არადა "მეტალურგს" ურიგო გუნდი ნამდვილად არ ჰყავს. შემადგენლობას თუ ჩავუკვირდებით, "მეტალურგს" წესითა და რიგით სუსტი პოზიცია არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსთაველები თითქოს დანავსულები აღმოჩნდნენ.
"მეტალურგის" საქმე დაღმა წავიდა, არადა საქართველოს ჩემპიონატს ბევრი კარგი გუნდი სჭირდება, ლამაზი სახე რომ მიიღოს.
რუსთავში არ დადის იმდენი ქომაგი სტადიონზე, რამდენიც ზესტაფონში თუ ქუთაისში.
თქმა რად უნდა, სადაც კერა ძლიერი არ არის,
მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება "მეტალურგის" ჩაფლავების მიზეზი. შეცდომების გარეშე საქმე არ ფუჭდება.
* * *
ექვსეულში მოხვდა "ზესტაფონი", რომელმაც 2012 წელს მართლაც ბევრი ამბავი გადააგორა. კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია ამასწინათ ტელევიზიით გამოვიდა და "ზესტაფონის" ამბებზე ესაუბრა ჟურნალისტ დავით მინაშვილს.
სიმხდალე, თავხედობა, ხალტურა - სხვათა გარდა კოკაიამ ეს სიტყვებიც ჩართო საუბარში და ისე ჩანდა, რომ ის მართლაც იმას ამბობდა, რასაც ფიქრობს.
ტელეგადაცემაში მხოლოდ ერთი მხარე იყო მიწვეული, "ზესტაფონის" ფეხბურთელები კი იქ არ იყვნენ.
არადა, ფეხბურთელს ფეხბურთის თამაშის გარდა ლაპარაკიც უნდა შეეძლოს, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.
კლუბის პრეზიდენტის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, დიდ ფულს ხარჯავს, მაგრამ საქართველოში ფეხბურთი ბიზნესი ჯერ არ არის და სახელმწიფოსგანაც ჯერ არ ჩანს შეღავათების დაკანონების სურვილი ფეხბურთში მოსაქმე ბიზნესმენებისთვის.
კოკაიას თქმით, "ზესტაფონმა" "დინამო თბილისს" ჯაბა დვალი 400 000-ის სანაცვლოდ დაუთმო. შიდა ბაზარზე ეს ალბათ სარეკორდო ტრანსფერია, ოღონდაც ტრანსფერიდან შემოსული ფული დაუგემავი შემოსავალია კლუბისთვის და ამის მიხედვით ბიუჯეტის დაგეგმვა შეუძლებელია.
ფეხბურთის ფედერაციას კარგად ესმის ჩვენი საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობა და "ზესტაფონს" შეღავათი გაუწია - "ჩიხურასთან" თამაში გადაუდო და სეზონის პირველი ეტაპის რამდენიმე ტურის კალენდარიც შეცვალა.
ამ ყველაფერზე ადრე უკვე ვთქვით, ოღონდაც ასეთ შეღავათებს ზღვარი თუ არ დაუწესდა, შეღავათი სისულელედ გადაიქცევა.
იყო ასეთი მსახიობი უილ ბრინერი, თავი გადაპარსული ჰქონდა და თამბაქოს მადიანად აფუილებდა.
მან თქვა, ქალებს ის არაკანონიერი უპირატესობა აქვთ მამაკაცებთან, რომ შეუძლიათ სისულელეები ჩართონ იქ, სადაც გონება უძლური არისო.
ფეხბურთი ალბათ უფრო კაცების თამაშია, ვიდრე ქალების, საქართველოს ჩემპიონატმა კი ბევრი სისულელე მოინელა და თუ ეს არ დასრულდა, ერთი-ორი მოფულიანებული კლუბის გამოჩენა საქმეს ვერ უშველის.
საქართველოში თავი ბევრს აქვს გადაპარსული, ოღონდაც მხოლოდ უილ ბრინერს შეეძლო, ეთქვა ასეთი რამ.
* * *
გულწრფელად გამიხარდა, "ვიტ ჯორჯია"-"ბათუმის" მატჩზე კარგი თამაშის გარდა ბათუმიდან მცხეთაში ჩასული ოციოდე ფანი რომ ვნახე.
შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო და მათ სამი საათი მოუწიათ სუსხში თავის გატანა და გუნდის ქომაგობა.
"ვიტ ჯორჯიასაც" ჰყავს ერთი ისეთი ფანი, ავდარს რომ არ შეუშინდა და სკოლიდან მცხეთაში წავიდა საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად. ამ ვიტჯორჯიელი ფანისგან გავიგე, ბათუმურ ფან-კლუბს "შავი ზღვის მეკობრეები" ჰქვიათო.
მეორედ გამიხარდა "მცხეთა პარკზე", ფანობაც ხომ ის არის, რომ ასეთი სახელი შეურჩიო საკუთარ თავს.
ასეთი ხალხის გარეშე ფეხბურთი მკვდარია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზურაბ იონანიძე: რას მერჩოდნენ? მადლობაც არ უთქვამთ, "ზესტაფონიდან" ისე გამიშვეს
ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!
ზესტაფონი VS ფეხბურთელები - ზესტაფონური აურზაური გრძელდება
კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?