ტორპედო-დინამო (თბ) 1:1 - კლასიკო ჩვეული სცენარით [VIDEO]

AutoSharing Option
"ტორპედოსა" და "დინამოს" მეტოქეობა მრავალ წელიწადს ითვლის და ალბათ, სანამ ეს გუნდები იარსებებენ, მათ შორის ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება იქნება.

შაბათის კლასიკო სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მატჩის დაწყებამდე ტურის სხვა მატჩების ანგარიშები ცნობილი იყო, რაც მეტოქეებს კარგ პერსპექტივას ვერ სთავაზობდა.

ზუგდიდელებთან "დილას" საშინაო გამარჯვებამ "დინამოს" ლიდერობას საფრთხე შეუქმნა, საჩხერელებმა კი "ზესტაფონის" დამარცხებით "ტორპედოს" მესამე ადგილი დააკარგვინა.

ამდენად, თავიდანვე ცხადი იყო, რომ გამარჯვებისთვის ორივე გუნდი მაქსიმუმს გაიღებდა.

Sportall.Geასეთი საინტერესო და ემოციებით დატვირთული მატჩი საქართველოს ჩემპიონატში კარგა ხანია, არ ყოფილა. სავსე ტრიბუნები,
შესანიშნავი ამინდი და იდეალური მოედანი შეხვედრას მეტ ელფერს მატებდა.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და არაერთი ლამაზი ეპიზოდიც ვიხილეთ. საერთო ჯამში, "ტორპედო" უფრო მონდომებითა და აგრესიით გამოირჩეოდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები "დინამოს" მეტი ჰქონდა. ისეთი თამაში იყო, წასაგებად ვერც ერთს რომ ვერ გაიმეტებდი. ამიტომ ფრე სამართლიან შედეგად უნდა მივიჩნიოთ.

სამწუხაროდ, დადებითთან ერთად, უარყოფითიც უნდა ვახსენოთ. აშკარად შეცდა მატჩის არბიტრი ოთარ ხეცაძე, რომელმაც მატჩის მიწურულს ტუღუშის დარტყმის შემდეგ შაშიაშვილის საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში ვერ შენიშნა და "დინამოს" კარში პენალტი არ დანიშნა...

მატჩის შემდეგ მსაჯები რამდენიმე ხანი ვერ ბედავდნენ მოედნის დატოვებას და მხოლოდ მას შემდეგ გავიდნენ გვირაბში, როცა უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს.

* * *
შეხვედრა სტუმრებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და სწრაფ გოლთანაც ახლოს იყვნენ. ჩისკოს ჯარიმის შემდეგ "დინამოს" ბასკმა ლეგიონერმა უსტარიცმა თავით ტორპედოელთა შორეულ ძელთან ჩააგდო ბურთი. ჯაბა დვალმა, რომელიც კარისკენ მოძრაობდა, ვარდნაში სცადა დარტყმა, მაგრამ ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა...

ქუთათურებმა თამაში მალე დაალაგეს და "დინამოს" მწვავედაც შეუტიეს. გია გეგუჩაძის გუნდი ტრადიციულად აქტიურად იყენებდა ფლანგებს. თავიდან უფრო პროდუქტიული მარჯვენა ფრთა იყო, სადაც ტაბატაძე და დოლიძე ირჯებოდნენ, თუმცა მასპინძლებმა პირველი ხიფათი საწინააღმდეგო ფლანგიდან შექმნეს - გურულის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.

დინამოელები სტანდარტულებს ძალიან სახიფათოდ ასრულებდნენ და ამ გზით ამწვავებდნენ მდგომარეობას. ქუთათურები განსაკუთრებით მაშინ ფრთხილობდნენ, როცა კუთხურის ჩასაწოდებლად ან ჯარიმის დასარტყმელად ბურთთან ჩისკო მიდიოდა.

ეპანელი მართლაც ოსტატურად ასრულებდა სტანდარტულებს. მისი "წყალობით" მიგინეიშვილის კართან ზედიზედ რამდენჯერმე "ჩამოცხა", მაგრამ ქუთათურებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა.

ამასობაში ბრწყინვალედ ითამაშა ბერიაშვილმა, რომელმაც უსტარიცს აართვა ბურთი და ლორიასთან პირისპირ გასულმა საქართველოს ნაკრების მეკარესაც არ დაუტოვა შანსი - 1:0.

VideoSportall.Ge
30.03.13. ტორპედო - დინამო 1:1


გოლმა დინამოელები დააბნია. ქუთათურებს კიდევ ერთხელ მართებდათ მათი დასჯა. დოლიძემ შესანიშნავად ჩააწოდა საბანაძეს, თუმცა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი ხარიხას გადააცილა. მეორე ეპიზოდში კი გიგაურის დარტყმა ლორიამ მოიგერია.

ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა დაცვაში შეცდომებს უმატეს. ერთ ეპიზოდში ონიანმა საკუთარ ნახევარზე უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი, რასაც დინამოელთა საგოლე შეტევა მოჰყვა. მერებაშვილის ჩაწოდება ჩისკომ თავური დარტყმით დააგვირგვინა. იქვე ქუთათურებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. დვალი დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა მიგინეიშვილმა ივაჟკაცა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე კუხიანიძემ და დვალმა გაცვალეს სახიფათო დარტყმები.

* * *
შესვენების შემდეგ თბილისელთა პირველივე შეტევა კინაღამ გოლით დასრულდა. ჩისკოს ჩაწოდების შემდეგ ქუთაისელი მცველები კვლავ შეცდნენ და დვალს ახლოდან კარში დარტყმის საშუალება მისცეს. მიგინეიშვილის სასწაულებრივმა რეაქციამ იხსნა კარი გოლისგან.

ქუთაისელთა კიპერმა მალე მერებაშვილის სახიფათო დარტყმაც გააუვნებელყო.

მერე ტორპედოელებმაც გამოასწორეს თამაში - განსაკუთრებით, ელგუჯა გრიგალაშვილის საჯარიმო დარტყმა და ბერიაშვილის სახიფათო თავური იყო გამოსარჩევი. თუმცა, ჩისკოსთან ახლოს ვერც ერთი მივა, ესპანელი მოჭრილი დარტყმით ლამობდა "ტორპედოს" კარის დალაშქვრას, მაგრამ ბურთი ხარიხას გაარტყა.

ამის შემდეგ გუნდებმა თამაში დააწყნარეს, თუმცა სანაცვლოდ "ტორპედოსა" და "დინამოს" გულშემატკივრები შეეჯიბრნენ ერთმანეთს პეტარდების დანთებაში. სტადიონი კვამლითა და დენთის სუნით გაიჟღინთა, თბილისელთა ტრიბუნის ზემოთ ფეიერვერკებიც გაიშალა, რამაც სტადიონზე შექმნილი შესანიშნავი ატმოსფერო კიდევ უფრო გაალამაზა.

შეხვედრის ბოლო ათი წუთი ძალიან დაძაბული და ემოციებით დატვირთული გამოდგა. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ თბილისელებმა სწრაფი კონტრშეტევებით ზედიზედ სამი საგოლე ეპიზოდი შექმნეს.

მიგინეიშვილმა გრაციარის ორი დარტყმა მოიგერია. ჩისკოსაც ჰქონდა გოლის გატანის ნაღდი შანსი, როცა მცველების შეცდომით მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

შეტევების გასაძლიერებლად კარგად ჩაერთო თამაშში ტუღუში. იგი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ლორიაც მოატყუა, მაგრამ დარტყმას შაშიაშვილი გადაეღობა, რომელსაც ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა.

ქუთათურები პენალტს ითხოვდნენ და სამართლიანადაც, მაგრამ...

VideoSportall.Ge
30.03.13. ტორპედო - დინამო 1:1 - საკამათო ეპიზოდი


აღსანიშნავია, რომ ოთარ ხეცაძემ ამ გუნდებს შორის მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩიც (3:2) იმსაჯა თბილისში და ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა.

დარჩენილ დროშიც ანგარიში აღარ შეცვლილა. "დინამო" ლიდერობას ინარჩუნებს, "ტორპედო" კი ზედიზედ მესამე ფრის შემდეგ მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი:
"ვიცოდით, რომ "დილამ" "ზუგდიდს" 6:0 მოუგო და ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თავიდან მეტოქეს უკეთ გამოს
დიოდა თამაში. პირველ ტაიმში მოედნის ცენტრში ორი შეცდომა დავუშვით და გოლიც მივიღეთ, მაგრამ შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და ანგარიში გავათანაბრეთ.

მეორე ტაიმში კი გაცილებით აქტიურად ავთამაშდით. სამწუხაროდ, რეალური საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და ვფიქრობ, ფრე ლოგიკური ანგარიშია".


გია გეგუჩაძე:
"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და საკმაოდ აზრიანი ფეხბურთი აჩვენეს.

რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ საერთო ჯამში, გუნდი კარგად გამოიყურებოდა.

დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს საოცარი მხარდაჭერისთვის. ვისურვებდი ასეთ ქომაგობას სხვა შეხვედრებშიც".


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]
ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - ბეწვის ხიდზე [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 2:3 - გართულებული საქმე [VIDEO]
სიონი-დინამო (ბთ) 0:1 - ბათუმმა შტორმივით აიწყვიტა
მერანი-კოლხეთი 0:1 - მარტივით ფერმკრთალი

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით ეს იყო პროვოკაცია, ასეთ საქციელს ქვეყნის მტერიც ვერ ინატრებდა (დაუნიშნავ პენალს ვგულისხმობ), ვინც ეს მოიფრიქა მაინტერესებს, როგორ აზროვნებს და თუ ... საერთოდ
დათო
15:22 02-04-2013
0

სიახლეები პოპულარული