გიორგი ყიფიანი: იმედია, ჩვენი კურსი გაამართლებს

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" უმაღლესი ლიგის საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა, თუმცა ევროსაგზურისთვის საქართველოს თასის გათამაშებაზე იბრძვის.

ამას გარდა, "მეტალურგი" წარმატებით ასპარეზობს ქვედა ექვსეულში.

გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიფიანს "მეტალურგში" არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

- საუბარი "ვიტ ჯორჯიასთან" მოგებული მატჩით დავიწყოთ...
- "ვიტ ჯორჯიასთან" ყოველთვის რთულ შეხვედრებს ვატარებთ და გამონაკლისი არც ეს ტური ყოფილა. ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და სამი ქულა მოიპოვეს.

- რამდენად ახერხებენ თქვენი ფეხბურთელები ქვედა ექვსეულის
მატჩებისთვის სათანადოდ განწყობას?

- იმისდა მიუხედავად, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა დაბევებული გვაქვს, თითოეულ შეხვედრას სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ამ სეზონში დარჩენილ პერიოდს სამომავლოდ უფრო ძლიერი გუნდისთვის გამოვიყენებთ.

შევეცდებით, ამ თვეების განმავლობაში საკუთარი ხელწერა შევქმნათ და მომავალ წარმატებებს მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ. ამავდროულად, შევეცდებით, ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვოთ, რისთვისაც თასზე წარმატებული ასპარეზობაა საჭირო.

- თასის მოპოვება რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- თასზე გამარჯვების შანსი ყველა მეოთხედფინალისტს აქვს, ჯერ კი მხოლოდ ცხინვალის "სპარტაკის" ბარიერის დაძლევაზე ვფიქრობთ.

- კლუბის ბიუჯეტი თუ იძლევა ამბიციური გეგმების განხორციელების საშუალებას?
- ყველაფერი შედარებითია და ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ ჩვენს კონკურენტებს. არსებობს წარმატების ორი გზა - ეტაპობრივად ჩამოაყალიბო ძლიერი გუნდი არავარსკვლავური შემადგენლობით და მიაღწიო მომენტალურ წარმატებებს ძვირად ღირებული ახალწვეულებით. ჩვენ პირველ გზას ვირჩევთ და იმედი გვაქვს, რომ ეს კურსი გაამართლებს.

- კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ ნდობას გრძნობთ?
- "მეტალურგთან" ახალი კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან სამომავლო გეგმებზე უკვე ვისაუბრე და შემიძლია ვთქვა, რომ აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- გუნდის ოპტიმალური შემადგენლობა უკვე გამოიკვეთა?
- არა, რადგან ტრავმების გამო ბევრი ფეხბურთელი ვერ გვეხმარება - გეწაძე, კორღალიძე, ჯაფარიძე, მიქაბერიძე, ცნობილაძე... ამას გარდა, დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა ზურაბ მენთეშაშვილი. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და დისციპლინაც სათანადო დონეზე დგას.

- როგორც მწვრთნელს, რა შეგძინათ "მეტალურგში" გატარებულმა პერიოდმა?
- არც ერთმა მწვრთნელმა არ უნდა თქვას, რომ ყველაფერი იცის. სწავლა და განვითარება შეუქცევადი პროცესია და საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას გულისხმობს. მოხარული ვარ, რომ "მეტალურგში" ჩემი იდეების განხორციელების საშუალება მაქვს.

ვისურვებდი, რომ ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ყველა ადამიანმა - მწვრთნელმა, ფეხბურთელმა, ჩინოვნიკმა თუ ჟურნალისტმა უფრო მეტი გააკეთოს ჩვენი ფეხბურთის წინსვლისთვის. უსაფუძლო ამბიციების გვერდზე გადადება და საქმის კეთებაა საჭირო. ქართულ ფეხბურთს ბევრი პრობლემა აქვს, უპირველესად კი, ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს.

- საქართველოს ჩემპიონატის ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?
- "დინამო" "დილას" ერთი ქულით უსწრებს, მაგრამ მათი ურთიერთშეხვედრა გორში გაიმართება, რის გამოც, ვფიქრობ, საჩემპიონო შანსები 50/50-ზეა. სხვა გუნდები საჩემპიონო რბოლას უკვე ჩამოსცილდნენ.

- ჩემპიონატის ამჟამინდელ ფორმატზე რას ფიქრობთ?
- ექვსეულებად დაყოფა არასწორად მიმაჩნია. არც ქულების განახევრება თუ გაუქმებაა ჩემთვის მისაღები. სჯობს, ჩემპიონატი არ გავართულოთ და უფრო ბრძოლისუნარიან გარემოში ჩავატაროთ.

ძალიან ცუდია, რომ ზეექვსეულის ქვედა ნაწილის ბინადრებს და ქვედა ექვსეულის ლიდერებს სატურნირო მოტივაცია აღარ აქვთ, მეშვიდეადგილოსან "მეტალურგს" კი ამასობაში მეექვსეადგილოსანზე მეტი ქულა მოუგროვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 2:3 - გართულებული საქმე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული