლხეთს" შორის.
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ამ შეხვედრას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. ფოთელებს უმაღლეს ლიგაში სასწაული თუ დატოვებთ, მარტვილელებს კი სამი ქულა აშკარად უფრო სჭირდებათ.
ეგებ, თოვლმა გვაცალოს
ბოლოს ამინდსაც შევეხოთ, რაც ასე აქტუალური იყო წინა ჩემპიონატში. გეხსომებათ, დიდთოვლობამ გასულ სეზონს მნიშვნელოვანი დაღი დაასვა და კალენდარი, ლამის, თავიდან შესადგენი გახდა. სტიქიამ ნოემბრის მატჩებიც კი ჩაშალა, ხოლო ზამთარში კიდევ უფრო მძიმე კვალი დაატყო უმაღლეს ლიგას.
საბედნიეროდ, ნოემბერი და ნახევარი დეკემბერი უთოვლოდ "გადავაგორეთ" და იმედია, პირველი ეტაპის გეგმისამებრ ჩამთავრება მოხერხდება. ახლა ისღა დავრჩენია ვისურვოთ - თუ ეს ზამთარიც წინასავით მკაცრი იქნება, დიდთოვლობა ჩემპიონატში გამოცხადებულ პაუზას მაინც დაემთხვეს.
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 19 | 14 | 4 | 1 | 57-16 | 46 |
2 | დილა | 19 | 13 | 1 | 5 | 30-12 | 40 |
3 | ტორპედო | 19 | 12 | 2 | 5 | 35-17 | 38 |
4 | ჩიხურა | 19 |
12 | 2 | 5 | 32-20 | 38 |
5 | ზუგდიდი | 19 | 10 | 5 | 4 | 26-16 | 35 |
6 | ზესტაფონი | 19 | 8 | 4 | 7 | 24-19 | 28 |
7 | მეტალურგი | 19 | 8 | 2 | 9 | 15-24 | 26 |
8 | მერანი | 19 | 6 | 2 | 11 | 16-30 | 20 |
9 | ვიტ ჯორჯია | 19 | 5 | 5 | 9 | 13-25 | 20 |
10 | სიონი | 19 | 4 | 5 | 10 | 13-33 | 17 |
11 | დინამო (ბთ) | 19 | 3 | 3 | 13 | 20-42 | 12 |
12 | კოლხეთი | 19 | 0 | 3 | 16 | 10-37 | 3 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"