ჩიხურა-ზესტაფონი 1:0 - ბეწვის ხიდზე [VIDEO]

AutoSharing Option
რა სატურნირო მდგომარეობასა და როგორ სპორტულ ფორმაშიც უნდა იყოს, ჩემპიონი მაინც ჩემპიონია. ამიტომაც მასთან თამაშს ყველა დიდი მონდომებით და სიფრთხილით ეკიდება, მით უმეტეს, როცა მოწინააღმდეგეზე მეტი აქვს დასაკარგი.

ამან განაპირობა "ჩიხურას" თავდაცვითი ტაქტიკა, რაც, ამ მიზეზებს გარდა, ტრავმირებული კირკიტაძისა და დიღმელაშვილის დანაკლისითაც იყო განპირობებული.

უნდა ითქვას, რომ, თუმცა მასპინძელთა გუნდმა მთელი შეხვედრა, გარდა, პირველი სამი წუთისა, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაინც გაამართლა ფრუიძის ტაქტიკამ: მატჩის მესამე წუთზე ერთადერთი გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ეს კი ასე მოხდა: პირველივე წუთზე საჩხერელების ნაკუთხურალი მცველებმა
გამოიტანეს, მაგრამ საჯარიმო მოედნის გარეთ დაჯარიმდნენ.

კვასხვაძის დარტყმა "კედელმა" აისხლიტა და რთულ მდგომარეობაში მყოფ ოდიკაძეს მიუგორდა ბურთი.

"ჩიხურას" დაცვის (და არამარტო დაცვის) ბურჯი შესანიშნავად გაერკვა სიტუაციაში და "ცხრიანში" ჩაუხვია ოდნავ წინ გამოსულ ზესტაფონელთა გოლკიპერს.

VideoSportall.Ge
30.03.13. ჩიხურა - ზესტაფონი 1:0


Sportall.Geამის შემდეგ ტაიმის ბოლომდე სტუმრების კონტროლითა და კარნახით მიმდინარეობდა შეხვედრა, თუმცა ოდიკაძე, საჯაია, რეხვიაშვილი და, განსაკუთრებით, ჩიკვაიძე, რომელმაც გასაქანი არ მისცა აფციაურს და ყველა სხვასაც, იმდენად შეთანხმებულად და ზუსტად მოქმედებდნენ, რომ სომხიშვილს თითქმის არ დასჭირვებია საქმეში ჩარევა.

მეორე ტაიმის დასაწყისი კინაღამ პირველის ანალოგიური გამოდგა: ისევ ნაკუთხურალს იმდენად ძლიერად დაარტყა თავი კვასხვაძემ, რომ მცველებმა ძმას ძმის დაჩაგვრა უდიდესი თავგანწირვის ხარჯზე არ დაანებეს.

თამაშის უთავბოლო კონტროლს და ბურთის დიდოსტატურად გორებას კი ახერხებდნენ, მაგრამ ამის იქით სტუმრები ვერ მიდიოდნენ.

პირიქით, სახიფათო მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, თანაც ოთხჯერ (ოდიკაძე, გოცირიძე, ბოლქვაძე, დეკანოიძე).

და მაინც, გადაუარა გმინვის ტალღამ საჩხერელ მაყურებელს, როცა 84-ე წუთზე ზესტაფონელებმა სომხიშვილი აიძულეს, გამოსვლაზე შემცდარიყო და მცველებმა მოწინააღმდეგეს ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნის საშუალება არ მისცეს.

მსაჯის მიერ სამართლიანად მიცემული ოთხი გაფრთხილება (ოთხივე - მასპინძლებს) სულაც არ მიანიშნებს, რომ თამაში უხეში იყო.

ოთხივე "ყვითელი" მოედნის ცენტრთან ახლომახლო, ვაჟკაცურ ორთაბრძოლაშია ნაჩვენები, ოღონდ ეგ იყო, საჩხერელებმა ამ მომენტებში ოდნავ ზედმეტად იაქტიურეს.

ბოლოს ერთ სიახლეზეც: თამაშს სჯიდა ფიფას არბიტრი, სირიელი ბასლეჰლო, რომელმაც იმდენად კარგად გაართვა თავი მოვალეობას, რომ ერთი უბრალო კითხვაც არავისთვის დაუტოვებია და არც მაყურებლისგან ისმოდა საქართველოს სპორტულ მოედნებზე მავნე ტრადიციად დამკვიდრებული, ქართული მენტალიტეტისათვის შეუფერებელი ბილწსიტყვაობა.

Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა:
"თამაშს კი ვაკონტროლებთ, მაგრამ რად გინდა, პირველ სამ წუთში წავაგეთ შეხვედრა. იყო უიღბლობაც, თუმცა საჩხერელებმა დამსახურებულად მოიგეს".

სოსო ფრუიძე:
"ვიცოდით, რომ უძნელესი შეხვედრა გვექნებოდა. ამიტომაც უარი ვთქვით ლამაზ თამაშზე და ძირითადად, ყურადღება შედეგზე გადავიტანეთ. მადლობა ბიჭებს თავდადებისა და დავალებების შესრულებისათვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული