[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?

AutoSharing Option
2010 წელს პროფლიგას ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს და ფაქტობრივად, ორგანიზაცია დაიშალა.

მას შემდეგ უკვე ორი წელი მიილია, რაც მის აღდგენაზეა ლაპარაკი. ბოლო დროს კი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი განხილვის საგანი გახდა - პრემიერლიგის ჩამოყალიბება აქტუალური თემაა.

ვფიქრობთ, უინტერესო არ იქნება გავიგოთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება ამ ორგანიზაციის გაძლიერება, ფეხზე დადგომა და ის ათასი ღონისძიება, რომლითაც უფერულ დროში ქართული ფეხბურთი ოდნავ მაინც მოსულიერდა.

პროფლიგამ მილიონნახევარი დოლარი მიიზიდა, ჩემპიონატის პოპულარიზაციაში მეგავარსკვლავები
ჩართო (მალდინი, კაკა, გატუზო, ინძაგი, დიდა); დაიწყეს ლაპარაკი საფარის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მოედნების მეურნეობის ჩამოყალიბებაზე; "კოლხიდა" ტელერეპორტაჟების შეფუთვა-გალამაზებაზე ზრუნავდა; რუსეთთან ომამდე საქართველოს ჩემპიონატის მატჩების უფლებების შესყიდვა "ენ-ტე-ვე ფუტბოლს" სურდა; "დიაზე" სეზონის გამორჩეულ მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და მენეჯერებს აჯილდოებდნენ; საფეხბურთო საკითხების განხილვაში აქტიურად იყო ჩართული ტელევიზია...

პროფლიგას 2008 წლის ომისა და კრიზისის შემდეგ გაუჭირდა, 2010 წელს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჩემპიონატის ორგანიზების უფლება ჩამოართვა და ფაქტობრივად, ლიგა გაუქმდა.

დიმიტრი რამიშვილმა ორწლიანი დუმილი "ლელოსთან" დაარღვია და საინტერესო ფაქტები გაგვიმხილა, თუ რატომ ჩამოაშორეს საქმეს, როგორ აფასებს ლიგის აღდგენის მცდელობას და ხედავს თუ არა ამ წამოწყებაში პერსპექტივას.

- ბევრი მიიჩნევს, რომ პროფლიგის თემის განხილვაში აუცილებელია მისი ძველი ხელმძღვანელების ჩართვა, წარსულის გამოცდილებისა და შეცდომების გათვალისწინება.
- თავიდანვე ვიტყვი, რომ ველოსიპედის გამოგონება აუცილებელი არ არის. ჩვენ გამოვცემდით ჟურნალს, სადაც დეტალურად იყო მოთხრობილი, რა ნაბიჯები გადავდგით 2003 წლიდან, რა ცვლილებები შევიტანეთ დებულებაში, რა შეთანხმება გვქონდა კლუბებთან.

ყველაფერი სწორედ კლუბებთან მოლაპარაკებით დაიწყო: უნდა შეგვეცვალა თამაშის წესები. ჩემპიონატის დონისა და მის მიმართ გულშემატკივართა დაინტერესების გაზრდის მიზნით, მკაცრ ჩარჩოებში უნდა მოვქცეულიყავით, რომელსაც ყველა დაემორჩილებოდა.

ეს ყველაფერი აისახა დებულებაში, რომელიც კლუბებთან ერთად მივიღეთ და მერე არავის ჰქონდა პრეტენზია, რატომ არ დავუშვით ესა თუ ის გაჭირვებული კლუბი უმაღლეს ლიგაში; რატომ ვკრძალავდით უხარისხო მოედნებზე თამაშს; რატომ მოვითხოვეთ მინიმალური, 300-ათასლარიანი ბიუჯეტი და საბანკო გარანტიები; რომ არ შეიძლებოდა ერთ მეპატრონეს ჰყოლოდა 2 გუნდი, რომ სახელმწიფოს დოტაციაზე მყოფი კლუბების არსებობა ჩემპიონატს საფრთხეს უქნიდა; რომ ეს ხდებოდა არა ვინმეს ჩასაძირად, არამედ ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის.

დრომ ჩვენი გადაწყვეტილებების სიმართლე დაამტკიცა.

- კარგად გვახსოვს, სახელმწიფო კლუბების წინააღმდეგ პირველად სწორედ თქვენ გაილაშქრეთ. საკითხი ახლაც აქტუალურია და საინტერესოა, მაშინ რა გახდა თქვენი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი?
- ამ კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს და რა ძნელი მისახვედრი უნდა იყოს, რომ ისინი საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ?! 3-4 კლუბს, ფაქტობრივად, ერთი დამფინანსებელი რომ ჰყავს, მათი ინტერესები იკვეთება. ეს იყო მიუღებელი, თორემ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უნდა დააბანდოს - ეს აუცილებელიც არის და საჭიროც. ამის წინააღმდეგ მხოლოდ სულელი წავა.

მაგრამ სახელმწიფოს სახსრები სულ სხვა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს, შექმნას და განავითაროს ინფრასტრუქტურა, რომლის საფუძველზეც კერძო მესაკუთრეებს მიიზიდავს. ფეხბურთი კი სწორედ კერძო მესაკუთრეების ხელში ვითარდება.

მარტივი არითმეტიკაა: გადახედეთ, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის რამდენი ფეხბურთელი გაზარდეს კერძო კლუბებმა და რამდენი სახელმწიფოსგან დაფინანსებულებმა - აშკარა უპირატესობა პირველის მხარეს არის და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

- ბევრი თვლის, რომ ლიგის პრეზიდენტად ავტორიტეტული პიროვნება უნდა აირჩიონ: საქართველოში სპონსორებს სახელები უფრო იზიდავენ.
- ეს მოსაზრება ნაწილობრივ არის მართალი, მაგრამ მთავარი მაინც ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაა.

- ფაქტია, რომ თავდაპირველად სპონსორები სწორედ თქვენი კავშირების წყალობით მიიზიდეთ.
- ეს თავიდან, მერე კი სისტემა ისე გავმართეთ, ჩვენი გენერალური სპონსორობისთვის სერიოზული კონკურენცია გაჩნდა. ბოლოს სარეკლამო და სატელევიზიო უფლებები მედიაკომპანია "კოლხიდას" გადავეცით, რომელიც თავიდან ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ რუსეთის აგრესიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა მთელი შრომა წყალში ჩაგვიყარა.

მიუხედავად ამისა, კიდევ შეიძლებოდა ფეხზე წამოდგომა და დღეს ჩვენი ფეხბურთი გაცილებით წინ იქნებოდა.

- რაც არ დაგცალდათ...
- არ დამცალდა იმიტომ, რომ ჩემი მოსაზრებები ვიღაცებს არ მოეწონათ. ბევრი რამ იყო შესაცვლელი. ყველაზე მეტად კლუბების საკუთრება მაფიქრებდა.

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რაც შეიძლება მეტი კერძო კლუბი უნდა გვყავდეს, ლიგის საქმიანობა და ქართული ფეხბურთი ეფექტური რომ იყოს. ამ ინიციატივით გამოვდიოდი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ზემოქმედება.

იმ დროს ბიზნესიდან საკმაოდ კარგი შემოთავაზება მივიღე და ლიგის პრეზიდენტის პოსტიდან გადავდექი.

- ფეხბურთში დაბრუნებას გამორიცხავთ?
- ასე კატეგორიულად ნამდვილად ვერ ვიტყვი. მე პრეზიდენტობიდან გადავდექი, მაგრამ ფეხბურთი მიყვარს და მისი ბედი მაინტერესებს. ჩემი მხრიდან პროფლიგის ინიციატორებსა და ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ.

- ლიგისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ჯერ სპონსორების მოზიდვა და ორგანიზაციის ბიუჯეტის ჩამოყალიბებაა საჭირო.
- მთავარი სხვა რამ არის - კლუბების შეთანხმება. გადახედონ ჩვენს პირველ ნაბიჯებს, იგივე ხალხი და კლუბები იყვნენ ჩართულები პროფლიგის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ მიდგომები და დებულება შევცვალეთ. ამას კი კლუბების შეთანხმება და ნება სჭირდებოდა. ასეა ახლაც. როდესაც ინიციატორებს ვუსმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი საქმის გაგრძელებას შეძლებენ.

- როგორც გვესმის, კლუბებს არ სურთ, ლიგას 2-3 კლუბი დაეპატრონოს: ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება დამოუკიდებელი მენეჯერის მიწვევა.
- ამ პრობლემის მოგვარება ადვილია. არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი ყოველ ერთ ან ორ წელიწადში იცვლება და პოსტზე კანდიდატურას კლუბები მონაცვლეობით წარადგენენ.

ეს ადვილად მოსაგვარებელი საკითხია. მთავარია, საერთო წესებზე შეთანხმდნენ, რომლის დარღვევაც არავის ეპატიება. ანუ პრეზიდენტმა თვალი არაფერზე არ უნდა დახუჭოს, დებულების მკაცრი პუნქტის ამოქმედების შემდეგ კი კლუბებმა კი არ უნდა დაიწყონ უაზრო ლაპარაკი, რომ რეგიონში ფეხბურთს კლავენ და ა.შ.

შენ თუ სტადიონი არ გივარგა, ბიუჯეტი არ გაქვს და ხელფასებს დროულად ვერ არიგებ, უმაღლეს ლიგაში თამაშზე პრეტენზია არც უნდა გქონდეს. წაყრუება ისევ ქართულ ფეხბურთს ვნებს.

სხვათა შორის, მაინტერესებს, პრემიერლიგის ინიციატორებს ევროპროფლიგასთან კავშირი თუ აქვთ? საქართველო უკრაინასთან და რუსეთთან ერთად პირველი იყო პოსტსაბჭოეთიდან, რომელიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. იქ სერიოზული შეხვედრები იმართება, წამყვანი ქვეყნები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. რომ იცოდეთ, იქ შეიძლება პროექტის წარდგენაც და თუ დაასაბუთებ, დახმარებას მიიღებ.

ამ ორგანიზაციაში წასვლა და დალაპარაკებაა საჭირო. ბევრ ისეთ რჩევას მოვისმენთ და გავიგებთ, რაც ლიგის საქმიანობაში გამოგვადგება. ამიტომ დავდიოდი ასეთ შეხვედრებზე. თუ გახსოვთ, შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროფლიგის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე რეგიონული ტურნირის ჩამოყალიბებაზე ვლაპარაკობდით, კავშირები დავამყარეთ და საქმიანი ურთიერთობები გვიყალიბდებოდა.

შენთან ევროპელი არ ჩამოვა. დღეს იმაზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, შოუები მოვაწყოთ თუ არა - ეს თავისთავად უნდა იგულისხმებოდეს, 21-ე საუკუნეა - არამედ ფეხბურთი მაყურებელს როგორ მივაწოდოთ. 2003 წელს ლიგა სწორედ ჩემპიონატისა და კლუბების განვითარებისთვის ჩამოყალიბდა.

- დღეს ამ იდეის განხორციელება შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- რა თქმა უნდა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გონივრულ მიმართულებასა და სწორი თამაშის წესებს შევიმუშავებთ. მესმის, რომ ახლა ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ლიგა თავიდან არის ჩამოსაყალიბებელი და ჩვენ მიერ განვლილი გზა თავიდან უნდა გაკვალონ. მაგრამ საქმე უნდა დაიწყონ.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: ლიგის პრეზიდენტი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი უნდა იყოს, როგორც უეფას თავკაცია ფიფაში მეორე პირი. ეს იმიტომ არის აუცილებელი, რომ ფედერაციასთან დაპირისპირება გამოირიცხოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორ­პე­დომ" ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა წა­რად­გი­ნა
პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
დროა ფეხბურთის გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნოთ!!!!
guja_kakhadze
00:33 20-12-2012
0

სიახლეები პოპულარული