პირველი ლიგის "გაგრა" ამ შეხვედრისთვის სახეცვლილი შემადგენლობით ემზადება.
18 თებერვალს მუხრანში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა სეზონის განახლებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს - "გაგრა" პირველი ლიგის სტუ-ს შეხვდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს ახალი კაპიტანი ეყოლება. ამერიკაში სინჯებზე წასული ირაკლი ხუციძის ნაცვლად, სამკლავურს ცენტრალური მცველი ლაშა კალანდაძე მოირგებს.
2012 წლის შემოდგომაზე, "რაჭასთან" შეხვედრაში, კალანდაძემ მსაჯი შეურაცხყო.
მომხდარის გამო ამტკიცებდნენ, რომ ლაშას კლუბიდან წასვლაზეც დაფიქრდნენ, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებმა 21 წლის ფეხბურთელმა საქმით დაამტკიცა, რომ ღირსეული მოთამაშეა.
სულზე მიუსწრო საფეხბურთო ამნისტიამაც - წესით, მას "ტორპედოსთან" პირველი სათასო შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 21 იანვრის სხდომაზე მიღებული დადგენილებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და ჭაბუკთა ლიგაში და ეროვნული თასის გათამაშებაში 1 იანვრამდე მიღებული ყვითელ-წითელი ბარათები გაუქმდა და კალანდაძემ თამაშის უფლება მიიღო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"