ამის შემდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე კონფლიქტი მოხდა, რასაც საქმეში პოლიციის ჩარევა მოჰყვა, მაგრამ საზოგადოებისათვის ბევრი რამ უცნობი დარჩა.
"დინამოს" ფან-კლუბის, "გლადიატორის" ლიდერი როლანდ გაფრინდაშვილი აპროტესტებს გავრცელებულ ხმებს, თითქოს ყველაფერი გოლზე "დინამოს" ფანების განრისხებას მოჰყვა და ზესტაფონელ ფანებთან დაპირისპირება მოუვიდათ:
"გოლის მომენტში რამდენიმე კაცმა ემოცია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ჟესტებით გამოხატა და ამაზე რეაქცია გვქონდა. პოლიცია საქმეში ამ დროს ჩაერია, მაგრამ
ამას მოჰყვა კონფლიქტი "გლადიატორებსა" და პოლიციას შორის, მაგრამ მალევე ამოიწურა და ტრიბუნებს დავუბრუნდით. ამიტომ, სულ მცირე, ტყუილია, თითქოს სტადიონიდან გაგვაძევეს და ჩვენი გაცხარება "ზესტაფონის" გოლმა გამოიწვია.
14 წელია, რაც "დინამოს" ფან-კლუბი არსებობს და ჩვენს ხულიგნობას ვერავინ გაიხსენებს. "დინამოზე" ყველას კარგად ვხვდებით და კონფლიქტი არავისთან გვქონია.
მაგრამ ჩვენს ღირსებას თუ შეეხებიან, უპასუხოდ არავინ დარჩება, რადგან "გლადიატორების" დევიზია "ტრადიცია-ღირსება-ძალა".
გაფრინდაშვილის აზრით, ტრიბუნებზე არსებული პრობლემის მოგვარება სტიუარდების სამსახურის დანერგვას შეუძლია:
"აქვე ერთ მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო. მსოფლიოში ფანებთან პოლიციელები თითქმის აღარსად დგანან. ჩვენთან კი პოლიციელთა დიდმა ნაწილმა არ იცის, ტრიბუნაზე რა შეიძლება და რა - არა.
ხშირ შემთხვევაში ისეთი რაღაცების აკრძალვის მცდელობები აქვთ, რაც არც ერთი საფეხბურთო კანონით არ არის გათვალისწინებული. ამიტომ სასურველია, ყველა კლუბმა სტიუარდების სამსახური ჩამოაყალიბოს და თამაშებს ისინი მოემსახურონ.
მათ ეცოდინებათ, რა არის სტადიონზე მიღებული და რა - აკრძალული.
ჩვენ ერთადერთი ფან-კლუბი არ ვართ, ვისაც ეს პრეტენზია გააჩნია. პოლიციასთან პრობლემები ყველა ქართული კლუბის მხარდამჭერებს აქვთ.
90-იან წლებში თითქმის ყველა თამაშში ხდებოდა შეჯახებები ფანებსა და პოლიციას შორის. ყველას გვინახავს სკამების წვიმა ფან-სექტორიდან - ძირითადად, რუსეთზე ვამბობ. მაგრამ სტიუარდების სამსახურების დაფუძნების შემდეგ მსგავსი ფაქტები მინიმუმამდე შემცირდა. იმიტომ, რომ ელემენტარულ რამეზე პრობლემებს აღარ უქმნიდნენ".
ერთი თვის წინ თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა ლიდერმა "ლელოსთან" "გლადიატორების" პრობლემაზე ილაპარაკა, რომ მათ მიერ ორგანიზებული "ფაერ-შოუს" გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს საკმაოდ დიდი ფინანსური სანქცია დააკისრა.
მაგრამ დაიქადნა, "დინამოს" თამაშების გასალამაზებლად მომავალშიც იმავეს გავაკეთებთ, ფედერაციის ჯარიმები ხელს ვერ შეგვიშლისო:
"როგორც ვიცი, ამ განცხადების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. რადიო "სტარ ეფ-ემ"-ის ეთერში ილაპარაკა, ავუხსნი, რატომ ვაჯარიმებთო. ჩვენც ეს გვინდა და იმედია, შეხვედრა გაიმართება".
გლადიატორები: ხულიგნობას ვერავინ გაგვიხსენებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"გლადიატორები": ფედერაციის ჯარიმები ვერ შეგვაშინებს
ს.კ. "ტორპედო ქუთაისის'' ქომაგთა ოფიციალურ კლუბ "ტორნადოს'' განცხადება
თბილისის "დინამოს" ფანკლუბებს შორის დაპირისპირება დასრულდა