არმაზ ჯელაძე: "ედინსტვოსთან" მოგებაზე კი არა, მატჩის მშვიდობიანად დასრულებაზე ვფიქრობდით

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. არმაზ ჯელაძის გაწვრთნილებმა წაუგებლად იასპარეზეს: 5 შეხვედრიდან 4 ფრედ ითამაშეს - ყაზახურ "ირტიშთან" (0:0), მოსკოვის "ტორპედოსთან" (0:0), ჩერნოგორიის "ედინსტვოსთან" (2:2) და მინსკის "დინამოსთან" (0:0), სერბეთის "რადს" კი 2:1 სძლიეს.

გუნდი უკვე საქართველოშია და სეზონის დაწყებამდე "ბენდელას" სტადიონზე მოემზადება.

რამდენად ნაყოფიერი იყო მოსამზადებელი ეტაპი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "სიონის" მთავარ მწვრთნელ არმაზ ჯელაძეს ვესაუბრეთ.

- როგორ შეაფასებდით "სიონის" მომზადების დონეს და განვლილ შეკრებას?
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ. მთავარია, რომ გუნდის
ბრძოლისუნარიანობა გამოჩნდა. ამის შედეგია, რომ ერთი მატჩიც არ წაგვიგია. ეს კარგია და კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ ხარისხი გვჭირდება, რომ ბრძოლასთან ერთად, ბურთი კარგად ვაგოროთ. ჯერჯერობით ყველა ჩანაფიქრის განხორციელება ძნელია, მაგრამ შევეცდებით, ეს კომპონენტი, რაც შეიძლება, სწრაფად და უმტკივნეულოდ გავაუმჯობესოთ.

თურქულ შეკრებაზე ფეხბურთელები საკმაოდ დავტვირთეთ და იმედია, ეს მძიმე პერიოდი რომ გადაივლის და მოთამაშეები ჩვეულ რეჟიმზე გადაერთვებიან, სიმსუბუქეს იგრძნობენ და უკეთ ათამაშდებიან.

- საკონტროლო შეხვედრებიდან არაერთგვაროვანი სურათი იქმნება. წაუგებელი სერია კარგია, მაგრამ 5 შეხვედრაში 4 გოლი შეტევის ფაზის პრობლემებზე ხომ არ მეტყველებს?
- მთავარი ისაა, რომ თითქმის ყველა შეხვედრაში საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე შედეგზე მეტად მოთამაშეების გასინჯვა გვსურდა და ყველა ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. ცხადია, შედეგიანობაზე გავლენას ესეც ახდენდა.

მაგალითად, "ედინსტვოსთან" გაცილებით მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მეტოქემ უხეშობა რომ დაიწყო, ბიჭები ორთაბრძოლებს გავარიდეთ და გოლებსა და მოგებაზე კი არა, მატჩის მშვიდობიანად დასრულებაზე ვფიქრობდით. თანაც, 24 ფეხბურთელი წავიყვანეთ და თითქმის ყველას თავის გამოჩენის შანსი მივეცით.

- ანუ შეტევაში პრობლემა არ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, შეტევაში გადასვლა ჩვენი ნაკლია, სწრაფად ბურთის ამოტანა და მეტოქის კართან მისვლა გვიჭირს. შესაძლოა, რომ დიდი დატვირთვების ფონზე, გუნდმა პოტენციალი ბოლომდე ვერც გამოავლინა, მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე ეს დატვირთვები აუცილებელი იყო.

- დაცვაზე რას იტყვით?
- საკმაოდ ძლიერ გუნდებთან ხუთ შეხვედრაში სამი გოლი გავუშვით და დაცვით, ძირითადად, კმაყოფილი ვარ.

- საინტერესო ახალწვეულები გყავთ - ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გალ საპირი და პოლონელი პაველ ჰაიდუჩეკი. მათ თავი როგორ გამოავლინეს?
- ჯერ ორივე რეაბილიტაციის პერიოდს გადის. საკუთარი შესაძლებლობები უფრო ჰაიდუჩეკმა გამოავლინა, გუნდსაც უკეთ შეეწყო და სასარგებლო იყო. საპირიც საინტერესო მოთამაშეა, ტექნიკურია, მაგრამ კონდიციები აკლია. თუმცა, ფორმაში შევა და მიმაჩნია, რომ გუნდს წაადგება.

- რას იტყვით ლადო ახალაიაზე?
- ლადოს დიდი დრო გაუცდა და ამის მიუხედავად, არც მონდომება აკლდა და სათამაშო ფორმასაც უახლოვდება. საერთოდ, საქმისადმი არა მხოლოდ მისი დამოკიდებულებით ვარ კმაყოფილი, არამედ თითქმის ყველა მოთამაშით. საწყის ეტაპზე არც ველოდი, რომ ასეთი ერთსულოვანი, ბრძოლისუნარიანი და დისციპლინირებული გუნდი შეიკვრებოდა.

- საქართველოსა და თურქეთში ჩატარებულ შეხვედრებში აშკარად გამოჩნდა, რომ კოკა მიკუჩაძის დაბრუნება წაგადგათ.
- თურქეთში ორი გოლი გაიტანა და საერთოდაც, სასარგებლოდ თამაშობდა. საგაზაფხულო ეტაპზე "სიონის" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მოუწევს ბრძოლა. ძნელია წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ მჯერა, რომ ამოცანას შევასრულებთ და გულშემატკივრებს იმედს არ გავუცრუებთ. თურქეთში მომხდარი ფაქტიც მაიმედებს: ჩვენი თამაშები რომ ნახეს, ბოლოს საკმაოდ ბევრმა გუნდმა შემოგვთავაზა სპარინგი.

- გუნდმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და ალბათ, გუნდის ერთ-ერთი პრობლემა შეუთამაშებლობა იქნება.
- ამას დრო სჭირდება, რადგან ძველი გუნდიდან მხოლოდ 10 კაცი დარჩა და ჯერჯერობით ძნელია მოთამაშეთა შორის საჭირო ურთიერთგაგების დამყარება. ნელ-ნელა ამ პრობლემასაც მოევლება, რადგან გამოცდილი მოთამაშეები გვყავს და ერთმანეთს იოლად გაუგეს.

სიონმა ფეხბურთელები შეინარჩუნა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოლნისის "სიონი" თურქეთში შეკრებიდან დაუმარცხებელი ბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული