ბაჩანა არაბული: ყოველი დღე ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო

AutoSharing Option
ბაჩანა არაბულს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეტად შედეგიანი დებიუტი გამოუვიდა - გორის "დილას" 19 წლის თავდამსხმელმა "ზუგდიდთან" საშინაო მატჩში (6:0) დუბლი შეასრულა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ არაბული იმედისმომცემი ფორვარდი და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი იყო, მაგრამ მძიმე ტრავმამ დაახლოებით ორი წელიწადი დააკარგვინა.

"დილაში" გადასვლით მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო და იმედი გვაქვს, დაკარგულ დროს სრულად აინაზღაურებს.

დღეს არაბული "ლელოს" რესპონდენტია.

- ალბათ, ამაზე უკეთეს დებიუტს ვერც წარმოიდგენდი...
- მოედანზე 20 წუთი გავატარე და ორი გოლი გავიტანე, რაც ნებისმიერი თავდამსხმელისთვის
კარგი შედეგია. მოხარული ვარ, რომ ამას გორში, "დილას" გულშემატკივრების წინაშე მივაღწიე.

საკუთარი ემოციების აღწერა მიჭირს, ისეთი ბედნიერი ვარ. თუმცა ვცდილობ, მოვლენებს ცივი გონებით შევხედო. კარგად ვაცნობიერებ, რომ კონდიციების გასაუმჯობესებლად და "დილას" ძირითადში დასამკვიდრებლად დიდი შრომა დამჭირდება და ამისთვის მზად ვარ.

- "დილასთან" ადაპტაცია როგორ გაიარე?
- შესანიშნავად. ვერც წარმოვიდგენდი, ასე მალე და ადვილად თუ გავშინაურდებოდი. ყველამ თბილად მიმიღო, რაც ადაპტაციაში მნიშვნელოვნად დამეხმარა. თავს გუნდის სრულფასოვან წევრად ვგრძნობ.

- უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს როგორ ეგუები?
- რა თქმა უნდა, სხვადასხვაა უმაღლეს ლიგაში და ჭაბუკთა გუნდში, თუნდაც ასაკობრივ ნაკრებში თამაში. მოთხოვნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი ახალ დონეზე გადასასვლელად. ისედაც დიდი დრო დავკარგე და ვალდებული ვარ, ყოველი დღე ნაყოფიერად გამოვიყენო.

- ძველი ტრავმის განმეორების საშიშროება ხომ არ არსებობს?
- საბედნიეროდ, ამის შანსი ძალიან მცირეა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დატვირთვებს უპრობლემოდ ვუმკლავდები.

- ვალდას ივანაუსკასზე რას იტყვი?
- მაღალი დონის სპეციალისტია და ქართულ ფეხბურთსაც კარგად აუღო ალღო. "დილაში" ივანაუსკასს მკაცრი დისციპლინა აქვს დამყარებული, რაც წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ასეთ სიტუაციაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ჩემში დისციპლინისადმი სიყვარული ზის. კარგად მესმის, რომ ამის გარეშე პროგრესი არ მექნება.

- გქონდა კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების შანსიც...
- დიახ, მაგრამ ახლა "დილას" ფორმა მაცვია და ამით კმაყოფილი ვარ. "დილა" ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბია, საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის და აქ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ეს ჩემს კარიერაში აუცილებლად გასავლელი ეტაპია, ევროპაში წასვლის დრო კი აუცილებლად მოვა.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი გელის...
- რთული ჯგუფი გვაქვს, მაგრამ წარმატებისთვის თავს არ დავზოგავთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]
ბაჩანა არაბული: ჯერ გორის "დილა", მერე "ფრანკფურტი"?
ბაჩანა არაბულმა ვარჯიში დაიწყო, ტრავმა და "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი უკან დარჩა...
ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული